Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე ოღასკურისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ჯებირებმა უნდა შეაკავოს


ქუთაისში მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდა და გაღრმავება მიმდინარეობს. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ხუთკილომეტრიან მონაკვეთზე ორეტაპიანი სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 582 ათასი ლარი გამოიყო. მდინარე ოღასკურის კალაპოტის მოწესრიგებას წლებია ითხოვს ქუთაისის რამდენიმე უბნის მოსახლეობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მდინარე წყალუხვობით არ გამოირჩევა, პერიოდულად, ძლიერი წვიმების შემდეგ, წყალმოვარდნა ახასიათებს და ახლომდებარე ტერიტორია იტბორება. შარშან ოქტომბერში მდინარის წყალმა რამდენიმე საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის ეზო და პირველი სართულები დატბორა, რის გამოც მოსწავლეთა ევაკუაცია გახდა საჭირო. მდინარის წყალი შევარდა მრავალსართულიანი სახლების სარდაფებსა და საჯარო რეესტრის შენობაში, დაიტბორა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ბუხაიძისა და ავტოქარხნის დასახლებების ცენტრალური ქუჩები.

პროექტის ფარგლებში, ამოიღეს გრუნტი და ჩაისხა ბეტონი. იმ ადგილებში, სადაც საყრდენი კედლები არა აქვს, კეთდება. შესრულებულია სამუშაოების 60 %-მდე.

ამჟამად მიმდინარეობს ოღასკურის ჯებირებისადა საყრდენი კედლების გამაგრება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტანტა“ ასრულებს. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ყურაშვილის, განმარტებით, სატენდერო პირობების მიხედვით, სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, მიმდინარე წლის ივნისიდან, ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს 6-წლიანი საგარანტიო ვადით. ბექა ყურაშვილის ინფორმაციით, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდებაჯავახიშვილის ქუჩიდან 32-ესაჯარო სკოლამდე, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა მდინარესთან ახლოს ცხოვრობს და რამდენიმე ბაგა-ბაღი და სკოლა მდებარეობს:

„პროექტის ფარგლებში, ამოიღეს გრუნტი და ჩაისხა ბეტონი. იმ ადგილებში, სადაც საყრდენი კედლები არა აქვს, კეთდება. შესრულებულია სამუშაოების 60 %-მდე. იმ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობას უწევს გადაადგილება და ბავშვებს - სკოლებთან, გაკეთდება მოაჯირები და კეთილმოეწყობა ხიდი, რომლითაც 35-ე საჯარო სკოლასთან მიდიან მოსწავლეები“.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ყურაშვილის, განცხადებით, მდინარის კალაპოტის მოწყობა მოსახლეობას წყალმოვარდნისგან მაქსიმალურად დაიცავს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრისხელმძღვანელი, ავთანდილ ქვაჩაკიძე. მისი განცხადებით, ჯებირებში მდინარის მოქცევა მიუღებელია,რადგან კალაპოტის მაქსიმალური გამტარიანობის განსაზღვრა შეუძლებელია, მდინარის სპეციფიკიდან გამომდინარე:

მდინარეს მისი სიგრძის მიხედვით აქვს თავისი დაცვის ზონა. ეს არის 10 მეტრი კალაპოტის ორივე მხარეს. არ შეიძლება უშუალოდ ნაპირებთან მშენებლობა.

„ოღასკურის ჯებირებით შემოსაზღვრა მიუღებელია, რადგან მდინარე არის ბუნებრივი არსება, რომელსაც აქვს თავის დაცვის ზოლი და ეს მას მინიჭებული აქვს კანონით. შესაძლოა, წყალი ჯებირებიდანაც გადმოვიდეს და მაინც დატბოროს ტერიტორია“.

ავთანდილ ქვაჩაკიძის განცხადებით, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლისა და დატბორვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინტენსიური გაწმენდა და მდინარის დაცვის ზონაში მშენებლობების აღკვეთა:

„მდინარეს მისი სიგრძის მიხედვით აქვს თავისი დაცვის ზონა. ეს არის 10 მეტრი კალაპოტის ორივე მხარეს. არ შეიძლება უშუალოდ ნაპირებთან მშენებლობა. ქალაქს საფრთხეს უქმნიდა, რადგან იყო დაბინძურებული საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენით,არ იწმინდებოდა კალაპოტი ხე-მცენარეებიდან და ბალახიდან. ოღასკურაზე გადადებულ ხიდებთან გაყვანილია წყლის და ბუნებრივი აირის მილები, რაც კიდევ უფრო ამცირებს გამტარებლობას და ამიტომ ხდებოდა ავტოქარხნის და ბუხაიძის დასახლებების ტერიტორიის დატბორვა“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრისხელმძღვანელის, ავთანდილ ქვაჩაკიძის, პასუხად, ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ყურაშვილი ამბობს, რომ მდინარე ოღასკურის კალაპოტი რეკონსტრუქციის შემდეგ თითქმის ორჯერ გაიზრდება, რაც შესაძლებელს გახდის გაატაროს მდინარის წყალი:

„ზოგიერთ ადგილებში კალაპოტის განი იყო შემცირებული 4 მეტრამდე. დღეის მდგომარეობით, იგი გაზრდილია 7 მეტრამდე, რაც წყლის გამტარობას უზრუნველყოფს“.

ამ კორპუსში ვცხოვრობ და აქ იყო ტროტუარი ორივე მხარეს, განათებებით. კალაპოტი ამოწმენდილი იყო, აქაურობას არაფერი სჯობდა. ახლა დაჭაობებულია წყალი, საშინელებაა, სადარბაზოში შემოდიან ქვეწარმავლები.

ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქციას დაადებითად აფასებენ მოქალაქეები, რომლებსაც მდინარის ადიდება საფრთხეს უქმნის:

„იმედი გვაქვს, რომ აღარ დავიტბორებით და არ შეგვაწუხებს მდინარის წყალი“;

„თუ დაადგა საშველი, უკეთესობა იქნება“;

„ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მიუხედავი იყო მდინარის კალაპოტი. ახლა კეთდება. ველოდებით, რომ შედეგი კარგი ექნება“.

რესპონდენტების ნაწილი მდინარის დაბინძურების პრობლემაზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ მოსახლეობა ბუნებას თავად არ უფრთხილდება:

„ამ კორპუსში ვცხოვრობ და აქ იყო ტროტუარი ორივე მხარეს, განათებებით. კალაპოტი ამოწმენდილი იყო, აქაურობას არაფერი სჯობდა. ახლა დაჭაობებულია წყალი, საშინელებაა, სადარბაზოში შემოდიან ქვეწარმავლები“;

„გადმოდის კანალიზაცია და პირდაპირ კალაპოტში ჩამოდის. გამწმენდი ნაგებობები არ არის, რომ სუფთა წყალი ჩავიდეს მდინარეში. ჩვენ, თვითონ მოსახლეობა, ვანაგვიანებთ. ყველა უარზეა, თუმცა თითომ მცირე ნარჩენი რომ ჩავაგდოთ, მეტი არაა მდინარე. მრავალწლიანი პრობლემაა. აქ კერძო სახლები იყო,მაგრამ კორპუსების მშენებლობის შემდეგ ძალიან მოიმატა ნარჩენებმა. აქ წყალი ღრმა და სუფთა იყო და თევზიც ბინადრობდა შიგ. ახლა ყარს“.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, ოღასკურის კალაპოტი სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და მდინარის მიერ ჩამოტანილი ნარჩენებისგან. პროექტის მიხედვით, წელს რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს ჯავახიშვილის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე მონაკვეთს, ავტოქარხნის დასახლებაში კი სამუშაოები მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG