Accessibility links

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სრული საიზოლაციო შეზღუდვა მოიხსნა


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სრული საიზოლაციო შეზღუდვა მოიხსნა. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 4 ივნისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დადგენილება გამოსცა.

მისი თქმით, თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა 22 მაისს იყო და ინტენსიურ ტესტირებას ახალი შემთხვევები აღარ გამოუვლენია ბოლო 14 დღის განმავლობაში.

გახარიას ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ არის: "ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით".

პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროელებს მოუწოდა მაქსიმალური სიფრთხილისა და წესების დაცვისკენ, რათა მთავრობას ისევ არ დასჭირდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება.

თეთრიწყარო 26 აპრილს ჩაიკეტა. პირველი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმია. თეთრიწყაროში კორონავირუსით დაინფიცირდა 60-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG