აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება შეწუხებულია იმით, რომ სოფელ გუგუტიანთკარში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეჩერდეს ეს პროცესი. ასევე რუსეთს მოვუწოდებთ, დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები“ - უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა ზუგდიდში, სადაც პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად ფერმერებს შეხვდა.
შეკითხვას, რამდენად ეფექტურად რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან შექმნილ პრობლემაზე, რუდმა უპასუხა, რომ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის აშშ და ჟენევის ფორმატის მონაწილეები საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და მუშაობენ.
„ყველას ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად გაერთიანდნენ ამ პრობლემის წინააღმდეგ და მის მოსაგვარებლად“ - თქვა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.