Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოფობია: გამოკითხული კაცების 83% არ ისურვებდა ჰომოსექსუალი შვილის ყოლას


საქართველოში, ქალებსა და მამაკაცებს შორის, კვლავაც ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები, - ვკითხულობთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მომზადებული გამოკვლევის დასკვნაში.

გამოკითხული კაცების 83% ამბობს, რომ მას შერცხვებოდა ჰომოსექსუალი შვილის ყოლა - იმავეს პასუხობს ქალების 74%.

გამოკითხული კაცების 83% ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალ კაცებს/ქალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება. ასე ფიქრობს ქალების 64%.

კაცების 81% მიიჩნევს, რომ მას არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი. ასე ფიქრობს გამოკითხული ქალების 54 %.

გამოკვლევის თანახმად, ბევრად მაღალია მიმღებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ.

მხოლოდ მეოთხედზე ცოტა მეტმა კაცმა და ქალმა განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა შშმ პარტნიორის ყოლას, და მხოლოდ ქალების 13-მა პროცენტმა და კაცების 15-მა პროცენტმა თქვა, რომ შერცხვებოდა შშმ შვილის ყოლა.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Promundo - რომელიც კაცებისა და ბიჭების ჩართულობით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის პრევენციას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის, IMAGES, მოდელზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ შინამეურნეობის კვლევას კაცებისა და ქალების დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

XS
SM
MD
LG