Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„27 წლისანი“: როკ-ენ-როლის იდუმალი მითი


ერიკ სიგელსტადისა და ჯოშ ჰანტერის წიგნის გარეკანი
ერიკ სიგელსტადისა და ჯოშ ჰანტერის წიგნის გარეკანი

23 ივლისს მუსიკალურმა სამყარომ ინგლისელი მომღერალი ქალის, ემი უაინჰაუსის სიკვდილი შეიტყო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მუსიკის კრიტიკოსებიც და მოყვარულებიც ქებას და თბილ სიტყვებს არ იშურებენ სოულისა და რითმ-ენდ-ბლუზის ამ მიმდევრის მიმართ. იმის მიუხედავად, რომ სიცოცხლეში უაინჰაუსი ხშირად კრიტიკულ შენიშვნებს აღძრავდა ერთგვარად თავზეხელაღებული ცხოვრების წესის, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო, მისი სიკვდილის შემდეგ ყველა თანხმდება - ის თანამედროვე პოპულარული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, არაორდინარული და ნიჭიერი წარმომადგენელი იყო.

ემი უაინჰაუსი 2007 წლის ნოემბერში, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამოსვლისას
ემი უაინჰაუსი 2007 წლის ნოემბერში, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამოსვლისას

უაინჰაუსის სიკვდილმა მედია და მუსიკალური სამყარო ერთ სხვა, საკმაოდ იდუმალ თემაზეც აალაპარაკა. საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისელი მუსიკოსი 27 წლის იყო, რამაც უაინჰაუსი თანამედროვე პოპულარული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ლეგენდის ნაწილად აქცია - ლეგენდისა 27 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსების შესახებ. ჯიმი ჰენდრიქსი, ჯიმ მორისონი, ჯენის ჯოპლინი, კურტ კობეინი, ბლუზის ერთ-ერთი პიონერი, რობერტ ჯონსონი, „როლინგ სტოუნზის“ წევრი ბრაიან ჯონსი და კიდევ ბევრი სხვა მუსიკოსი სწორედ ამ ასაკში გამოესალმნენ სიცოცხლეს.

ზოგადად, როკ-ვარსკვლავის ახალგაზრდა ასაკში სიკვდილი ერთგვარი კლიშეა. „იმედი მაქვს, დაბერებამდე მოვკვდებიო“ - მღეროდა ბრიტანული როკ-ჯგუფი, The Who ჯერ კიდევ 1965 წელს.

„ხალხს - გააზრებულად თუ გაუაზრებლად - სურს თავისი ბლუზის მომღერლები სასოწარკვეთაში იხილოსო“ - ამბობდა ჯენის ჯოპლინი. იმის მიუხედავად, რომ ბევრმა როკერმა - მიკ ჯაგერმა, კით რიჩარდსმა, იგი პოპმა, ლუ რიდმა, რობერტ პლანტმა და სხვებმა და სხვებმა - 27 წელიც გადალახა და, წარსულში თავზეხელაღებული ​ცხოვრების სტილის მიუხედავად, თავს ახლაც კარგად გრძნობს, თანამედროვე პოპულარული მუსიკოსის ახალგაზრდა ასაკში სიკვდილი ჩვეულებრივი ამბავია, ეს არავის აკვირვებს. როკ-ვარსკვლავი თვითდესტრუქციულია, მოიხმარს ნარკოტიკებს, ალკოჰოლს და ბოლოს ამ ექსტრავაგანტული ცხოვრების წესის მსხვერპლი ხდება - გვეუბნება სტერეოტიპი.

ჯენის ჯოპლინი
ჯენის ჯოპლინი

მაგრამ ეს დამთხვევა - 27 წლის ასაკში სიკვდილი - მაინც ბევრ შეკითხვას აღძრავს. ცხადია, მუსიკოსები - და, ზოგადად, ადამიანები - ყველა ასაკში კვდებიან; მაგრამ, ამ საკითხის მცოდნეებს თუ დავუჯერებთ, ყველაზე მეტი ცნობილი მუსიკოსი სწორედ 27 წლის ასაკშია გარდაცვლილი. ეს თავად მუსიკოსებმაც იციან. „ახლა ამ სულელურ კლუბს ისიც შეუერთდა. არადა, ხომ ვეუბნებოდი, ამ სულელური კლუბის წევრი ნუ გახდები-მეთქი“ - თქვა კურტ კობეინის სიკვდილის შემდეგ დედამისმა, უენდი ო’კონორმა. როგორც ამ დღეებში მედია წერს, სამიოდე წლის წინ ამ თემაზე თავად ემი უაინჰაუსსაც ულაპარაკია - უთქვამს, 27 წლის მოახლოების მეშინიაო.

მაინც რით აიხსნება ეს დამთხვევა? რა გამოარჩევს ამ ასაკს - 27 წელს? ამ და ბევრ სხვა საკითხზე ვესაუბრებით როკმუსიკის ისტორიკოსებს - ერიკ სიგელსტადს და ჯოშ ჰანტერს - რომლებმაც 27 წლის ასაკში გარდაცვლილ მუსიკოსებზე დაწერეს წიგნი: „27 წლისანი: როკენროლის ყველაზე მძლავრი მითი“.

წიგნი - რომელსაც კრიტიკოსებიც და მკითხველებიც თითქმის ერთსულოვანი აღტაცებით ეხმაურებიან - 34 მუსიკოსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ამ ისტორიების ერთობლიობით კი იხატება ამერიკის, მისი მუსიკალური ინდუსტრიის სხვადასხვა ათწლეულის ატმოსფეროს სურათი. წიგნის გამორჩეულობას განაპირობებს მისი ორიგინალური დიზაინიც - ტექსტში ფოტოსურათების ნაცვლად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჯოშ ჰანტერის მიერ შექმნილი პორტრეტები და ილუსტრაციები.

კლიშე - „სექსი, ნარკოტიკები და როკენროლი“ – ამ ჯგუფში შემავალი ძალიან ბევრი მუსიკოსის ცხოვრებას მართლაც ესადაგება. თუმცა, წიგნის მეშვეობით შევიტყობთ იმ ადამიანთა ისტორიებსაც, ვისთვისაც „ვარსკვლავური“ ცხოვრების წესი და თვითდესტრუქციის ვნება არ გამხდარა 27 წლის ასაკში სიკვდილის მიზეზი. არაერთი მუსიკოსი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას. ზოგი - მაგალითად, ჯგუფ „ბედფინგერის“ წევრი, პიტ ჰემი - წამგებიანმა ბიზნესგარიგებებმა მიიყვანა თვითმკვლელობის ზღვარზე.

ერიკ სიგელსტადს და ჯოშ ჰანტერს კალიფორნიაში, სან-დიეგოს მახლობლად მდებარე დასახლებაში დავუკავშირდით და ინტერვიუს დასაწყისში ვკითხეთ, ემი უაინჰაუსის სიკვდილის შემდეგ ხომ არ აპირებენ წიგნის განახლებული ვერსიის გამოშვებას?

კურტ კობეინი
კურტ კობეინი

ერიკ სიგელსტადი: ეს თემა, ცხადია, არასოდეს გაყენებს კარგ გუნებაზე. წიგნი იმ მიზნით დავწერეთ, რომ როკენროლის ისტორიაში ბევრი ადამიანის ცხოვრება წარმოგვეჩინა - მათი, ვინც, შესაძლოა, ჰენდრიქსის და მორისონის მსგავსად ცნობილები არ იყვნენ, მაგრამ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი მუსიკის განვითარებაში. ემი უაინჰაუსის სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა, მთელი გულით ვისურვებდი, ეს არ მომხდარიყო. წიგნს რაც შეეხება - გამომცემლობები, ჟურნალისტები და მკითხველები უკვე გვეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა განახლებული ვერსიის გამოცემას. ჯერ ზუსტად არ ვიცით, გავაკეთებთ ამას თუ არა. თუმცა, ფიქრი იმაზე, რა გზით შეიძლება ემი უაინჰაუსის ცხოვრებასაც მივაგოთ პატივი, უკვე დავიწყეთ.

სალომე ასათიანი: ამ თემაზე მუშაობისას, ალბათ, იოლი არ იქნებოდა ერთგვარი ირაციონალობისგან თუ მისტიციზმისგან გამიჯვნა. მით უფრო, რომ ბევრი ასეთი თეორია არსებობს. ხალხი, ვინც ეზოტერული საკითხებით ან ასტროლოგიით არის გატაცებული, 27 წლის ასაკში ამდენი მუსიკოსის გარდაცვალებას „კარმული კარიბჭის“ ვერგავლით თუ „სატურნის დაბრუნებით“ ხსნის - პროცესებით, რომლებიც, მათი თქმით, ადამიანის ცხოვრებაში სწორედ ამ ასაკში ხდება. საუბრობენ გარკვეული „წყევლის“ შესახებაც. თქვენს წიგნს კი, როგორც კრიტიკოსები, ისე მკითხველები, უწინარესად სწორედ ამგვარი პოპ-მისტიციზმისგან გამიჯვნისთვის აქებენ. რამდენად რთული იყო რაციონალობის შენარჩუნება ისეთ უცნაურ და - მოდით, ვაღიაროთ - იდუმალ დამთხვევაზე წერისას, როგორიც ამდენი მუსიკოსის სწორედ 27 წლის ასაკში გარდაცვალებაა?

ერიკ სიგელსტადი: ძალიან კარგი შეკითხვაა! ჩვენთვის ეს პრობლემა პრინციპში არც არსებობდა, რადგან ჯერ კიდევ კვლევის, შემდეგ კი უშუალოდ წერის პროცესში მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებდა - გვინდოდა, გარკვეულწილად, მოგვეშალა ბარიერები ჩვენს მკითხველებსა და ამ მუსიკოსებს შორის. ჩვენი სურვილი იყო მკითხველი მაქსიმალურად დაგვეახლოვებინა მუსიკოსებთან, როგორც ინდივიდებთან. თუმცა, ბუნებრივია, წიგნში გვერდი ვერ ავუარეთ ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, ამ რიცხვის - 27-ის - ირგვლივ არსებულ მნიშვნელობებს. ყოველივე ამას ვეხებით, მაგრამ წიგნში ვერ ნახავთ სწორხაზოვან მეტაფიზიკურ ახსნებსა და პასუხებს. მკითხველი წიგნში შეხვდება ბევრ ინფორმაციას თუ მრავალფეროვან ინტერპრეტაციებს, და თავად გადაწყვეტს, რა არის მნიშვნელოვანი.

სალომე ასათიანი: და მაინც, პირდაპირ რომ ვიკითხოთ - რა რაციონალური ახსნა აქვს ამ დამთხვევას? რა გამოარჩევს ამ წლოვანებას - 27 წელს? ის, რომ ამ ასაკში ადამიანი ახალგაზრდობიდან მოწიფულობაში იწყებს გადასვლას? თუ, იქნებ პრობლემა მომთხოვნ საზოგადოებაში და მზარდ მოლოდინებშია - რაც აძლიერებს სტრესს, რომელსაც მუსიკოსები, უბრალოდ, ვეღარ უძლებენ? ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ სხვა საკითხსაც გამოყოფთ - საკუთარი თავის ამოწურვის პრობლემას, რაც, თქვენი აზრით, მაგალითად, ჯიმი ჰენდრიქსს შეექმნა. 27 წლის ასაკში მან უკვე წარმოუდგენელს მიაღწია - ნამდვილი რევოლუცია მოახდინა გიტარაზე დაკვრის ხელოვნებაში, ამ ინსტრუმენტის ჟღერადობაში. შესაბამისად, მუსიკალური, შემოქმედებითი თვალსაზრისით განვითარებისთვის მას, თითქოს, სივრცე აღარ რჩებოდა...

ერიკ სიგელსტადი: ამ შეკითხვის მარტივი პასუხი იქნება ამ წლოვანებასთან - 27 წელთან - დაკავშირებული ზოგადი თავისებურებები. ზეწოლა და მოთხოვნა იზრდება, მათი სხეულები კი აღარ არის ისეთი ახალგაზრდა და გამძლე, როგორიც ცოტა ხნის წინ იყო. ბევრ შემთხვევაში - თუმცა, არა ყველაში - საქმე გვაქვს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ისტორიასთან. ამ ასაკში ორგანიზმს უკვე უჭირს იმ დოზების გაძლება, რომელსაც, შესაძლოა, უწინ უძლებდა. მოკლედ, რაციონალური ახსნისთვის ნამდვილად შეიძლება გარკვეული არგუმენტების მოყვანა. მაგრამ საკითხი, რომელიც მაინც იდუმალი და ამოუხსნელი რჩება, იმ ჯიუტ ფაქტს უკავშირდება, რომ ბევრად მეტი ცნობილი მუსიკოსია გარდაცვლილი 27 წლისა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ასაკში. რატომ არის ასე? რატომ 27 და არა, ვთქვათ, 26 ან 28? აი, ამის რაციონალური ახსნა მართლა რთულია. და წიგნში სწორედ ამიტომ მოვიხმეთ რიცხვების მნიშვნელობისა და ძალის ამხსნელი კონცეფციები და ასტროლოგიის ასპექტები.

ჯოშ ჰანტერი: ამ ვარსკვლავებს ჩვენ ვთხოვთ, სცენაზე გავიდნენ და გვიმღერონ. მათგან ჩვენ მოვითხოვთ ისეთი შეგრძნებები თუ განცდები იგრძნონ და გადმოსცენ, რომელთა განცდას თავად ვერ ვბედავთ. წიგნზე მუშაობის პროცესში ჩემთვის აშკარა გახდა ის იზოლაცია და მარტოობა, რომელსაც ამ მუსიკოსების დიდი ნაწილი სცენიდან გასვლის შემდეგ განიცდიდა. მათი არ ესმოდათ, არავის ესმოდა, რას გრძნობდნენ ისინი. ამ მუსიკოსების დიდი ნაწილი ხომ მანამდე არნახულ, წარმოუდგენელ მუსიკას ქმნიდა. ჰოდა, აბა დაფიქრდით, ვის შეეძლო ის ვიბრაციები და ენერგია შეეგრძნო და გაეზიარებინა, რომელსაც, ალბათ, ჯიმი ჰენდრიქსი გრძნობდა? შესაძლოა, სწორედ ამ იზოლაციის გამო, ამ ასაკში ბევრ მათგანს ცვლილებების მოხდენის სურვილი უჩნდება. კურტ კობეინს კორტნი ლავისგან განქორწინება სურდა. ჯიმი ჰენდრიქსი ჟღერადობის შეცვლაზე ფიქრობდა - აპირებდა, თავისი ცნობილი ელექტროგიტარა აკუსტიკური გიტარით შეეცვალა. ამას ემატება საკუთრივ ასაკობრივი ფაქტორები - საზოგადოებისა და კულტურის ის მოთხოვნები, რომლებსაც ინდივიდი 27, 28 წლის ასაკში მკაფიოდ შეიგრნობს. სწორედ ამ ასაკში მოეთხოვება ადამიანს, გაიზარდოს და ზრდასრული გახდეს. ალბათ, ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა იყო ის, რასაც მათ ვერ გაუძლეს. მათი სიკვდილის უშუალო მიზეზი, შესაძლოა, ეს არ ყოფილიყო, მაგრამ მწვავე პრობლემები მათ ნამდვილად შეექმნათ.

ერიკ სიგელსტადი: სხვათა შორის, წიგნში კიდევ ერთ იდუმალ ამბავს განვიხილავთ კლასიკური მუსიკის ისტორიიდან - კომპოზიტორების შიშს, რომ რიგით მეცხრე სიმფონია მათთვის ბოლო იქნებოდა. ეს შიში ბეთჰოვენს უკავშირდება. მის შემდეგ, 250 წლის განმავლობაში უამრავ დიდ კომპოზიტორს ჰქონდა მეცხრე სიმფონიის დასრულების შიში. ბევრი დაიხოცა კიდეც იდუმალ ვითარებაში - იმ დროს, როცა მეცხრე სიმფონიას იწყებდა, ან ამთავრებდა. ნუმეროლოგიაში 3-ს, 9-ს და 27-ს პირდაპირი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. წიგნში ამის შესახებ ბევრს წაიკითხავთ.

ჯიმი ჰენდრიქსი ვუდსტოკის ფესტივალზე, 1969 წელი
ჯიმი ჰენდრიქსი ვუდსტოკის ფესტივალზე, 1969 წელი

​სალომე ასათიანი: როკმუსიკოსებზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი მათი „მსხვერპლად“ წარმოჩენაა - საკუთარი წარმატების, პოპულარობის, თავზეხელაღებულობის, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მსხვერპლად. ამ ტენდენციამ კიდევ ერთხელ აშკარად იჩინა თავი ახლა, ემი უაინჰაუსის გარდაცვალების შემდეგ. იგივე სურათი იყო ჯენის ჯოპლინის სიკვდილის მერეც. მაგრამ მუსიკის კრიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ეს ძალიან სწორხაზოვანი მიდგომაა. განსაკუთრებით ისეთ არაორდინარულ ქალებთან მიმართებით, რომლებმაც შესძლეს თავის დამკვიდრება როკმუსიკის მამაკაცურ სამყაროში. საუბარია სიცოცხლით სავსე, დამოუკიდებელ, დაუმორჩილებელ, ნონკონფორმისტ, ძლიერ და ექსტრავაგანტულ ქალებზე - დიდწილად ბედნიერ ქალებზე - და არა სწორხაზოვან, სუსტ „მსხვერპლზე“, როგორადაც მათ სიკვდილის შემდეგ შერაცხავენ ხოლმე. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? და თუ ეთანხმებით, თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?

ერიკ სიგელსტადი: ჩვენს კულტურაში უკვე საუკუნეებია არსებობს ერთგვარი მონუსხულობა ახალგაზრდა ასაკში სიკვდილით - ტრაგედიისა და მშვენიერების შერწყმით. ანტიკურ საბერძნეთში, ალბათ, სწორედ ამ მონუსხულობამ წარმოშვა თეატრი, როგორც ხელოვნების ფორმა. ჯენის ჯოპლინი, ემი უაინჰაუსი - ისევე, როგორც ანსამბლ „ჰოულის“ წევრი, კრისტინ პფაფი და მია ზაპატა - ქალები, რომლებიც ამ ჯგუფში, 27 წლის ასაკში გარდაცვლილ მუსიკოსებში შედიან, მართლაც ძალიან ძლიერი, ლამაზი ქალები იყვნენ. და აბსოლუტურად გეთანხმებით - ისინი დადებით, პოზიტიურ მუხტსაც ატარებდნენ და ულამაზესი შემოქმედებაც დაგვიტოვეს. მათი სიკვდილის შემდეგ კი მართლაც იწყება მითოლოგიზაცია, რაც, ეტყობა, მართლაც ზღუდავს მთელი მათი კომპლექსურობის აღქმას.

სალომე ასათიანი: რაკი ამ საკითხს შეეხეთ, ერთ ზოგად შეკითხვასაც დაგისვამთ სიკვდილისა და მშვენიერების გადაკვეთის და ამით მონუსხულობის შესახებ. „გარედან“ - აღმოსავლური პერსპექტივიდან - დასავლურ კულტურას სიკვდილთან პრობლემური დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ ხოლმე. კერძოდ, წერენ, რომ დასავლეთში ადამიანს თავი ისე მოაქვს, თითქოს სიკვდილი არ არსებობდეს. სიკვდილზე თითქმის არასოდეს ვლაპარაკობთ და ყოველთვის სიცოცხლეს ვებღაუჭებით - მაშინაც კი, როცა ვართ ადამიანთან, რომელიც ვიცით, რომ კვდება. აღმოსავლეთში - განსაკუთრებით ბუდისტურ ტრადიციაში - კი, პირიქით, ცდილობენ, იფიქრონ სიკვდილზე და მას მაქსიმალურად მშვიდად გაუსწორონ თვალი. როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდა ასაკში სიკვდილით ეს მონუსხულობა ხომ არ უკავშირდება გარდაცვალების შესახებ ამ ზოგად შიშს, თუ სიკვდილის უარყოფის ვნებას? სიკვდილს, როგორც ასეთს, თვალს ვერ ვუსწორებთ - მაგრამ ახალგაზრდა და ლამაზი ადამიანების სიკვდილის ისტორიები გვნუსხავს, რადგან ისინი, თავიანთი სილამაზის გამო, ამ შიშისგან წამიერად მაინც გვათავისუფლებს?

ერიკ სიგელსტადი: ეს მართლა საინტერესო საკითხია. ადრეულ ასაკში გარდაცვლილებმა გარკვეული თვალსაზრისით „გაგვასწრეს“. ჩვენ კი აქ დავრჩით და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ, როგორები იქნებოდნენ ისინი, რომ არ მომკვდარიყვნენ. რა ჟღერადობა ექნებოდა ჯიმი ჰენდრიქსს, მას ისევე იოლად რომ განეცადა ადაპტაცია მუსიკის სხვადასხვა ფორმასთან, როგორც, მაგალითად, ეს მაილს დევისმა შეძლო? საერთოდ, შეძლებდა კი ის ცვლილების განხორციელებას? თუმცა, ვიცით ისიც, რომ ხელოვანები ყველაზე შემოქმედებით, ყველაზე ნაყოფიერ და საინტერესო ფაზაში, როგორც წესი, ახალგაზრდა ასაკში არიან ხოლმე. ყველა ეს ფაქტორი თავის წილ როლს თამაშობს იმაში, რომ მუსიკოსების ახალგაზრდა ასაკში სიკვდილის ასეთ რომანტიზაციას ვახდენთ.

სალომე ასათიანი: ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც თქვენს წიგნს ასე გამორჩეულს და საინტერესოს ხდის, ჯოშ ჰანტერის მიერ შექმნილი ორიგინალური ილუსტრაციებია. რამდენად რთული იყო ერთიანი კონცეფციის შემუშავება ამ ილუსტრაციებზე მუშაობისას? წიგნი ხომ ბევრ ათწლეულს თუ მუსიკალურ მიმდინარეობას მოიცავს - ყველა მათგანს კი თავისი სპეციფიკური, გამორჩეული სტილი და ატმოსფერო აქვს.

ჯოშ ჰანტერი: დიახ, ეს მართლაც წარმოადგენდა გარკვეულ სირთულეს. თუმცა, მეორე მხრივ, ამოცანა თავიდანვე ნათელი იყო: გვინდოდა, ჩვენი მიდგომა როკის ისტორიაზე მანამდე არსებული ყველა სხვა წიგნისგან გამორჩეული ყოფილიყო. წიგნი მხოლოდ ორიგინალურ ილუსტრაციებს შეიცავს. არადა, როგორც წესი, როკის შესახებ წიგნებს ძველ ფოტოებს ურთავენ ხოლმე, მაგალითად, ჯიმი ჰენდრიქსის ან ჯენის ჯოპლინის შავ-თეთრ ფოტოებს, რაც ჩემში აჩრდილების ასოციაციებს ბადებს. მე მინდოდა ძალიან ფერადი სურათები შემექმნა - ეს მუსიკოსები ერთგვარად „გამეცოცხლებინა“.

რობერტ ჯონსონი
რობერტ ჯონსონი

როცა ძველ დროში მცხოვრებ მუსიკოსზე კითხულობ - მაგალითად, 1900-იანების რობერტ ჯონსონზე - და მის სურათს უყურებ, შენს წარმოსახვაში ეს მუსიკოსი ცოცხალი უნდა იყოს, მან თვალი თვალში უნდა გაგიყაროს. ილუსტრაციებმა უნდა გაგრძნობინოს, როგორ ადამიანთან გაქვს საქმე.

სალომე ასათიანი: როცა დასასურათებელი წიგნის თემა ასეთი ტრაგიკულია, - ნიჭიერი მუსიკოსების ახალგაზრდა ასაკში სიკვდილი - დიდი უნდა იყოს იმის ცდუნება და საშიშროება, რომ ილუსტრაციებს გადაჭარბებული სენტიმენტალიზმის ელფერი დაედოს; რასაც თქვენ ოსტატურად აარიდეთ თავი. გააზრებული გქონდათ ეს საშიშროება?

ჯოშ ჰანტერი: ეს მართლა ძალიან კარგი შეკითხვაა! კი, ამაზე ბევრს ვფიქრობდი - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერთი პორტრეტიც არ მქონდა შექმნილი. გამოსავლის საპოვნელად და შთაგონებისთვის ხელოვნების ისტორიაში შექმნილი კლასიკური ქანდაკებები გამოვიყენე. მთავარი ის არ არის, რომ, უბრალოდ, ლამაზ ადამიანს უყურებთ. მთავარია ის, როგორ პოზაში დგას, როგორ უჭირავს ხელი, როგორი გამომეტყველება აქვს. საკულტო სახე სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობით იქმნება. ვცდილობდი, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამეთვალისწინებინა.

სალომე ასათიანი: იმ 34 ამბიდან, რომელსაც წიგნში აღწერთ, რომელიმე ერთის გამოყოფა თუ შეგიძლიათ? ისეთისა, რომელმაც ყველაზე ემოციურად იმოქმედა თქვენზე?

ერიკ სიგელსტადი: წიგნზე სამ წელიწადს ვიმუშავეთ და ზედმიწევნით შევისწავლეთ ყველა მუსიკოსის ცხოვრების ისტორია. რომელიმე ერთის გამორჩევა რთულია, მაგრამ თუ მაინც მომიწევს, ეს ალბათ პიტ ჰემისა და მისი ჯგუფის - „ბედფინგერის“ - ამბავი იქნება. იმ მუსიკოსებისგან განსხვავებით, ვისზეც უკვე ვილაპარაკეთ, ის, როგორც ჩანს, საკმაოდ მშვიდი კაცი იყო, რომელსაც არ ახასიათებდა როკენროლისთვის ჩვეული ზედმეტობები. ბევრს მუშაობდა, უყვარდა სიმღერების წერა. სამწუხაროდ, ისიც და მისი ჯგუფიც მუსიკალური ინდუსტრიის უარყოფით მხარეებს ემსხვერპლნენ - ცუდ მენეჯერებს, უნამუსო კომპანიებს და სხვა. მათ საოცარი სინგლები და ალბომები შექმნეს - სხვა მუსიკოსებმა მათი სიმღერების შესრულებით არაერთი „გრემი“ მოიპოვეს. და მაინც, როცა საქმე ფულის შოვნაზე ან სწორი მიმართულების შერჩევაზე მიდგა, მათ ვერაფერი შეძლეს. პიტ ჰემი, ტომ ევანსთან ერთად, ავტორია სიმღერისა Without You. ეს დღევანდელი პოპის კლასიკაა. ჰარი ნილსონმა და მარაია კერიმ ამ სიმღერის შესრულებით უამრავი პრემია, დიდი ფული და პოპულარობა მოიპოვეს. პიტ ჰემის კარიერა კი ჩიხში მოექცა, მუსიკოსი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, რაც თავის ჩამოხრჩობით დამთავრდა. რვა წლის შემდეგ იგივე გააკეთა „ბედფინგერის“ კიდევ ერთმა წევრმა და Without You-ს თანაავტორმა ტომ ევანსმაც. ეს მართლაც ძალიან სევდიანი ამბავია.

სალომე ასათიანი: არსებობს მოსაზრება, რომ პოპკულტურის და, განსაკუთრებით, როკმუსიკის ვარსკვლავების აღქმაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი - აუდიტორიის - წინასწარი განწყობა. კულტურის ანალიტიკოსები „ვარსკვლავის“ ფენომენს დიდწილად იმით ხსნიან, რომ ჩვენ ყველას - ვისაც, შესაძლოა, არ გვაკმაყოფილებდეს ჩვენი ცხოვრება, ის ტრივიალურად ან ბანალურად მიგვაჩნდეს - გვჭირდება ვიღაც, ვისაც ჩვენთვის მიუწვდომელ მახასიათებლებს მივაწერთ - ნონკონფორმიზმს, სექსუალურ თავგადასავლებს, თავისუფლებას... თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ასპექტები?

ჯიმ მორისონი
ჯიმ მორისონი

ჯოშ ჰანტერი: ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე გაკერპებასთან გვაქვს - ​ჯიმ მორისონის, ჯიმი ჰენდრიქსის გაკერპებასთან. პლაკატები და მაისურები მათი გამოსახულებით ახლაც ყველგან იყიდება. ახალ თაობას - 16 წლის ბავშვებს - თავიანთ ოთახებში ჰენდრიქსის პლაკატები აქვთ გაკრული. ამ როკვარსკვლავებს ღმერთებად და ქალღმერთებად მივიჩნევთ - ვიცით, რომ ისინი ისეთი ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლითაც ჩვენ - უბრალო მოკვდავები - ვერასოდეს ვიცხოვრებთ. ხშირად მათი ცხოვრებით ვცხოვრობთ, რადგან არ შეგვწევს უნარი, მათსავით გიჟური წვეულებები მოვაწყოთ, ახალ-ახალ მეგობრებს შევხვდეთ, სექსუალური პარტნიორები ვიცვალოთ, მერე კი თვითმფრინავში ჩავსხდეთ, სხვა ქვეყანაში გავფრინდეთ და იგივე გავაგრძელოთ. პარალელურად, ძალიან გვიყვარს მათი ადამიანური სისუსტეების გამოაშკარავება და დაგმობაც კი; აქილევსის ქუსლი კი ყველა ამ მუსიკოსს აქვს. ამ ხალხისგან სრულყოფილებას მოვითხოვთ. და როცა სისუსტეს ავლენენ, ან ჩვენს მიერ შექმნილი პორტრეტიდან ამოვარდებიან, მათ მაშინვე სასტიკად ვაკრიტიკებთ ხოლმე. ორი კვირის წინ ემი უაინჰაუსი სცენაზე გავიდა. ცუდად გამოიყურებოდა, ჩანდა რომ ინტოქსიკაცია ჰქონდა, ვერ მღეროდა. აუდიტორიამ ის სტვენით გააძევა სცენიდან. შეიძლება, თავად მას არც კი სურდა იმ დღეს სცენაზე გასვლა - მაგრამ ის მაინც აიძულეს, ეს გაეკეთებინა, რადგან იქ მისულ ხალხს მისი ნახვა და მოსმენა სურდა. ის სცენაზე გავიდა, შეეცადა ემღერა, მაგრამ ვერ შეძლო. ხალხს კი იმ მომენტში ის სძულს და სტვენით აძევებს.

სალომე ასათიანი: შემდეგ კი ის კვდება - და ყველასათვის გმირად გადაიქცევა, მათთვისაც, ვინც სტვენით ხვდებოდა.

ჯოშ ჰანტერი: დიახ, ზუსტად ასეა. ჩვენს უდიდეს უმრავლესობას არც სიმღერა დაუწერია, არც „გრემი“ მიუღია, არც სცენაზე გასულა და არც მილიონობით ალბომი გაუყიდია. მაგრამ ვთვლით, რომ ამ ადამიანების გასამართლების და გაკიცხვის უფლება გვაქვს. არადა, ჩვენს მიმართ ასეთ კრიტიკულ დამოკიდებულებას თუ გაკიცხვას სასტიკად გავაპროტესტებდით.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG