ია კერზაიას საქმესთან დაკავშრებით პროკურატურისგან ამომწურავ პასუხს მოელის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ამის თაობაზე მან პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილის კომენტირებისას განაცხადა. მისივე სიტყვებით, მნიშვნელოვანია, საქმის ობიექტურად გამოძიება და ოპონენტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და ყველა კითხვა იქნება მოხსნილი. რაც შეეხებ პარლამენტს, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენა დაუთმო ამ საკითხს და ამ საქმის გარშემო ყველა მნიშვნელოვანი კითხვა იყო ამ განხილვაზე დასმული. შესაბამისად ვფიქრობ, რომ პარლამენტის ყურადღება საქმეზე მუდმივად არის და მოველით, რომ პროკურატურა ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არსებობს“ , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განმარტა მიზეზი, რომლის გამოც, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას უარი უთხრეს დაზარალებულად ცნობაზე.
პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.“
გენერალური პროკურატურის განცხადებითვე, გრძელდება გამოძიება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებზე.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.
ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დაზარალებულის სტატუსი მისცემდა საქმის მასალების გაცნობის და საპროცესო მოქმედებების შესაძლებლობას, რაც სააშკარაოზე გამოიტანდა გამოძიების უმოქმედობას.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი დედის გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო.ბაჩანა შენგელიას განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. შენგელიას ინფორმაციით, სკოლის შემოწმების საბაბი იყო რეალურად არარსებული პირის, ვინმე ლავრენტი ქირიას წერილი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების საქმეზე გამოძიება თებერვალში დაიწყო. საქმე აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით.