Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაადგილების პრობლემა კარანტინისგან გათავისუფლებულ რუსთავში


რუსთავი
რუსთავი

რუსთავში თავისუფალი მიმოსვლა 14 მაისიდან აღდგა, მაგრამ შიდა და საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ მუშაობს, რაც ბევრ რუსთაველს პრობლემებს უქმნის.

ლიკი ნატროშვილი, რომელიც თბილისში მუშაობს და რუსთავის ჩაკეტვის გამო 14 მაისამდე დისტანციურად საქმიანობდა, ახლა სამსახურში თავისი ხელმძღვანელის ნათესავის ავტომანქანით დადის: „ეს ადამიანი უნდა შევაწუხო, სანამ ტრანსპორტი არ აღდგება. ის რომ არ ყოფილიყო, მუშაობას სახლიდან გავაგრძელებდი. ბიზნესიც არ არის ვალდებული, რომ რაღაც თანხა გამოყოს [მგზავრობისთვის]“.

რუსთაველი ლიკი ნატროშვილი გვეუბნება, რომ მუშაობას საღამოს შვიდ საათზე ასრულებს. ამ დროს პროდუქტებისთვის მაღაზიაში შესვლაც კი სარისკოა, რადგან შეიძლება კომენდანტის საათმა მოუსწროს. ჯერ კიდევ ქალაქის გახსნამდე - როგორც კი გამოიდარა - რუსთაველების დიდი ნაწილი გარეთ გავიდა. ისინი სკვერებსა და ეზოებში იკრიბებიან. რიგებია მაღაზიებთან. საღამოს 9 საათიდან, კომენდანტის საათის დაწყებისთანავე, ქალაქი ისევ ცარიელდება.

ვონარი კოკაიას, რომელიც შვილიშვილების სანახავად იყო და შინ ბრუნდებოდა, რუსთავის ცენტრალურ ხიდზე შევხვდით. გვითხრა, რომ კომენდანტის საათი ასატანია, მაგრამ როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, ფეხით სიარული დამღლელია:

„დავიღალეთ ფეხით სიარულით, ჩვენც გვინდა გასვლა-გამოსვლა. საქალაქო ტრანსპორტი მაინც გაუშვან... ღამე გარეთ რა მინდა? ვისაც საშვი და მანქანა ჰყავს და საქმე აქვს, გასაგებია, მაგრამ დღე? ჩვენთვის დღეც კომენდანტის საათია. შვილიშვილებთან ვიყავი. რამდენ ხანს ვყოფილიყავი სახლში? არ მენახა ისინი?“

უტრანსპორტობაზე ჩივის ე.წ. ძველ რუსთავში მცხოვრები ნუცა ბაღდავაძეც. მისთვის წამლები ნათესავებს თუ ნაცნობ-მეგობრებს მტკვრის მეორე ნაპირიდან, ე.წ. ახალი რუსთავიდან, მოაქვთ.

„ტაქსის ფული არ მაქვს. ლარიან წამლებს მაძლევენ, მაგრამ არც მიკროავტობუსი, არც ავტობუსი... მომტანი არავინაა. მერიაში დავრეკე, მითხრეს მოგიტანთო, მაგრამ ორი კვირა... მეზობელს ველოსიპედი აქვს, გაღმა გავგზავნე მე-12 მიკრორაიონში, რომ იქ მდებარე აფთიაქიდან წამლები წამოეღო. მაინცდამაინც იმ აფთიქში უნდა ავიღო წამლები. მაშინ ტრანსპორტიც გამოყონ [ჩვენი კატეგორიის ხალხისთვის]“.

ახალგაზრდა მურად გლურჯიძე, რომელიც სალიზინგო კომპანიაში მუშაობს და ავტომანქანა ჰყავს, გვეუბნება, რომ მისთვის გაუგებარი შეზღუდვების გამო ავტომობილს სრულყოფილად ვერ იყენებს:

„მაღაზიებს ერთდროულად 10 ადამიანის შეშვების უფლება მისცეს და მე ორი შვილით და მეუღლით მანქანით გადაადგილების უფლება არ მაქვს. რატომ ხდება ასე? პასუხი არავის აქვს“.

რუსთავის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, ჯურხა ბენდელიანის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, სავარაუდოდ, 22 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, განახლდება. ამჟამად მუნციპალური ტრანსპორტი უფასო სასადილოების ბენეფიციარებს და მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს ემსახურება.

რაც შეეხება რუსთავსა და თბილისს შორის მიმოსვლას, კომპანია „ინტერტრანსი“, რომელიც ამ მარშრუტს ემსახურება, ჯერჯერობით ისევ გაჩერებულია. რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივ ლიდერთა კლუბს ონლაინშეხვედრის დროს უთხრა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, პრევენციიის ფარგლებში და რეგულაციის გათვალისწინებით, რუსთავი-თბილისის ხაზზე გასული მიკროავტობუსები რეალური მგზავრთნაკადის მხოლოდ მესამედს დააკმაყოფილებენ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG