Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკრების თავისუფლების მონიტორინგის შედეგები


ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ეუთოსა და ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ გაწვრთნილი მონიტორების ჯგუფმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ რამდენიმე ათეულ აქციაზე დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად, ანგარიში წარადგინა. როგორ ახორციელებს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრაციების დაშლას, რა ძირითადი დარღვევები იკვეთება დემონსტრანტთა დაშლის პროცესში და როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის?

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი ექვს თვეს გაგრძელდა და 2011 წლის პირველი ნახევარი მოიცვა. ამ პერიოდში მონიტორების ჯგუფმა საქართველოს მასშტაბით 75 შეკრებაზე განახორციელა დაკვირვება. თბილისი, რუსთავი, გორი, გურჯაანი, ბათუმი და ზუგდიდი - ეს ის ქალაქებია, რომლებიც მონიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო 2011 წელს თბილისში გამართულ რამდენიმე აქციას და აქციის დაშლის პროცესში გამოკვეთილ მთელ რიგ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან. ერთ-ერთი პირველია 3 იანვარს ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლა. როგორც ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, აქციის დაშლის პროცესში გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა, ხოლო ინტერვენცია დაკავებების ფორმით არ იქნა გამართლებული საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მანიფესტაცია და აქცია საკმაოდ მშვიდობიანად და წყნარად ჩატარდა, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც მიგვითითა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებზე...


სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში რადიო თავისუფლებასთან საუბარში სწორედ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი 2009 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად დაიხვეწა, კვლავაც რჩება მთელი რიგი პრობლემები, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიაც მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი და გაუქმდა ე.წ. ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან 20 მეტრიანი რადიუსის დაცვას ეხებოდა. ასევე გაუქმდა ნორმა, რომელიც ითხოვდა საინიციატივო ჯგუფის არსებობას შეკრების ინიციატორის არსებობის შემთხვევაში. თუმცა გიორგი ტუღუში განსაკუთრებულ პრობლემას არსებულ პრაქტიკაში ხედავს, როდესაც შეკრების უფლების გამოყენების პროცესში უხეშად ირღვევა დემონსტრანტთა უფლებები:

”მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მანიფესტაცია და აქცია საკმაოდ მშვიდობიანად და წყნარად ჩატარდა, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც მიგვითითა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უნდა გაგრძელდეს სამართალდამცავი ორგანოების ტრენინგი მთელი რიგი მიმართულებით, რათა ისინი გაცილებით უფრო კარგად იყვნენ ინფორმირებულნი მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში, ვინაიდან პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით, არის არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა”, - ამბობს გიორგი ტუღუში.

როგორც ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში გამართული ყველა აქცია მშვიდობიანი იყო. ორგანიზატორებს და მონაწილეებს არ ჰქონდათ ძალადობრივი მიზნები და მათი მოთხოვნები ყველა შეკრების დროს იყო მშვიდობიანი. ისინი მიუთითებენ ერთ გამონაკლისზე, რომელიც მაისში „სახალხო კრების“ მიერ გამართული აქციების დროს დაფიქსირდა, მაგრამ აქვე იმასაც წერენ, რომ მათი ქმედება არ არღვევდა მშვიდობიანი შეკრების უფლების ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების ნორმას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი მონიტორინგის შედეგზე საუბრისას განსაკუთრებულ ადგილს უთმობს მშვიდობიანი დემონსტრაციების დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტებას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არის შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავების ქმედებები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გაცილებით უფრო ხშირად პოლიციელები იყენებენ გადამეტებულ ძალას და აქციის მონაწილეებს სასტიკად ეპყრობიან. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებათა ცენტრი, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, იმოქმედონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში, ბოლო მოეღოს დაკავებული მომიტინგეებისადმი სასტიკ მოპყრობას და გამოიძიონ დარბევის ოპერაციების არაადეკვატური დაგეგმვის საქმეები:
უნდა აღინიშნოს დემონსტრანტების დაშლის დროს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები. ეს განსაკუთრებით შეიძლება ითქვას 26 მაისის ღამეზე...


”ხშირ შემთხვევაში კანონის დარღვევით ხდებოდა შეკრების თავისუფლების შეზღუდვა და ამას არანაირი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან დღემდე არ მოჰყოლია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში სერიოზული პრობლემები არსებობს და ხელისუფლება ვალდებულია ეს უფლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისათვის”, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ნილ იარმენი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და შეკრების თავისუფლების ექსპერტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში მონიტორების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შედეგებზე საუბრობს და იმ მთავარ პრობლემაზე მიუთითებს, რაც მან მონიტორების მიერ გაწეული მუშაობის შემდეგ აღმოაჩინა:

”ეს ანგარიში აჩვენებს, რომ, შეკრების უფლების განხორციელების თვალსაზრისით, არსებობს გარკვეული პრობლემები. უნდა აღინიშნოს დემონსტრანტების დაშლის დროს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები. ეს განსაკუთრებით შეიძლება ითქვას 26 მაისის ღამეზე. მე ვიდეოები ვნახე, სადაც აშკარად ჩანს, თუ როგორ ექცევიან პოლიციელები დაკავებულ დემონსტრანტებს, და მიმაჩნია, რომ ეს ფაქტები აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას.”

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, იგეგმება შეკრებების თავისუფლების მონიტორინგის მეორე ეტაპი. ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი საუბრობენ 2012-2013 საარჩევნო წლებზე, როდესაც განსაკუთრებით მატულობს დემონსტრაციების რიცხვი და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეკრების უფლების უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG