Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლი გადმოვიდა


იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

მაცხოვრის საფლავთან შეკრებილი მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დღეს დილიდან ელოდებოდნენ.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე აღდგომის ტაძარში თბილისის დროით, დაახლოებით, 15.00 საათზე შევიდა. საგანგებოდ შემოწმებულ და დაბეჭდილ საფლავში პატრიარქი ლიტანიობის შემდეგ შევიდა. მანამდე პატრიარქი განიძარცვა საპატრიარქო სამოსისაგან და მხოლოდ სტიქარით დარჩა. სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა და ისრაელის პოლიციამ პატრიარქი გაჩხირეკს. ცეცხლი საფლავიდან ზუსტად 15.05 საათზე პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა და ტაძარში შეკრებილმა მორწმუნეებმა ცეცხლი ერთმანეთს გადასცეს.

მართლმადიდებელი არაბები, როგორც ყოველთვის, ყიჟინითა და დოლების ცემით პატრიარქამდე მივიდნენ ტაძარში.

მორწმუნეები ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები დღესვე, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ საქართველოში. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
XS
SM
MD
LG