Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა სადაოდქცეული საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა


საქართველოს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღო სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობას აძლევს. პარლამენტმა სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილება პირველი მოსმენით ერთი კვირის წინ მიიღო, თუმცა წინააღმდეგობა შეიქმნა მეორე მოსმენის წინ, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საგანგებოდ გავრცელებული განცხადებით, კანონის მიღების პროცედურის შეჩერება მოითხოვა. თუმცა, საპატრიარქოს წინადადებები არ გაითვალიწინა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ, რომლის შეთავაზებები, თავის მხრივ, მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიისათვის. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თამჯდომარე პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე "სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების პროექტის" მესამე მოსმენით დამტკიცებამდე განაცხადა. პავლე კუბლაშვილი დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა და აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებდა. როგორ ახალი ამბებსი სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, საპატრიარქო ითხოვდა მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო იმ რელიგიების ჩამონათვალი, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდნენ, თუმცა, კუბლაშვილს ეს მიდგომა დისკრიმინაციულად მიაჩნია და ამაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა დღეს ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა, არც ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრას ოპოზიცია არ ეწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
XS
SM
MD
LG