„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და აჟიოტაჟის შექმნას. ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის, მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანით უნდა განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულ ხმას აქვს ამ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა და ყველა ადამიანის მისვლა არჩევნებზე არის ჩვენი მომავლის განსაზღვრა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, მივიდეს აუცილებლად არჩევნებზე, გააკეთოს თავისი არჩევანი“, - განაცხადა ხოშტარიამ. მისი თქმით, კომისიის წევრების მხრიდან წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის კანონდარღვევა, ხოლო აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ უბნების შიგნით.
მანამდე გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ კანონდარღვევად შეაფასა ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში. მან მიმართა ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ყველა ზომა მიიღონ საარჩევნო პროცედურების დასაცავად და შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად.