Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყობის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა მუშაობს. ოკუპაცია და ბორდერიზაცია - ქვეყნის მთავარი გამოწვევა


ბორდერიზაციის პროცესი სოფელ ატოცთან. 7 ნოემბერი, 2018წ.
ბორდერიზაციის პროცესი სოფელ ატოცთან. 7 ნოემბერი, 2018წ.

მძიმე ტექნიკა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის სიახლოვეს ყოველდღე მუშაობს. ყობს ოკუპირებული სოფელი წნელისი ესაზღვრება, წნელისიდან კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ჩორჩანის ტყეში შევიდნენ და იქ ორი ე. წ. საგუშაგო დადგეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი წაღვლის თემში ვაჟა ლომიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ტყეში ახალი გზა გაჰყავთ და ეს ყობის სიახლოვეს ხდება. მისი ვარაუდით, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეები შემოსაღობად ახალ ტერიტორიებს ამზადებენ:

„რაც შემოისაზღვრეს, იქ გზას აკეთებენ, თავიანთ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. ყობში ამჟამად ერთი მოქალაქეღაა დარჩენილი და ის ჩვეულებრივად ცხოვრობს. ყობის ქვედა მხარეს ვერ ჩავდივართ. რას აკეთებენ, ვერ დაინახავ. იქ მისვლა ძალიან სახიფათოა. რაც მაგათ (საოკუპაციო ძალებმა) პოსტი დადგეს, მას მერე ტექნიკა მუშაობს. გზები გაჰყავთ და, ალბათ, შესაღობად ამზადებენ“.

15 ოქტომბერს დავით ქაცარავამ, ლიდერმა მოძრაობისა „ძალა ერთობაშია“, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოკუპანტები ყობისკენ დაიძრნენ და, ძალიან დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით“.

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა აღმართეს ახალი პოზიციები და განათავსეს ბორდერიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე ნიშანი, მათ შორის 'მწვანე ნიშნები' და დროშები თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია


15 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება, ყობის ტერიტორიაზე კი „ბორდერიზაცია“ არ მიმდინარეობს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან ყურადღებას ითხოვს და ახალ ოკუპაციაზე მათ რეაგირებას ელოდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დემურ ნიჟარაძე ყოველდღე აკვირდება ჩორჩანის ტყეში საოკუპაციო ძალების მოქმედებას და იქ მძიმე ტექნიკის მუშაობას. ამისთვის ანტისაოკუპაციო მოძრაობა სპეციალურ საშუალებებსა და დრონებს იყენებს.

დღეს ადგილზე ვითარების გასაშუქებლად ჟურნალისტებიც მიემგზავრებოდნენ და მათ თითქმის ორი საათის განმავლობაში სამართალდამცავები ატოცის მიმართულებით გადაადგილებას უზღუდავდნენ. ატოცში ოკუპაციის გასაპროტესტებლად მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებიც წავიდნენ. მათ გადაადგილების უფლება მისცეს, მაგრამ სოლიდარობის ნიშნად ისინი შაქშაქეთის საგუშაგოზე ჟურნალისტებთან დარჩნენ. მოძრაობის წარმომადგენელი ნიკა ფარულავა აცხადებს, რომ ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

საოკუპაციო ზოლი სოფელ ატოცში
საოკუპაციო ზოლი სოფელ ატოცში


მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებსაც და აქციის მონაწილეებსაც ატოცისკენ გადაადგილების უფლება მისცა. სოფლების ატოცი-აბანოს სიმაღლეებიდან ჩორჩანა-წაღვლი-ყობის მონაკვეთიც ჩანს და ანტისაოკუპაციო მოძრაობა სწორედ აქედან აკვირდება საოკუპაციო ძალის მოქმედებებს.

ჩორჩანის ტყეში ვითარება აგვისტოს ბოლოს დაიძაბა, როცა იქ ქართული პოლიციური საგუშაგო განთავსდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ საგუშაგოს აღება ულტიმატუმის ენით მოითხოვა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდა. საპასუხოდ, საოკუპაციო ძალამ იმავე ჩორჩანის ტყეში გზა გაიყვანა და ორი ახალი საგუშაგოც დადგა, ეს კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1300 მეტრის სიღრმეში გააკეთა. ეს ფაქტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც დაადასტურა.

„სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა აღმართეს ახალი პოზიციები და განათავსეს ბორდერიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე ნიშანი, მათ შორის 'მწვანე ნიშნები' და დროშები თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე.

ეს ნიშნები მდებარეობს 1,3 კილომეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ასევე გააძლიერეს წარმომადგენლობა ჩორჩანის სატყეო სივრცეში.

მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე უსაფრთხოების სფეროს შეიარაღებული მოთამაშეების მნიშვნელოვან, კვლავ მიმდინარე, ყოფნას. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან რამდენიმე ახალი პოზიციის დაარსება და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ზრდის შეჯახების პოტენციალს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას“, - წერია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ახლა სწორედ ამ ახალ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და საოკუპაციო ძალებს გზა ყობთან ახლოს გაჰყავთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის შეფასებით, ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია რჩება. ეს თქვა მან 16 ოქტომბერს, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალები ყოველდღიურად ახორციელებენ უკანონო ქმედებებს - განაგრძობენ „ბორდერიზაციას“, უკანონოდ აკავებენ ან ზღუდავენ გადაადგილებას და ეს ინსტრუმენტები ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად:

„აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა სოფელ გუგუტიანთკარში და ჩორჩანის მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. ასევე, საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას - სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები. ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკების არსებული ფორმატები“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ჩორჩანაში, ახლახან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მოქმედებებს როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აკვირდებიან. ჩორჩანის ტყეში ვითარების განმუხტვისთვის მხარეებს შორის 5 ტექნიკური შეხვედრა უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ. ქართული საპოლიციო საგუშაგოს სიახლოვეს ორი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო-საოკუპაციო საგუშაგო რჩება და შეიარაღებული ადამიანები ერთმანეთის სიახლოვეს გადაადგილდებიან.

XS
SM
MD
LG