Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით გამოვიდა პუტინი


15 იანვარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფედერალური კრებისადმი მიმართვაში გამოვიდა წინადადებებით რიგი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე:

პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილი გადაეცეს სახელმწიფო დუმას

რუსეთის პრეზიდენტის წინადადებით, პარლამენტს მიენიჭება უფლება, დაამტკიცოს მთავრობის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, ასევე ფედერალური მინისტრების კანდიდატურები. პრეზიდენტი ვალდებული იქნება, დაამტკიცოს შეთავაზებული კანდიდატურები და მას არ ექნება მათი უკუგდების უფლება. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებებში დარჩება პრემიერ-მინისტრისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მოხსნა ნდობის დაკარგვის შემთხვევაში. პრეზიდენტი ასევე დარჩება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.​

ზედიზედ“ ორი ვადა

პუტინი გამოვიდა წინადადებით, მსჯელობა გაიმართოს იმაზე, ამოღებულ იქნეს თუ არა სიტყვა „ზედიზედ“ კონსტიტუციის დებულებიდან, რომლითაც განსაზღვრულია, რომ პრეზიდენტად არჩევა არ შეიძლება ორზე მეტი ვადით. პუტინმა თქვა, რომ მას ეს არ მიაჩნია პრინციპულ ცვლილებად. თუმცა სწორედ სიტყვა „ზედიზედ“-მა მისცა მას 2012 წელს საშუალება, რომ კვლავ დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი. მანამდე ის ამ თანამდებობაზე იყო 2000-2008 წლებში.

უცხოეთის მოქალაქეობის აკრძალვა

პუტინი ამავე დროს გამოვიდა წინადადებით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს. ასევე კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს უცხოეთის მოქალაქეობა ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება. „ამასთან, არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მომენტისთვის, არამედ ადრეც ნებისმიერ დროს“, აღნიშნა პუტინმა.​

პრიორიტეტი საერთაშორისო სამართალთან მიმართებით

პუტინის კიდევ ერთი წინადადებაა დამკვიდრდეს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის პრიორიტეტულობა საერთაშორისო სამართალთან მიმართებით. „ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები და განაჩენები, ასევე საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებები რუსეთის ტერიტორიაზე შეიძლება მოქმედებდეს იმ ნაწილში, რომელშიც ისინი არ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას“, დააზუსტა პუტინმა. მისი თქმით, ეს შესაძლებელს გახდის ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტირებას.

მოსამართლეების მოხსნის უფლება - ფედერაციის საბჭოს

პუტინი გამოვიდა წინადადებით, „კონსტიტუციაში გათვალისწინებულ იქნეს ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილებები, რომ მან პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ თანამდებობებიდან მოხსნას საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები“ მათ მიერ ისეთი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, რაც „ჩირქს სცხებს პატივსა და ღირსებას“.

„მოქალაქეთა კენჭისყრა“

პუტინი გამოვიდა წინადადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მთელ პაკეტზე გაიმართოს „მოქალაქეთა კენჭისყრა“. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ კომისია მზად არის, ნებისმიერ მომენტში მოაწყოს ასეთი კენჭისყრა მას შემდეგ, რაც ძირითადი კანონის ცვლილებები ოფიციალურად ჩამოყალიბდება.

ამ დროს პრაქტიკულად ყველა ცვლილება, რომლის წინადადებითაც გამოვიდა პუტინი, შესაძლებელია მიღებულ იქნეს საერთო-სახალხო კენჭისყრის გარეშე. გამონაკლისია მხოლოდ საერთაშორისო სამართალზე ადგილობრივი კანონების პრიორიტეტის საკითხი. დანარჩენი ცვლილებები პარლამენტში კენჭისყრის წესით მიიღება.

XS
SM
MD
LG