Accessibility links

ნატოს გემები ფოთის აკვატორიაში იმყოფებიან


ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის გემი ფოთის პორტში

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ფოთის აკვატორიაში იმყოფება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი, რომლის შემადგენლობაში არიან დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ბულგარეთის და რუმინეთის გემები. შენაერთის მასპინძელია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი. მისი ინფორმაციით, შენაერთის ხელმძღვანელმა, მაიკლ უეტლიმ და ხომალდების მეთაურებმა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბაზა დაათვალიერეს. ნატოს გემები ფოთის პორტში 18 მაისამდე დარჩებიან. ამ პერიოდში გაიმართება ეკიპაჟის წევრების და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ერთობლივი წვრთნები, რომელთა მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება. მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაშია და მისი ერთ-ერთი ამოცანაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის დემონსტრირება და პარტნიორ სახელმწიფოებთან საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავება. შენაერთის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟო. 15 მაისს გაიმართა მისი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიასთან. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს როლზე ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში და საქართველოს შედგომ მონაწილეობაზე ნატოს ოპერაციაში „ზღვის მცველი.“ ამ ოპერაციაში საქართველოს შსს მონაწილეობს ნატოსთან ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG