Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოსურათიანი საარჩევნო სიის თავისებურებები


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის წევრები არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საორგანიზაციო სამუშაოები, მათ შორის, კანდიდატთა რეგისტრაციის საკითხები, ამომრჩეველთა სიები, სიების გამოქვეყნებისა და გასაჯაროების პროცესები და ის სიახლე, რომელიც ამომრჩეველთა ფოტოსურათიან სიებთანაა დაკავშირებული.

ამომრჩეველთა სიაში გაორების გამოსარიცხად, 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ფოტოსურათიანი საარჩევნო სიებით ჩატარდება. ეს არ არის ბიომეტრიული საარჩევნო სია, რომელსაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი კარგა ხანია ითხოვს. ეს ნიშნავს მხოლოდ, რომ ამომრჩევლის უნიკალური მონაცემები შეუდარდება ასევე მის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ სურათს და მას, პირადად.

გავიხსენოთ, რომ 2013 წელს, ინტერფრაქციული ჯგუფის გადაწყვეტილებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბიომეტრიული სიებით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არასამთავრობო სექტორი მაინც მიესალმება ფოტოსურათიანი საარჩევნო სიის შემოღებას, რადგან ეს მის სიზუსტეს მაინც ზრდის. მაგრამ, როგორც მესამე სექტორთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, საარჩევნო სიებში არის 8 ათასამდე ისეთი ამომრჩეველი, რომლის ფოტოსურათიც არ არსებობს და ისინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ, თუ პირადობის მოწმობებს არ განაახლებენ:

„3 მილიონზე მეტი ე.წ. საქმე გადამოწმდა. ჩვენ ეს მონაცემები გადმოგვეცა, დავამუშავეთ. სამწუხაროდ, 8 ათასამდეა ისეთი ამომრჩეველი, რომელიც ვერ მოიძებნა ან სურათი არ აქვს იმისათვის, რომ დამუშავდეს ამომრჩეველთა სიაში შესატანად, ან ხარვეზიანი მონაცემებია, სურათია დაზიანებული ან სხვა, მაგრამ სწორედ ახლაა ამომრჩეველთა სიების გადამოწმების, დამუშავებისა და დადგენის პერიოდი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ცესკო, ყველა პირი, ვინც დაინტერესებულია სიებში ამომრჩეველთა მოხვედრით, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მოვიძიოთ ეს ამომრჩევლები, რომ ისინი მოხვდნენ ამომრჩეველთა სიაში“.

ცესკოს მიერ ჩატარებულ სამუშაოებს - იმ ნაწილში, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში მაქსიმალურად მიუკერძოებელი პირები იყვნენ შერჩეული - მიესალმება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური. მისი თქმით, ორგანიზაცია აკვირდება, რამდენად იქნებიან საუბნო საარჩევნო კომისიებში ე.წ. დამოუკიდებელი და პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები. ასეთი უბანზე სულ 6- ია, ვინც წინა არჩევნებზე არ წამოადგენდა პოლიტიკურ გაერთიანებებს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სპეცუბნების თემაზე. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, წელს ასეთი უბნების რაოდენობა 30-ს არ გადააჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ, წინა წლებთან შედარებით, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია. ცესკოს სურვილია, არჩევნების დღეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მაქსიმალურად მცირე რაოდენობა მივიდეს სამუშაო ადგილზე გახსნილ სპეცუბანზე და მათ ხმა მისცენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც არჩევნების გაყალბების ალბათობას კიდევ უფრო შეამცირებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტის კოორდინატორი კი, ლელა ტალიური, ფოტოსურათიან საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ცვლილებას მიიჩნევს პოზიტიურად: საარჩევნო უბანზე პატრულის გამოძახება აღარ გახდება საჭირო, თუ რეგისტრატორს ან საარჩევნო კომისიის რომელიმე წევრს მოეჩვენება, რომ ამომრჩეველი მის ფოტოზე გამოსახულს არ ჰგავს:

„შედარდება უბანზე მისული ამომრჩეველი მის დოკუმენტებს და ასევე სიაში არსებულ ფოტოსურათს და თუ რეგისტრატორი ან საუბნო კომისიის თავმჯდომარე გამოთქვამს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანი არ უდარდება ფოტოზე გამოსახულ ადამიანს, რომელიც სამაგიდო სიაშია წარმოდგენილი, ამ ადამიანს კანონში 17 აპრილს შესული ცვლილების მიხედვით მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა მოგვიანებით ასეთი საეჭვო დოკუმენტები ან ადამიანები იქნებიან შესწავლილი. ეს მონაცემები გადაიგზავნება რეესტრში, რომ შემდეგ მაინც გამოირიცხოს არასწორი დოკუმენტებით ან სხვის ნაცვლად ხმის მიცემა“.

ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ, სხვა არჩევნებთან შედარებით, ცესკო უფრო მობილიზებულია წინასაარჩევნო პერიოდში, განაცხადა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, კონსტანტინე კანდელაკმა. მისივე თქმით, ამჯერადაც მთავარი პრობლემა მაინც ამომრჩეველთა სიები იქნება, მიუხედავად ფოტოსურათიანი სიებისა:

„სამწუხაროდ, ბევრი მოძველებული სურათი იქნება, 10-15 წლის წინანდელი, ვინაიდან ბევრს, ალბათ, განახლებული არ ექნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კარგია, რომ ეს არ იქნება შემაფერხებელი გარემოება არჩევნებში მათი მონაწილეობისათვის, თუმცა სასურველი იქნებოდა სიები უფრო დახვეწილიყო და ეს წელიწად-ნახევარი სახელმწიფოს ამისთვის გამოეყენებინა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვიზამთ, ფაქტის წინაშე ვდგავართ“.

კონსტანტინე კანდელაკის თქმით, ამ არჩევნების ერთ-ერთი სირთულე დაკავშირებული იქნება პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წესში 2011 წელს შესულ ცვლილებასთან, რომელმაც გაამკაცრა სანქციები ამომრჩევლის მოსყიდვის თვალსაზრისით. თუ საპარლამენტო არჩევნების დროს ეს საკითხი გაცილებით მარტივად მოგვარდა, კონსტანტინე კანდელაკი ვარაუდობს, რომ იმ პირობებში, როცა მხოლოდ საკრებულოების 2 ათასამდე წევრი უნდა აირჩეს, კანდიდატების მიმართ კონტროლი გაჭირდება. საინტერესოა, რომ ამ დროისთვის ცესკო-ში 20 საჩივარია შესული, რეგისტრაციაზე მხოლოდ ერთ სუბიექტს ეთქვა უარი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG