Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტი-თურქულ განწყობებს საქართველოში პრორუსული ძალები აღვივებენ - DFRLab-ის კვლევა


Fake news
Fake news

სიყალბის გავრცელება, მაგალითად, ასე იწყება ხოლმე. „სამხედრო ექსპერტ“ ჯეფრი სილვერმანი რუსულ გამოცემას მისცემს ინტერვიუს და ეტყვის - მე ვიცი, ღორის გრიპს ლუგარის ლაბორატორია ავრცელებსო. ან - ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის 2021 წელს ბათუმს თურქეთი დაესაკუთრებაო.

სინამდვილეში, ცხადია, ყარსის ხელშეკრულებას ვადა არა აქვს. ჯეფრი სილვერმანი კი კრემლთან დაკავშირებულიVeterans Today-ს ქართული ბიუროს ხელმძღვანელია.

ამ ინტერვიუზე დაყრდნობით შემდეგ უცებ, არსაიდან გაჩენილი ონლაინ-გამოცემები, მაგალითად tvalsazrisi.ge დაწერს, რომ „აჭარელი მუსლიმები იარაღით ხელში აპირებენ დამოუკიდებლობის მოპოვებას“. ამ საიტზე არ წერა, თუ რა ტიპის და ვის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა, თუმცა დასკვნების გამოტანა მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიების სათაურიდანაც შეიძლება. ერთს, მაგალითად ასეთი სათაური აქვს: „საპროტესტო აქციებმა მოსკოვში ბიზნესმენებისა და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია“. სტატიაში, ბუნებრივია, ნათქვამია, „არასანქცირებული მიტინგი“ ბიზნესს აზარალებს და გამვლელებს ხელს უშლისო.

პარალელურად, ჩნდება „იუტუბის“ არხი მეტყველი სახელწოდებით “RusArm NEWS”, რომელსაც ერთ კვირაში რაღაც ხერხებით ათიათასობით ხელმომწერი უჩნდება. ამ არხზე სულ 1 ვიდეოა, საიდანაც 7 „საქართველოს თურქულ პრობლემას“ ეძღვნება და ნათქვამია - საქართველო თურქეთს ყავს ოკუპირებული და ქართველები პუტინს ევედრებიან დასახმარებლადო.

შემდეგ ამ სტატიებს და „იუტუბის“ ვიდეოებს „ფესიბუკზე“ ქართული ულტრა-მემარჯვენე გვერდები - „კარდჰუ“ და „ქართული ძალა“ აზიარებენ- ანტი-ლგბტ და ანტი-ევროპული პოსტების გვერდით.

ანტი-თურქული განწყობის ზრდას საქართველოში ატლანტიკური საბჭოს Digital Forensic Research Lab - დეზინფორმაციასთანმებრძოლი ლაბორატორია იკვლევს. მათ ვრცელი კვლევა გამოაქვეყნეს medium.com-ზე, სადაც ნათქვამია, რომ ამ განწყობების გავრცელების უკან პრორუსული გამოცემების კვალის შეინიშნება.

ლაბორატორია მკითხველს ჯერ კონტექსტს აწვდის - რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მძლავრი ეკონომიკური, დიპლომატიური და სტრატეგიული კავშირები არსებობს. თურქეთი საქართველოს ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც საზღვრის ასი პროცენტია დემარკირებული. ორი ქვეყანა უახლოესი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამან პრორუსული ძალების ყურადღება მიიქცია, რომლებიც ამ ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობენო.

ლაბორატორიის კვლევის მიხედვით თურქეთის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა, განსაკუთრებით 2019 წლის ივნისიდან გააქტიურდა.

დასკვნა ასეთია - პრორუსულად განწყობილი მედიასაშუალებები და „ფეისბუკზე“ არსებული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ცდილობენ თურქეთი საქართველოსთვის უდიდეს საფრთხედ წარმოაჩინონ. ძირითადი თემები ასეთია - რომ თურქეთს სურს საქართველოსთვის აჭარის წართმევა, რომ თურქი ინვესტორები იპყრობენ საქართველოს ეკონომიკას და რომ ქართული ქალაქები თურქმა ტურისტებმა წალეკეს.

„ანტი-თურქული ნარატივების გავრცელებას სხვადასხვა მედია-პლატფორმებზე შეუძლია საქართველოში ანტი-თურქული განწყობების გაღვივება, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების ყურადღებას გადაიტანს კრემლიდან მომავალი საფრთხიდანო“ - ნათქვამია კვლევაში.

XS
SM
MD
LG