Accessibility links

"დემოკრატიის ინდექსი საქართველო" მოუწოდებს პარლამენტს დაინტერესდეს, რატომ არა აქვთ 20-21 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი


„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაინტერესდეს 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობის მიზეზებით და სწორედ ამ მიზნით გამოიყენოს რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილება - ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი.

20-21 ივნისის მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ "დემოკრატიის ინდექსის' გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ აქციის დაშლის შემდეგ ერთი მხრივ, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მეორე მხრივ, დაშავებული დემონსტრანტების დაზარალებულად არცნობის სტატისტიკა შეიცავს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს.

„დღეის მდგომარეობით პოლიციელებზე ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი წარდგენილი აქვს 17 მოქალაქეს, ხოლო დემონსტრანტებზე ძალადობისთვის - 3 პოლიციელს. მათგან დამნაშავედ ცნეს 13 მოქალაქე, პოლიციელთაგან - დღემდე არცერთი.

შერჩევითი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში დაზარალებულად ცნობილთა სტატისტიკაც. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სახალხო დამცველი, ისე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ როგორც მომიტინგეთა, ისე პოლიციელთა რიგებიდან დაშავებულთა დიდ რაოდენობაზე, დღემდე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 8 დემონსტრანტს. პოლიციელთა რიგებიდან კი დაზარალებულად ცნობილია 68 პირი“, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ყველა ფუნქცია და ინსტრუმენტი და რეაგირება მოახდინოს პრობლემებზე, რომლებიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლიდან ერთი წლის შემდეგაც პასუხგაუცემელი რჩება.

„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • გამოიკვლიოს დაზარალებულად ცნობის პრაქტიკა სასამართლოსა და პროკურატურაში, კერძოდ, რა ეტაპზე და რა მტკიცებულებების არსებობისას ენიჭება პირს პრაქტიკაში დაზარალებულის სტატუსი;
  • მოისმინოს პროკურატურის, სახალხო დამცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ორგანოების მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით;
  • საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევიოს უფლებადაცვითი ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული პირი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სისხლის სამართალწარმოებაში და მუშაობენ დაზარალებულთა/მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე;
  • განიხილოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, ანგარიშები და რეკომენდაციები;
  • ჩართოს პროცესში დაინტერესებულ მხარედ ის პირები, რომლებიც დაზარალებულად ცნობას ითხოვდნენ 20-21 ივნისის აქციების დაშლის შედეგად მიყენებული ზიანის გამო;
  • დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ხარვეზი მოქმედ კანონმდებლობაში

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG