Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - მსხვერპლი ისევ ქალია


მეორადი ტანსაცმლის მაღაზია
მეორადი ტანსაცმლის მაღაზია

პოლიციამ ხაშურში დღეს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი, თამარ მეფის ქუჩა 5 საათზე მეტხანს გადაკეტა და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. აქაურები კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა.

11 ოქტომბერს დღის 12 საათის შემდეგ ირაკლი დეკანოიძე ყოფილი ცოლის, ნათია გოგალაძის, მაღაზიაში მივიდა. ნათიას მეორადი ტანსაცმლის მაღაზია თამარ მეფის ქუჩაზე ჰქონდა გახსნილი და იმ დროს სამსახურში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მაღაზიაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროლა.

ნათია მოძალადეს დაუსხლტა და თავის საშველად გზის გადასწვრივ სასურსათო მაღაზიისკენ გაიქცა, მაგრამ კიბეებთან ყოფილი ქმარი დაეწია და თავში იარაღის კონდახი ურტყა.

ნათია გოგალაძემ თავის არეში იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ საავადმყოფოში მიყვანისას უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის მალევე, რეანიმაციაში გარდაიცვალა.

"მრავლობითი მოტეხილობა იყო ქალა-სარქვლის ძვლების და სისხლჩაქცევები. პაციენტი შემოსვლისთანავე იყო უკიდურესად მძიმე, კომატოზურ მდგომარეობაში. კონტაქტში არ შემოდიოდა. მაშინვე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა ჰქონდა თავის არეში", - ამბობს ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების უფროსი თეა კორკოტაძე.

პოლიციამ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა, თუმცა დღის ბოლოს ირაკლი დეკანოიძეს განზრახ მკვლელობის მუხლით ეძებდნენ. მან მიმალვა მოახერხა.


თამარ მეფის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის პატარა მაღაზიის პაფანჯრები ჩამსხვრეულია. ასფალტზე პოლიციას ცარცით ორი წრე აქვს შემოხაზული. სავარაუდოდ, ეს მასრების ადგილია. მსგავსი წრე მაღაზიაშიც ჩანს, თუმცა იქ სისხლის კვალი არ შეინიშნება, მოპირდაპირე სასურსათო მაღაზიის კიბე კი ახალი გადარეცხილია.

„სახლში ვიყავი, ყვირილზე გარეთ გამოვვარდი და გავიგე, რომ ყოფილი ქმარი მიეჭრა მაღაზიაში, სცემა და მოკლა. ქმარს შორიდან ვიცნობდი. აქაური არ იყო, ახალციხელი იყო. ნათია დროებით იტალიაში იყო სამუშაოდ წასული. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და ქმარს ოფიციალურად უნდა გაყროდა“, - ყვება ერთ ერთი თვითმხილველი.

მეორე მეზობელი ყვება, რომ ოჯახური კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის, წლების წინ დაიწყო. ნათიას იტალიაში წასვლის შემდეგ, ბავშვებს ბებია - მამის დედა ზრდიდა. ნათია რომ ჩამოვიდა, შვილები თავისთან წაიყვანა და კონფლიქტიც გამწვავდა.


გიორგი ლეონიძე, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე, გოგალაძის მაღაზიის მეზობლად ცხოვრობს, ამბობს:

„გოგონას კარგად ვიცნობდი. ქმარი, არ ვიცი, ვინ იყო. ამბობენ, რომ კონფლიქტი ჰქონდათ, მაგრამ რატომ განვითარდა ასე მოვლენები, რატომ მოეჭრა, ვერ გეტყვით. თავში ურტყა. ეს ბიჭი, ალბათ, ნორმალური აღარ იყო. ადამიანი რომ ამაზე წავა, როგორ შეიძლება ის ნორმალურ გონებაზე იყოს. გაისროლა კიდეცო, როგორც ამბობენ. ასაფეთქებელიც შეაგდოო. მთელი უბანი გადაკეტილი ჰქონდათ, ხალხს არ ატარებდნენ და გამნაღმველებიც ჰყავდათ მოყვანილი. ეს გოგო მეორე მაღაზიისკენ საშველად გაიქცა, მაგრამ იმ მაღაზიაშიც კაცი არავინ ყოფილა, რომ მიშველებოდა და იარაღის დანახვაზე ყველანი დაფრთხნენ და ვერავინ უშველა“.

რადიო თავისუფლებას სხვა წყაროებიც უდასტურებენ, რომ წყვილი გაყრილი იყო, თუმცა ოფიციალურად ისევ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. განქორწინების იურიდიული პროცედურა ნათიამ იტალიიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო. 11 ოქტომბერს, 16 საათზე, გოგალაძისა და დეკანოიძის განქორწინების ბოლო სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, მაგრამ დეკანოიძემ ყოფილი ცოლი მოკლა.

ამ დროს ბავშვები სკოლაში იმყოფებოდნენ. ნათია გოგალაძეს მეოთხეკლასელი ვაჟი და მეექვსეკლასელი გოგო დარჩა. ახლა ისინი დედის ნათესავებს ჰყავთ წაყვანილი.

პოლიცია ირაკლი დეკანოიძეს ეძებს, ნათია გოგალაძე კი პროზექტურაში გადაასვენეს და ოჯახის წევრები სახლში მის მისვენებას გვიან ღამით ელოდებიან.

XS
SM
MD
LG