Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში თეა წულუკიანის "მინისტრის საათი" გაიმართება


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოისმენს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოხსენებას.

პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი „მინისტრის საათის“ ფორმატი ითვალისწინებს მთავრობის წევრების მოსმენას სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულებებით შესრულების შესახებ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას თეა წულუკიანთან ექნება არაერთი შეკითხვა, მათ შორის მიმდინარე რეფორმებსა და ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი საკითხი, რომელზეც მისი პოზიციის გაუზიარებლობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებდა. 12 მარტს, წულუკიანმა მედიას აცნობა, რომ სადავო საკითხი ამოწურულია. რა თემაზე იყო უთანხმოება იუსტიციის მინისტრს დღემდე არ უთქვამს.

თეა წულუკიანისგან დღეს განმარტებას მოითხოვს საპარლამენტო ოპოზიციაც. „პოლიტიკოსებს და დეპუტატებს აინტერესებთ, თუ რა იყო პრემიერ-მინისტრსა და მას შორის დაძაბულობის თემა, როგორ განიმუხტა ეს სიტუაცია და ვინ რა დათმო,” - უთხრა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა.

„ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ იუსტიციის მინისტრთან ექნებათ შეკითხვები სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში არსებული მწვავე პრობლემების შესახებ.

„ადამიანი რომელიც არის წარუმატებლობის განსახიერება წარმატებული მინისტრივით არის შეუცვლელი უკვე მეშვიდე წელიწადია” - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG