Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიმართა რეგიონული ორგანიზაციის, სუამის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომა


დღეს კიევში გაიმართა რეგიონული ორგანიზაციის, სუამის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომა. ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდავეთს აერთიანებს, 2017 წელს საქართველო თავმჯდომარეობს. სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა შემთხვევით არ არის წარმოდგენილი დევიზით, „ერთად ძლიერი სუამისთვის," რადგან ორგანიზაციას, როგორც არასდროს, სჭირდება წევრი ქვეყნების პოლიტიკური კონსოლიდაციის გამყარება ყველა დასახული მიზნის მისაღწევად. „მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, რადგან წარმატება უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე“. მისი თქმით, „ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და ერთობლივ გამოწვევას, რადგან რეგიონში არსებული გადაუჭრელი კონფლიქტები კვლავ აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ სუამ-ის პოტენციალი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერისა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტებზე ადეკვატური რეაქციის მისაღწევად". კიევში გამართული სხდომის შემდეგ, საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ოქმებს თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაქმნელად 2002 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მაკოორდინირებელი სამუშაო ორგანოს ჩამოყალიბების და საზღვრებზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ცალკეული შედეგების ურთიერთაღიარების შესახებ.

XS
SM
MD
LG