Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: საქართველოს მართავს "მორალურად გაკოტრებული ორი პოლიტიკური ძალა"


მამუკა ხაზარაძე, "ლელოს" თავმჯდომარე
მამუკა ხაზარაძე, "ლელოს" თავმჯდომარე

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ორპოლუსიანი სისტემა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს. მას მხედველობაში ჰქონდა მმართველი „ქართული ოცნება“ და მისი ოპონენტი, ყოფილი მმართველი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“.

„მმართველმა ძალამ სრულად გადაიბარა წინა ხელისუფლების ყველა ის ძირითადი მანკიერება, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგითაც მოვიდა. უკვე წლებია, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი სისტემა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს. სწორედ „ლელო“ არის ამის ალტერნატივა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელოს“ თავმჯდომარემ, ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე.

უფრო ადრე, უკრაინაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძეს უწოდა „მევახშე“ და ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ისიც დაადანაშაულა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლაში.

„ქართველი ხალხისთვის ეს პორტი აშენებული იქნებოდა უკვე დიდი ხნის წინ, თუ არა ხაზარაძე და ივანიშვილი და მისი პატრონი. მერე ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავზე. მართლა ხომ არ ბნელა? ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა კიდევ უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლის თავზე? მართლა სულელები ხომ არ გგონიათ ქართველები და ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერს მოითმენენ? საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას, მევახშეებისა და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე“, - ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG