Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის ბანკეტზე გადაღებულ ფოტოებს


სოციალური ქსელების მომხმარებლების აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტად ხელახლა არჩეული, არაიკ ჰარუთიუნიანის ინაუგურაციის შემდეგ სტეფანაკერტში გამართული ხალხმრავალი ბანკეტის ამსახველი სურათების გამოქვეყნებას

ფოტოზე სხვებთან ერთად აღბეჭდილია სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.

ოპონენტები ფაშინიანს შეახსენებენ ცოტა ხნის წინ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას, რომ ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ხალხმრავალ ღონისძიებებსა და წვეულებებში მონაწილეობისგან და მკაცრად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები ქვეყანაში კორონავირუსის მძიმე ეპიდემიური ვითარების გამო.

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის არაიკ ჰარუთიუნიანის ინაუგურაცია 21 მაისს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის პრეზიდენტი და ეროვნული კრების - სომხეთის პარლამენტის სპიკერი.

ფოტოზე ჩანს, რომ ბანკეტს ესწრება მრავალი ადამიანი, მაღალი რანგის სტუმრებიდან არც ერთი არ იცავს სოციალური დისტანცირების წესს და არ უკეთია პირბადე.

სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმირებულ მოქალაქეთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, დანიელ იოანისიანმა თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ ის და მისი კოლეგები აპირებენ მიმართონ ყარაბაღის პოლიციას მოთხოვნით, დააჯარიმოს ამ ბანკეტის ყველა მონაწილე, მათ შორის - სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

22 მაისს კორონავირუსის ეპიდემიის მხრივ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას „ძალიან სერიოზული“ უწოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა: „სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაცრი ზომები ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა შემდგომ არ მოგვიწიოს უმკაცრესი შეზღუდვების შემოღება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ის იძულებული გახდა გაეკეთებინა ასეთი განცხადება მას შემდეგ, რაც ქუჩებში ბოლო დღეებში დაინახა ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ ნიღბების გარეშე, არ იცავენ სოციალურ დისტანციას. ფაშინიანმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან აუცილებელი დისტანცია, გაიკეთონ დეზინფექცია და ისარგებლონ დეზინფიცირებული ჭურჭლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG