ზუგდიდის ქუჩებში დღეს პლაკატები მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას გამოსახულებებით თავდაღმა გააკრეს.
აქციის ავტორები უცნობია. პლაკატები ძირითადად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაკრული. პარალელურად ფეისბუკზე ზუგდიდელთა ნაწილი დღეს აზიარებს ჰეშთეგს წარწერით - #ამოაყირავემაჟორიტარი.
მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია იმ დეპუტატების სიაში არიან, ვინც მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. მათ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა კენჭისყრისგან თავი შეიკავეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 14 ნოემბერს აქცია გამართეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, სადაც პლაკატებიც გააკრეს შემდეგი წარწერით: „თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან, პროპორციული სისტემის ჩაგდებამდე“, „ბიძინა და 40 კერკეტი კაკალი“.