Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამშვები პუნქტების გახსნა - ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების მოთხოვნა


ერგნეთი
ერგნეთი

ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები კონკრეტული გზავნილებით ჩავიდნენ და დე ფაქტო ხელისუფლებას გამყოფ ხაზთან არსებული ე. წ. გამშვები პუნქტების გახსნა მოსთხოვეს. მანამდე, 6 თებერვალს, ისინი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე, ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი საჭიროდ მიიჩნევს ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნას. ამის შესახებ კლაარმა განაცხადა ცხინვალში პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელ მურატ ჯიოევთან შეხვედრისას.

ტოივო კლაარი
ტოივო კლაარი

„ჩვენ რიგგარეშე ვიზიტით ჩამოვედით, იმიტომ რომ გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა ამის საფუძველი მოგვცა. იმედი გვაქვს, შევძლებთ კონსტრუქციულ დიალოგს და ვილაპარაკებთ გამშვები პუნქტების გახსნაზე. უნდა აღინიშნოს გამშვები პუნქტის ამასწინანდელი გახსნის დადებითი ფაქტორი, მაგრამ სასურველია, რომ ამას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი, რასაც შეხვედრებზე განვიხილავთ, მიმართულია ადამიანების საკეთილდღეოდ. ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია ადამიანების ცხოვრების გაიოლება“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.

მურატ ჯიოევმა ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის არსებობა უარყო და განაცხადა, რომ რეალური მდგომარეობა მთლიანად განსხვავდება იმ სიტუაციისგან, რომელსაც ქართული მედია აღწერს. მისი თქმით, რეგიონში არსებული დაძაბული ფონის მიუხედავად, ოსური მხარე ჟენევის დისკუსიის და „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამართული შეხვედრების ფორმატში დარჩენას აპირებს. 29 აგვისტოს შემდეგ ერგნეთის შეხვედრების ფორმატი ჩაშლილია და დე ფაქტო ხელისუფლება მასში მონაწილეობას ჩორჩანის ტყიდან ქართული საპოლიციო საგუშაგოს გატანამდე არ აპირებდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯიოევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ზომებზე, რომლებსაც ოსური ხელისუფლება მიმართავს ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ჯიოევმა ასეთ ზომებად დაასახელა ორ თვეში ერთხელ პენსიონერებისთვის „საზღვრის“ გახსნა და „საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საკითხების გადაწყვეტა“. გარდა ამისა, ჯიოევმა ყურადღება ისევ გაამახვილა ჩორჩანა-წნელისისმონაკვეთზე არსებულ ვითარებაზე. მისი აზრით, აუცილებელია თანამშროლობა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაფიქსირების თაობაზე. ოსური მხარე, უკვე დიდი ხანია, ითხოვს ერთობლივი სადემარკაციო კომისიის შექმნას ე.წ. საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზომების განსამტკიცებლად. იმას, რასაც ოსური მხარე სახელმწიფო საზღვარს უწოდებს, საქართველოსთვის საოკუპაციო ხაზია.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აღება, რადგან ამ რაიონში შექმნილი ვითარება საერთო სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და აუცილებელია გამოსავლის მოძებნა.

ე.წ. საზღვარზე ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და, უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 4 სექტემბრიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორისა და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში 11 თებერვალს ჩავიდნენ. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, არაგეგმურ შეხვედრაზე განიხილეს „სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე“ შექმნილი ვითარება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომლის მომდევნო, 51-ე, რაუნდი მარტის ბოლოსაა დაგეგმილი, თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები: ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები მარტის ბოლომდე ცხინვალში ჩასვლას კიდევ ერთხელ აპირებენ.

XS
SM
MD
LG