კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებამდე დაგეგმილი სხვა ფილმის სეანსის მოხსნა მაყურებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
„კავეას კინოთეატრების ქსელში კინოჩვენებები დაგეგმილი რეპერტუარით იქნება გავა, მოიხნსა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინა სეანსი, მხოლოდ ამ ფილმის წინ არსებული სეანსი, რათა კინოთეატრების ქსელში უსაფრთხოების სამსახურის მობილიზება მოხდეს, რომ მათ მაყურებლის უსაფრთხოების დაცვა უკეთ უზრუნველყონ და მაყურებლის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად გარანტირებული“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მათივე ცნობით, ყველა დანარჩენი სეანსი დაგეგმილი გრაფიკით გავა.
კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ჰყავთ თავისი დაცვის სამსახური და სამივე დღეს სამსახურის ყველა თანამშრომელი 6-ვე კინოთეატრში იქნება მობილიზებული.
„თუ სხვა დღეებში დაცვის სამსახურის თანამშრომლები ცვლაში მუშაობენ, 8,9 და 10 ნოემბერს ლევან აკინის ფილმის სეანსებზე დაცვის სამსახურის ყველა თანამშრომელი იქნება მობილიზებული“,- ამბობენ კავეას კინოთეატრების ქსელში.
ისინი არ ვარაუდობენ, რომ მაყურებელის უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნებათ. ინვენტარის ან სხვა ნივთების დაზიანების შემთხვევაში კავეას ქსელი მიმართავს საპატრულო პოლიციას.
ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება.
„ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 4 ნოემბერს, უკვე მეორედ და სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, თქვა, რომ არ დაუშვებს ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის, „And then we danced“ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი, აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.
ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბილეთების ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება - საუბარია რამდენიმე ათას მაყურებელზე თბილისსა და ბათუმში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.