Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ორი კანდიდატი წარედგინა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა ვალერი ლომუაშვილის და ლონდა თოლორაიას კანდიდატურები.

ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია, ხოლო ვალერი ლომუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის განაცხადი შეიტანა 48 პირმა. პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისიამ შეამოწმა კანდიდატების შესაბამისობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან და დაადგინა, რომ მოთხოვნებს მხოლოდ 7 კანდიდატი აკმაყოფილებდა. მათთან გასაუბრება 1 ივნისს გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 ივნისს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სახალხო დამცველის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი პარლამენტის ერთი წევრი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სხდომას ესწრებოდა კომისიის წევრთა უმრავლესობა, გასაუბრება შედგა.

მეორე ეტაპზე გადასული 7 კანდიდატიდან, გასაუბრებაზე 5 მივიდა და კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისთვის შერჩეული ორი კანდიდატი წარედგინა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 23 აპრილს შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომლის მიზანია განახორციელოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. ამ მუხლებს შორისაა წამება, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

XS
SM
MD
LG