Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიარაღება მოეპოვება ირანს?


ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების აღლუმი თეირანში. 2019 წ. 22 სექტემბერი.
ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების აღლუმი თეირანში. 2019 წ. 22 სექტემბერი.

3 იანვარს ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის დრონიდან გაშვებული რაკეტით მოკლულ იქნა ირანის ძლევამოსილი გენერალი - ისლამური რესპუბლიკური გვარდიის კორპუსის ელიტური ნაწილის, „ყუდსის ძალების“ სარდალი, ყასემ სოლეიმანი. ამ ოპერაციას წინ უძღოდა მოვლენათა წყება, რომელმაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაპირისპირება დააჩქარა.

27 დეკემბერს პროირანული ორგანიზაცია „ქათაებ ჰიზბოლა“ თავს დაესხა ერაყის სამხედრო ბაზას, რომელშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ. ამას მოჰყვა ამერიკელების მიერ 29 დეკემბერს განხორციელებული საჰაერო იერიში, რომლის შედეგადაც „ქათაებ ჰიზბოლას“ 25 წევრი დაიღუპა. ამით განრისხებულმა ბრბომ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ალყა შემოარტყა და მასში შეღწევა სცადა. ვაშინგტონმა ევაკუაცია გაუკეთა თავის პერსონალს. აშშ-ის დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ იერიშში პროირანული გასამხედროებული დაჯგუფებების წევრებიც მონაწილეობდნენ. საელჩოს გარშემო ვითარების გამწვავების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალ სოლეიმანის მოკვლის განკარგულება გასცა.

სოლეიმანის მოკვლის შემდეგ თეირანიდან გაისმა არაერთი მუქარა, რომ ირანი სასტიკად იძიებს შურს აშშ-ზე.

ასეთ ვითარებაში სავსებით ბუნებრივია, ვიკითხოთ - როგორ შეიძლება იძიოს შური ირანმა და როგორია მისი სამხედრო შესაძლებლობები?

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო განაგრძობს ირანის ბირთვული პროგრამის მონიტორინგს. ახლახან ირანი გამოვიდა ხელშეკრულებიდან, რომელსაც მსოფლიოს ექვს ქვეყანასთან მიაღწია 2015 წელს. ჯერჯერობით ურანის გამდიდრების ხარისხი ქვეყანას არ აძლევს ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობას.

ირანის შეიარაღებული ძალები შედგება ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსისგან და უშუალოდ ირანის არმიისგან. მთლიანად შეიარაღებულ ძალებში 545 ათასი სამხედრო მოსამსახურეა. მაგრამ ირანს დიდი გავლენა აქვს რეგიონის სხვა გასამხედროებულ დაჯგუფებებზე ერაყში, ლიბანში, სირიაში, ავღანეთსა და იემენში. ამ დაჯგუფებებში არსებულ მეომართა რიცხვის შეფასება რთულია. ამასთან, ამ დაჯგუფებებს შესწევთ უნარი, იერიში განახორციელონ ამერიკულ ობიექტებზე ისე, რომ ამ თავდასხმებისთვის პირდაპირი პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელი იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებაზე.

ამერიკული სანქციების გამო ირანს არ შეუძლია დასავლური სამხედრო ტექნოლოგიების შეძენა. ირანის არმიის შეიარაღებაში რჩება საბჭოთა ტექნიკა და ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოება. დაუდასტურებელი ცნობებით, ისლამური რესპუბლიკა უკანასკნელ ხანებში წელიწადში მილიარდ დოლარამდე ხარჯავს ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შესყიდვაში. რუსეთისა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მეშვეობით ირანმა შეიძინა მოკლე და საშუალო სიშორის კომპლექსები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. გარდა ამისა, შეიარაღებაში აქვს 17 ტიპის დრონი, მათ შორის, უხილავი საფრენი აპარატები და უპილოტო-კამიკაძეები ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

აშშ-ის ჟურნალი Military Watch-ი წერს, რომ დღესდღეობით ირანის სარაკეტო ჯარები გაძლიერებული მზადყოფნის მდგომარეობაში არიან მოყვანილი.

ირანის სამხედრო შესაძლებლობები

  • ჯერჯერობით არ შესწევს ბირთვული იარაღის წარმოების უნარი
  • ჯარები შედგება ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსისგან და ირანის არმიისგან
  • მთლიანად შეიარაღებულ ძალებში 545 ათასი სამხედრო მოსამსახურეა
  • შეიარაღებაში აქვს საბჭოთა და ირანული წარმოების ტექნიკა
  • მოეპოვება საშუალო სიშორის კომპლექსები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები (შეიძინა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეისგან)
  • მოეპოვება 17 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები
  • სამხედრო-საზღვაო ფლოტი შედგება სწრაფმავალი ხომალდებისა და მცირე ზომის წყალქვეშა ნავებისგან

რეგიონში აშშ-ის მთავარი დამრტყმელი ძალაა მეხუთე ფლოტი, რომელსაც ვიცე-ადმირალი ჯეიმს მალოი ხელმძღვანელობს. ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში შედის სპარსეთის ყურე, წითელი ზღვა, არაბეთის ზღვა და ინდოეთის ოკეანის ნაწილი. ფლოტის ბაზაა ბაჰრეინი. მას არ მოეპოვება ხომალდების მუდმივი შემადგენლობა და მისი ფორმირება ხდება საჭიროების მიხედვით. ფლოტის მუდმივი ცენტრია დამრტყმელი ავიამზიდი ძალა Task Force 50. ის შედგება ავიამზიდის, საესკადრო ნაღმოსანთა ესკადრისა და კრეისერისგან. ფლოტის ბირთვს წარმოადგენს ასევე ამფიბიური ჯგუფი Task Force 51, რომელშიც შედის ვერტმფრენმზიდი და სატრანსპორტო გემების ესკადრა, რომელსაც სადესანტო ჯგუფები გადაჰყავს.

მეჰდი ფარფანჩი: მოკლული გენერალი შეუცვლელია ირანისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:06:35 0:00

მაგრამ სპარსეთის ყურეში მდებარეობს ასევე ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ყველა სამხედრო-საზღვაო ბაზაც. ირანის სამხედრო ფლოტი ძირითადად შედგება მცირე ზომის სწრაფმავალი ხომალდებისა და პატარა წყალქვეშა ნავებისგან, რომლებსაც ანტისახომალდო ფრთოსან სარაკეტო დანადგარებთან ერთად დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ მსხვილი გემებისთვის. გარდა ამისა, ამ ფლოტს შეუძლია მთლიანად გადაკეტოს სპარსეთის ყურეში ნავთობტანკერების მოძრაობა.

New York Times-ი იმოწმებს ირანის გენერალს, ალი ფადავის, რომლის თქმით, შესაძლებელია, საპასუხო დარტყმა ირანმა არ განახორციელოს. ამერიკული დრონით მოკლული გენერალი ყასემ სოლეიმანი ხომ უცხოეთში ირანის ოპერაციებისა და შიიტური იდეოლოგიის გავრცელებისთვის იყო პასუხისმგებელი. მისი მიმდევრები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყვნენ.

XS
SM
MD
LG