Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ცხინვალმა COVID-19-ის ლოკალიზება შეძლო


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა ე.წ. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მორიგი შეხვედრა გამართა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება, შეხვედრაზე თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეგიონში არსებული ვითარება სტაბილურად შეაფასა:

„ვირუსის მატარებლები და ასევე მოქალაქეები, რომელთაც COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდათ, იმყოფებიან კარანტინში, სამედიცინო დაწესებულებებში. რესპუბლიკაში კორონავირუსი გაჩნდა, მაგრამ მიღებული ზომების შედეგად, მისი ლოკალიზება შევძელით. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ინფექცია ქუჩაში არ გავიდეს და ეს გამოგვდის“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის ცხინვალში მედიკამენტების, დაცვისა და დეზინფექციის საშუალებების სიმცირე არ არის, თუმცა ხელისუფლება მარაგების შევსებას აპირებს.

„რაც შეეხება დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისინი თავს კარგად გრძნობენ, მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ. საკარანტინო ღონისძიებები უზრუნველყოფს იმას, რომ კორონავირუსი სამედიცინო დაწესებულებების კედლებს არ გასცდეს. და აქ უდიდესი პასუხისმგებლობა აწევთ ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს და იმ მედპერსონალს, რომლებიც მუდმივ კონტაქტში არიან კარანტინში მყოფ პირებთან“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ ცნობა ცხინვალიდან 6 მაისს გავრცელდა. დღეისათვის ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა შორის არიან რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსანტები, ჩრდილოეთ ოსეთიდან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნებული მოქალაქეები და რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG