Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეემთხვა გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას


ქართული მხარე ელოდება, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს დღეს გადმოსცემენ.

ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარის მკვიდრი იყო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კვარაცხელია გალის რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლისას დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 12 მარტის საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეიტყო, რომ ოკუპირებულ გალში, ადგილობრივმა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, “ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს დააკავეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ)-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი. ის გადაყვანილი იყო სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში. ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“,

„აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზის ბიუროში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა გარდაცვალების არაძალადობირივი ხასიათი. გამოძიებას აწარმოებენ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები. ახლა წყდება საქართველოს მხარისთვის ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადაცემის საკითხი“, - ნათვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ გავრელებული განცხადებაში.

ვინ იყო ირაკლი კვარაცხელია

ირაკლი კვარაცხელია წლების წინ, ბებიასთან ერთად ცხოვრობდა სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში - აცნობა რადიო თავისუფლებას სენაკის მერის წარმომადგენელმა გოჩა ჭანტურიამ.

მისი ინფორმაციით, ბებია დაახლოებით 10 წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მეზობლებს იგი აღარ უნახავთ.

ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც ცოლთან განქორწინებული იყო, 8 წლის შვილი დარჩა. გოჩა ჭანტურიას თქმით, მისთვის უცნობია ირაკლი კვარაცხელია გარკვეული პერიოდულობით გადადიოდა თუ არა ოკუპირებულ გალის რაიონში.

როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ განმარტა, მხოლოდ ის იციან, რომ დაკავების შემდეგ, როდესაც ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა.

„არ არის გამორიცხული, თუ გული აწუხებდა ან რამე მსგავსი, ამითაც დაღუპულიყო, მაგრამ კატეგორიულად იმის თქმა, რომ ეს გახდა მიზეზი თუ რამე სხვა, არ შეგვიძლია“, - ამბობს იგი.

ირაკლი კვარაცხელიას ნათესავს თამუნა ფიფიას არ სჯერა აფხაზური მხარის მტკიცების, რომ ირაკლიმ თავი მოიკლა, რადგან ღრმად მორწმუნე იყო.

ფიფიასთვის უცნობია, როდის და რატომ აღმოჩნდა ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნათესავის ინფორმაციით, კვარაცხელიას სახლი, რომელიც გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში მდებარეობს, დამწვარია და საცხოვრებლად არ გამოდგება.

პოლიტიკური შეფასებები

„ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებული შემთხვევა ძალიან მძიმეა და აჩენს ეჭვს, ხომ არ აქვს ადგილი სუიციდამდე მიყვანის ან მკვლელობის ფაქტს“,- მიიჩნევს პარლამნეტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომლის სიტყვებითაც, „ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიება დაიწყება“.

„ჩვენთვის ეს არის ეროვნული ინტერესების თემა... პრინციპულები ვიქნებით და ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა", - ამბობს მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

„მნიშვნელოვანია, დადგინდეს არამარტო რა ვითარებაში მოხდა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, არამედ თუ რა პირობებში იმყოფებოდა ის საპყრობილეში, ხომ არ იყო ნაწამები, ხომ არ იყო მის მიმართ სხვადასხვა არაადამიანური მოპყრობის მექანიზმები გამოყენებული და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასება... თუ დადგინდება,რომ ირაკლი კვარაცხელია მოკლულია, მაშინ უნდა გვქონდეს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ქვეყანას. აუცილებელია მოხდეს დადგენა იმ ადამიანებისა, ვინც პასუხისმგებელია და ის ადამიანები უნდა იყვნენ შეყვანილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. მთავარი თემა უნდა იყოს მათი დასჯა, ვინც მიიღო მონაწილეობა“, - აცხადებს ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე.

ოფიციალური თბილისის მოლოდინი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოელის, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს აფხაზური მხარე უახლოეს მომავალში გადმოსცემს. დე ფაქტო ხელისუფლება კი ხელმისაწვდომს გახდის მისი დაკავების ამსახველ კადრებს, თუ ასეთი კადრები არსებობს.

„ვიდრე ჩვენ ხელთ არ იქნება მეტი დეტალი, მეტი მასალა იმისთვის, რომ უფრო დაზუსტებულ გარემოებებზე ვისაუბრო, ცხადია მე ამას ვერ გავაკეთებ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყველა ინსტრუმენტის გააქტიურებით ეს გარემოებები გამოვლინდეს“, - ქეთევან ციხელაშვილის სიტყვებით, კონკრეტულ შეკითხვებს მომხდართან დაკავშირებით დასვამენ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც, რომლებიც 13 მარტს თბილისიდან სოხუმში გაემგზავრნენ.

საერთაშორისო გამოხმაურება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და განაგრძობს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ 13 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად „ სადამკვირვებლო მისია მზად არის ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას "ცხელი ხაზის," ან სხვა შესაბამისი მექანიზმის საშუალებით“.

ოკუპირებულ ტეროტრიაზე მომხადრი დანაშაულები - ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმე

22 თებერვალს ერთი წელი შესრულდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავეს და იქიდან ცხინვალში გადაიყვანეს.

მაშინ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, მისი განეიტრალებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ერთ თვეში გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, ასევე ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების ორ მაღალჩინოსანს. ისინი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. წარდგენილ საჩივარში მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დაობენ.

ხომ არ გაიზრდება ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია

2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე დაამტკიცა დადგენილება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე.“

ამ სიაში შეიყვანეს 33 პირი, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში და ამ დანაშაულთა დაფარვაში.

2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი "არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროების და მკვლელობის გამო, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.

ქართული მხარე ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემას ელის, რათა ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსერტიზა და დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG