Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ სადიკოვი და ელენე ხოშტარია - კიდევ ვის ერგო "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება 2019-ში?


დღეს, 9 ნოემბერს, ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა 2019 წლის „ტოლერანტობის ქომაგის“ სიგელების მფლობელები დაასახელა.

გამარჯვებულები გახდნენ:

  • პედაგოგი ჰამიდ სადიკოვი, რომელმაც ადგილობრივი თემის წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისი ყოფილი მოსწავლის მაგალითზე არასრულწლოვნების იძულებით ქორწინება საჯაროდ გააკრიტიკა
  • საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი ქერიმ ანყოსი, ქურთული თემის ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის
  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე - ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერისათვის
  • ნომინაციაში „საჯარო მოხელე“ ქომაგის სიგელი ელენე ხოშტარიას ერგო
  • ნომინაციაში „პიროვნება“ გამარჯვებული მკვლევარი მანანა ქუთათელაძე გახდა

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ამბები დღეს მხოლოდ უარყოფითი კუთხით შუქდება, მაგრამ, საბედნიეროდ, გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ მომავლის შეცვლას. იმედი მაქვს, მომავალ წელს ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე დღეს არის“, - თქვა დაჯილდოების შემდეგ ჰამიდ სადიკოვმა.

სიგელები მიიღეს ასევე ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირმა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროექტმა „მრავალფეროვანი საქართველო“.

„ტოლერანტობის ქომაგის“ სიგელები გადაეცათ ეროვნული უმცირესობის საბჭოს მიერ გამოვლენილ ოთხ ნომინაციაში: მედიასაშუალება ან პროექტი, პიროვნება, საჯარო მოხელე და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებული წევრი; და რელიგიათა საბჭოს მიერ დასახელებულ სამ ნომინაციაში: პიროვნება, ორგანიზაცია და საჯარო მოხელე.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად, განსხვავებულ კულტურათა თანაცხოვრებისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობის ხაზგასასმელად აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG