საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ხმა მისცა ხურვალეთის 70-ე საარჩევნო უბანზე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მავთულხლართებზე გადმოსვლის დროს დათა ვანიშვილმა ხელი დაიზიანა. მისი თქმით, ხმა მისცა მშვიდობას, მავთულხლართების აღებას, თავისუფალ გადაადგილებას და საკუთარ მიწაზე წვდომის უფლებას.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში 599 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო უბანზე დილიდან მაღალი აქტივობა იყო. საუბნო კომისიის თავმჯდომარის, როინ ადიკაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეები რისკის ფასად გადმოდიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.