„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროდან, „საიფორიდან“ მიიღეს დასკვნა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ორ აუდიოჩანაწერზე. აღდგომელაშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზამ ჩანაწერების ავთენტიკურობა დაადასტურა და შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადებები, რომ აუდიოჩანაწერი დამონტაჟებული იყო. „ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარში, ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, ასევე უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში და განმარტავს, რომ ფონდი ანუ პარტია შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50% წილის მფლობელად. ასევე ჩუბინიშვილი ამბობს, რომ დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია უფროსი მეგობარი. ეს საუბარი შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიოჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიოფაილის სხვადასხვა სექციისგან. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ვანო ჩხარტიშვილისა და მისი წარმომადგენლის განცხადებები, თითქოს სახეზე იყო 6 სხვადასხვა შეხვედრის აუდიოჩანაწერის მონტაჟი” - განაცხადა აღდგომელაშვილმა. მისი ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ავთენტიკურია მეორე, 2017 წლის 26 აპრილის აუდიჩანაწერიც, რომელშიც სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერებს ესაუბრება და „ომეგას“ გადასახადების რესტრუქტურიზაციის მისაღებად ითხოვს 30 მილიონის გარკვეულ პროცენტს და ავტომობილებს იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისთვის.
"ომეგა ჯგუფის" ინფორმაციით, ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩანაწერების ავთენტიკურობა
ყველაზე პოპულარული
1