Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კანდელაკი: "ქართულმა ოცნებამ" წაბილწა სახელმწიფო ინსტიტუტები


გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი

პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ გიორგი კანდელაკმა სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფო სიმბოლოების წაბილწვა უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ყოფნას.

„ეს ადამიანი მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ ომში. გასაგებია, რომ გადამფრენ ფრინველებს არ აკვირდებოდა აფხაზეთში. მაშინ როცა იბომბებოდა სოხუმი, როცა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა აფხაზეთში, ეს პიროვნება იყო იქ“ - განაცხადა 20 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, გავრილოვის და სხვა რუსი დეპუტატების საქართველოში შემოშვებით „ქართულმა ოცნებამ" მიაფურთხა უკრაინის სუვერენიტეტსაც, რადგან მათ აკრძალული აქვთ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

„საქართველოს მთავრობამ გავრილოვის შემოშვებით თქვა, რომ ამ ხალხის აქტივობა უკრაინაში მისთვის მისაღებია“ - განაცხადა კანდელაკმა.

რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის დილის სხდომას.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია 19 ივნისს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა საინაუგურაციო სხდომით.

სესიის გახსნას მოჰყვა საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატების, მათ შორის კომუნისტი სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოუშვა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რუსი დეპუტატი. საინაუგურაციო სხდომაზე გავრილოვის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვა საქართველოში უკრაინის ელჩმა.

XS
SM
MD
LG