Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი ადასტურებს კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას


აზერბაჯანელი ქალი, რომელიც ირანიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ეს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა ქვეყანაში. ინფორმაციას რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური ავრცელებს.

1969 წელს დაბადებული ქალი სერიოზული ავტოიმუნური დაავადებით იყო ავად, ასევე სასუნთქი გზების მწვავე დაავადების უკანასკნელი სტადია ჰქონდა, იტყობინება აზერბაიჯანის საგანგებო ვითარებათა კრიზისული ცენტრი.

აზერბაიჯანში დღეისთვის ახალი კორონავირუსით დაავადების 11 შემთხვევაა აღრიცხული. ყველა მათგანმა ირანში იმოგზაურა.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა. მომდევნო დღეს, ქვეყანამ საზღვარი ჩაკეტა მეზობელ ირანთან. ბაქომ ხუთშაბათს კიდევ ორი კვირით გააგრძელეს ირანთან საზღვრის ჩაკეტვის ვადები. მარტის დამდეგიდან ქვეყანაში დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები და საბავშვო ბაღები.

ახალი სახეობის კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული 25 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG