Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენინსპექცია სკოლების შემოწმებას იწყებს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციის საქმიანობის შემოწმებას შეუდგება, სადაც საატესტატო გამოცდების შედეგად დაბალი აკადემიური მოსწრება გამოვლინდა. რამდენიმე ათეული სკოლის სამეურვეო საბჭოებს, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაციისა და დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დაევალათ.
სამწუხაროდ, საატესტატო გამოცდების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ათეული სკოლა, რომლებმაც აჩვენეს დაბალი აკადემიური მოსწრება...

დაბალი აკადემიური მოსწრება - ასეთია 190-ე, მე-7, 37-ე, 108-ე და კიდევ რამდენიმე ათეული სკოლის შეფასება წლევანდელი საატესტატო გამოცდების შემდეგ. მიზეზების დადგენას ზაფხულის განმავლობაში გენერალური ინსპექცია ითავებს. განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდებს, მთლიანობაში, წარმატებულად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ რჩება სკოლები, რომლებშიც სწავლება სათანადო დონეზე არ იყო უზრუნველყოფილი. შემოწმების მიზეზიც ეს არის:

”სამწუხაროდ, საატესტატო გამოცდების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ათეული სკოლა, მათ შორის, 190-ე, მე-7, 37-ე და 108-ე საჯარო სკოლები, რომლებმაც აჩვენეს დაბალი აკადემიური მოსწრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლება შესაბამის დონეზე არ იყო უზრუნველყოფილი. დარღვეულია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი - პასუხისმგებლობა და სტრუქტურა, რომელიც სკოლის დირექტორს სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვას ავალდებულებს. ასევე დარღვეულია მოსწავლეთათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - მიიღონ სრულყოფილი საშუალო განათლება. შესაბამისად, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, გენერალური ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლას იწყებს, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მაჩვენებელი აჩვენეს”, - განაცხადა 21 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა.

გენინსპექცია პარალელურ რეჟიმში გააკონტროლებს, შეასრულებენ თუ არა სამეურვეო საბჭოები მინისტრის ბრძანებას და თავადაც ჩახედავს ადმინისტრაციების საქმიანობას, განგვიმარტა განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ.

დაბალი აკადემიური მოსწრების ნიშნით გამორჩეულ სკოლებს შორისაა მე-7 საჯარო სკოლაც. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სკოლის დირექტორს, გიორგი ედილაშვილს. ის ჯერჯერობით მოსალოდნელი შემოწმების დეტალებსა და სავარაუდო შედეგებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მისი სკოლა ე.წ. ჩამორჩენილი სკოლების სიაშია:

”მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენმა სკოლამ გამოცდებზე განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი აჩვენა. როგორც სხვა სკოლებში, ჩვენთანაც ისეთი სურათი იყო.”

ცნობისათვის: მე-7 სკოლაში დღეს ასწავლის მხოლოდ ერთი სერტიფიცირებული პედაგოგი, განსხვავებით სიაში მყოფი 37-ე ან 190-ე სკოლებისგან, რომლებსაც არც ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი არ ჰყავთ. სულ კი საქართველოში 1 500-მდე სერტიფიცრებული პედაგოგია.
სანამ გენერალურ ინსპექციამდე მივიდოდა საქმე, უმჯობესი იქნებოდა სხვა სტრატეგია აერჩიათ, მაგალითად, უფრო კარგად შეესწავლათ რატომ აქვს ამ სკოლებს ეს პრობლემა...

განათლების სპეციალისტები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ საატესტატო გამოცდებმა პრაქტიკულად სკოლებში არსებული განათლების დონე გამოავლინა. ეს გამოცდები მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ შეცვლილიყო აქამდე დამკვიდრებული - მხოლოდ რამდენიმე საგანში მომზადების - პრაქტიკა, როდესაც მოსწავლეები სკოლაში თითქმის არ დადიოდნენ. ტესტირების მეთოდით აფასებენ სკოლების განათლების დონეს, მაგალითად, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, გვიხსნის განათლების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნათია ანდღულაძე. ასეთი სკოლებისთვის იქ, როგორც წესი, განვითარების გეგმა დგება:

”ტესტირების შემდეგ სკოლას უკვე აქვს მიზანი, რომ მისი შედეგები რაღაც გარკვეული ქულებით უნდა გაუმჯობესდეს სწორედ იმიტომ, რომ არ ერქვას ე.წ. ჩამორჩენილი სკოლა. ჩვენთან კი რეალურად სახელმწიფო იღებს მაკონტროლებლის და დამსჯელი მექანიზმის როლს. მანამ, სანამ გენერალურ ინსპექციამდე მივიდოდა საქმე, უმჯობესი იქნებოდა სხვა სტრატეგია აერჩიათ, მაგალითად, უფრო კარგად შეესწავლათ რატომ აქვს ამ სკოლებს ეს პრობლემა. ჩემი აზრით, ცალკე პროგრამა უნდა გაკეთებულიყო, რომელიც ასეთ სკოლებში სიძნელეების დასაძლევად იქნებოდა მიმართული.”

ნათია ანდღულაძე ასახელებს იმ ფაქტორებს, რომელთა გამოც სკოლებს საქართველოში შესაძლოა ჰქონდეთ დაბალი მაჩვენებელი, რაც ადმინისტრაციის ცვლილებამ შესაძლოა სულაც ვერ გამოასწოროს:
ნათია ანდღულაძე

”მაგალითად, ზოგიერთ სკოლას საქართველოში აქვს უფრო დაბალი დაფინანსება, ვიდრე სხვა სკოლებს.ზოგ სკოლას მდებარეობის გამო ჰყავს ბავშვების ისეთი კონტინგენტი, რომელთა მშობლებსაც აქვთ რთული ეკონომიკური პრობლემები და არა აქვთ დრო და საშუალება, რომ ბავშვებს საკმარისი ყურადღება დაუთმონ და ეს ბავშვზე, ცხადია, მოქმედებს. ამას ემატება სკოლებში ადმინისტრაციის ძალიან ხშირი ცვლა, რაც ასევე დამახასიათებელია საქართველოსათვის, ეს სკოლის განვითარებაზეც ცუდად მოქმედებს და ბავშვების მოსწრებაზეც აისახება.”

ისიც უნდა ვთქვათ, რომ გამოცდებში მონაწილე დამკვირვებლების შეფასებით, ტესტები საკმაოდ ადვილი იყო, ხოლო შეფასება, რომელიც მოსწავლეთა უმრავლესობამ მიიღო, არ აღემატებოდა 7 ქულას, რაც საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა და დაახლოებით სამიანს უტოლდება.

განათლების სამინისტროს მონაცემებით კი, 1 520 საჯარო და კერძო სკოლაში საკუთარი ცოდნა სულ 50 000-მდე მოსწავლემ გამოსცადა და მათგან მხოლოდ 5%-მა აჩვენა საუკეთესო მაჩვენებელი. 6 000 მოსწავლე ჩაიჭრა, დადგენილ ზღვარზე მაღალი შეფასება კი 30%-მა მიიღო.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG