Accessibility links

site logo site logo

"ევროპული საქართველოს" შეფასებით, აშშ-ის განცხადება უმძიმეს პრობლემაზე მითითებაა


პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, მთავრობისადმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ პროკურატურა არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული, მართლმსაჯულების სისტემაში უმძიმეს პრობლემაზე მიუთითებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მთავარი ნაწილი ეხება ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ პროკურატურამ არ განაგრძოს პოლიტიკური დევნა, ანუ არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული, და ასევე, მოუწოდებს, რომ გააგრძელოს დიალოგი ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე“, - უთხრა მედიას ოთარ კახიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის დადებითად შეფასებას, კახიძის თქმით, „დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ერთი რაღაც პოზიტივი ჩაეწერათ“.

„ევროპული საქართველოს“ წევრის შეფასებით, მეოთხე ტალღის რეფორმა საკანონმდებლო დონეზე მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა ამას მოჰყვა მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტმა ზარ-ზეიმით დაამტკიცა.

ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მიერ გამოთქმული მკაცრი შეფასებების გაგრძელებაა. მისივე თქმით, ივანიშვილმა დასავლეთისა და ქართული საზოგადოების ნდობა დაკარგა, როცა გატეხა დაპირებული სიტყვა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ. კახიძის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ არა რომელიმე ხელისუფლებას, არამედ საქართველოს დემოკრატიასა და განვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG