Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენზურა ბავშვებზე ზრუნვის სახელით?


1 სექტემბრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების საკითხის რეგულირებას.

კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა მედიაორგანიზაციებისა და ვებსაიტების ადმინისტრაციებს წერილობით შეატყობინა სიახლე, რომელიც სულ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს. „ეს არის ტელევიზიების დახურვის მოხდენილი, ლამაზი და კეთილშობილური გზა, შენიღბული ბავშვების ინტერესების დაცვით“, - მიაჩნიათ ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ბავშვები ტელევიზორებთან და ინტერნეტში

2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება საქართველოს კანონის, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“, ის მუხლები, რომლებიც არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით დამატებით ვალდებულებებს აწესებს.

ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების საკითხის რეგულირება დაევალა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომლის 2020 წლის 28 თებერვლის დადგენილების მიხედვით, ვალდებულებები წარმოეშვათ იმ ვებსაიტებსაც, რომლებსაც განთავსებული აქვთ აუდიო-ვიზუალური პროგრამები, თამაშები, ფილმები, მათ შორის ანიმაციური ფილმები და სერიალები.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის, თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია პასუხს აგებს მხოლოდ თავის მიერ ლიცენზირებულ სუბიექტებზე, თუმცა კომისიამ თავისივე დადგენილებით გადაწყვიტა, რომ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის შინაარსის კონტროლის უფლებაც აქვს.

კანონის ახალი მუხლების ამოქმედებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც:

სოფო კილაძე
სოფო კილაძე

„ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს. "ბავშვის უფლებათა კოდექსის" ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს რეგულაციებს და აღსრულების მექანიზმებს. მადლობა მინდა ვუთხრა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და მის ხელმძღვანელს, კახა ბექაურს, რომელმაც სამაგალითოდ გაართვა თავი კოდექსის აღსრულების მომზადებას“.

კანონის აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს „ასაკობრივი ნიშანდების“ ვალდებულებას. მედიაორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს, მონიშნოს და შესაბამის საათობრივ ზონებში განათავსოს (ან ამოიღოს) პროგრამა (ანონსი), რომელიც შეუფერებლად მიიჩნევა 18, 15, 12 და 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის.

ბევრი ბუნდოვანი პუნქტი

თუ რა მიიჩნევა სხვადასხვა ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებლად, 20-ზე მეტ ვრცელ პუნქტშია ჩამოყალიბებული, თუმცა, როგორც ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, პუნქტების მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად ზოგადია, რომ ფართო და თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

18 წლამდე არასრულწლოვნისათვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

  • სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;
  • უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
  • იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;
  • ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;
  • ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.

15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც დამატებით შეიცავს:

  • სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას;
  • შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია;
  • ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც დამატებით შეიცავს:

  • შეურაცხმყოფელ ლექსიკას.

7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა:

  • მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.

ჯანა ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი ან უკიდურესად არაკომპეტენტური ხალხის მიერაა შედგენილი, ან მიმართულია სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად.

ჯანა ჯავახიშვილი
ჯანა ჯავახიშვილი

„ბუნდოვანია ფორმულირებები და ეს ბუნდოვანება ტოვებს ინტერპრეტაციისათვის იმხელა სივრცეს, რომ ძალიან ადვილია გადაიქცეს ინსტრუმენტად იმათ ხელში, ვინც დაინტერესებულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით. ეს მექანიზმი შეიძლება გამოყენებული იქნეს ბოროტად, რაც არ სჭირდება არავის და მათ შორის არ სჭირდებათ ბავშვებს, რომელთა ფსიქო, სოციალური და ემოციური განვითარებისათვის საჭიროა ყურადღება ოჯახში, სკოლაში; საჭიროა ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომები, კულტურა... ბავშვიც უნდა განვითარდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს ცვლილებები ხელს არ შეუწყობს არც მედიისა და სიტყვის თავისუფლებას და არც ბავშვის განვითარებას. ფარისევლობაა სიტყვის თავისუფლების წინაააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შეფუთვა ბავშვებზე ზრუნვით“, - უთხრა ჯანა ჯავახიშვილმა რადიო თავისუფლებას.

რა მოხდება, თუკი მედიაორგანიზაცია ვერ შეასრულებს ან დაარღვევს რომელიმე პუნქტს?

კომისია ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, დაიწყოს საქმის წარმოება და დააჯარიმოს ორგანიზაცია.

თუ დარღვევა ერთი წლის განმავლობაში განმეორდა, კომისიას შეუძლია შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება.

„ამ აბსოლუტურად ინტერპრეტირებადი და ბუნდოვანი მუხლების შესრულებაზეა დამოკიდებული თავისუფალი მედიის ბედი. ლიცენზიას დავკარგავთ, თუ, მაგალითად, პირდაპირ ეთერში წლის განმავლობაში ორჯერ გაისმება გინება, ან თუ ვინმემ თოკშოუს მსვლელობისას ახსენა ნარკოტიკის სახელი. ეს არის ტელევიზიების დახურვის მოხდენილი, ლამაზი და კეთილშობილური გზა ვითომდა ბავშვების ინტერესების დაცვაზე ზრუნვით. წლის ბოლომდე შეიძლება არც ერთი ტელევიზია აღარ დარჩეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

როგორ იმუშავებს მედია?

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ყველაფერი დაიწყო 2020 წლის 21 მაისს, როცა პანდემიასთან ბრძოლის პიკზე ჩუმად, სათანადო განხილვის გარეშე, შევიდა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის 56.1 და 56.2 მუხლებით განისაზღვრა მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნების დაცვისა და პროგრამათა კატეგორიების კრიტერიუმები.

„ამ მუხლებში ჩამოთვლილი ყველა პუნქტი სადავოა და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. თან გამოდის, რომ კომისიის თავმჯდომარე ბექაურია ყველაფრის გადამწყვეტი, იმიტომ რომ სხვა არანაირი განმსაზღვრელი დოკუმენტი არ არსებობს. რამ შეიძლება შეაფერხოს მოზარდის სულიერი განვითარება? რამ შეიძლება ავნოს მოზარდის ფსიქიკას? ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძის ტელევიზორში გამოჩენამ, ბექაურის აზრით, შეიძლება ავნოს მიხეილ სააკაშვილმა. არც ასეთი ინტერპრეტაცია არ უნდა გაგვიკვირდეს. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი მოზარდის სოციალიზაციას? ეს ყველაფერი უსასრულო ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა“, - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“, „ფორმულას” და რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად კომუნიკაციების კომისიას უგზავნის ვრცელ წერილს კანონიდან გამომდინარე ბუნდოვან შეკითხვებზე პასუხის მისაღებად, რათა ტელევიზიებმა შეძლონ კანონის ეფექტიანად დაცვა. ტელეკომპანიების წარმომადგენლები ითხოვენ პასუხს, თუ როგორ განმარტონ ტერმინები, რომელთა დეფინიცია არ არის მოცემული კანონში. ასეთებია:

  1. „ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის“ ზიანის მიყენება.
  2. შეიძლება თუ არა საინფორმაციო გამოშვება, პოლიტიკური წინასაარჩევნო დებატები, პოლიტიკური თოქ-შოუ, ჰარდთოქი და ა.შ. ჩაითვალოს არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური, სულიერი, ფიზიკური, ინტელექტუალური და ა.შ. განვითარებისთვის ზიანის ან „შესაძლო“ ზიანის მომტანად?
  3. მე-8 კითხვიდან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს მხოლოდ 24:00 საათის შემდეგ შეუძლია გაუშვას საინფორმაციო გადაცემა, პოლიტიკური თოქ-შოუ და ა.შ.?
  4. რას ნიშნავს უხამსი ქმედება ან/და ისეთი ძალადობრივი ან სახიფათო ქმედება, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია? ადვილად იმიტირებად ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკური დაპირისპირებაც, მოიაზრებს თუ არა ეს დათქმა, რომ მაუწყებელმა 18 წლამდე ასაკისთვის შეუფერებლად უნდა მიიჩნიოს საინფორმაციო გადაცემაში დანაშაულებრივი ფაქტების გაშუქება და მათ შორის საგამოძიებო უწყებების მიერ მედიისთვის გადაცემული მასალების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავოს?
  5. შესაძლებელია თუ არა დარღვევად ჩაითვალოს, მაგალითად, გენერალურ პროკურატურაში ან შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული და ეთერით გადაცემული ბრიფინგები, სადაც პროკურატურის ან შსს-ს წარმომადგენლები საზოგადოებას აცნობენ დანაშაულებებთან დაკავშირებულ დეტალებს?
  6. 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს. უოლტ დისნეის მულტფილმში "ბემბი" ბემბის უკლავენ დედას და ის ობლდება. ვინაიდან პატარა ბემბის უკვდება დედა, შესაძლოა თუ არა, რომ ამან ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენა მოახდინოს ბავშვზე? მაუწყებლის მიერ ამ მულტფილმის ეთერში განთავსებით კანონი დაირღვევა?
  7. ავალდებულებს თუ არა კომისია მაუწყებელს, რომ ინტერნეტში განთავსებულ მასალაზე ნიშანდების მინიჭების გარდა, ეს მასალა განათავსოს ვებსაიტზე მხოლოდ დროის იმ მონაკვეთში, რომელიც ეთერისთვის გაქვთ დაწესებული?

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ შეკითხვებისა, რომლებიც ტელეკომპანიების და რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 19 აგვისტოს.

წერილი მთავრდება მიმართვით:

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 1 სექტემბრიდან წინასაარჩევნო პერიოდის დაწყების გამო; ასევე, ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზეც თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დრო, გთხოვთ, გამოაცხადოთ მორატორიუმი და საარჩევნო შედეგების საბოლოო ძალაში შესვლამდე არ მოხდეს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მაუწყებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამავე პერიოდში შესაძლებელი იქნება, რომ შეიმუშაოთ რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება. ამის საფუძველს იძლევა კანონი „მაუწყებლობის შესახებ“.

არც „რომეო და ჯულიეტა“?!

პოპულარული ტელესერიალების სცენარის ავტორი, ქეთი დევდარიანი, მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს წინასაარჩევნო პოპულიზმთან, რომლის აბსურდულობაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ახალი საკანონმდებლო ნორმა ეჭვის ქვეშ აყენებს მხატვრულ ფილმ „რომეო და ჯულიეტას“ ჩვენებასაც კი, რადგან ნაწარმოების ეკრანიზაციაში არასრულწლოვნები თავს იკლავენ და ამით მავნე ზემოქმედებას ახდენენ ბავშვებზე. ქეთი დევდარიანი არც იმას გამორიცხავს, რომ ცვლილებების ნაწილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გამო მიიღეს.

ქეთი დევდარიანი
ქეთი დევდარიანი

„ჩემი ცოლის დაქალები“, როგორც ნიმუში, მოუტანიათ კანონის განხილვის დროს, როგორც პირდაპირი მაგალითი იმისა, თუ როგორ ირყვნებიან და ისტრესებიან ბავშვები, როცა ფილმში არასრულწლოვანი პერსონაჟები თამაშობენ. ალბათ, სერიალების შეზღუდვას აპირებენ და არა მხოლოდ სერიალისას... ცხადია, პირდაპირ ჩვენ გვარტყამს ეს კანონი, გვიზღუდავს საქმიანობას. ძალიან ზოგადია, გაუგებარი, ბუნდოვანი და თან ამოფარებულია „ევროპაშიც ასეას“ - ოღონდ იქ რომ დემოკრატიაა და აქ - არა, ამას არ ამბობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ პრობლემები შეგვექმნება „თესეაშიც“, იქაც არიან არასრულწლოვნები. „ჩემი ცოლის დაქალები“ საერთოდ გროტესკი და სატირაა. მედიის პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ღამის 12 საათზე პატარა ბავშვები უყურებენ ტელევიზორს. ეს არის მშობლის პასუხისმგებლობა და არა რეჟისორის ან სცენარისტის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთი დევდარიანმა, რომლის სერიალებიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადის.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლების მსგავსად, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან უნდა შევიდეს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე მიტანილ იერიშად მიიჩნევს „მთავარი არხის“ დირექტორის მოადგილე, თამთა მურადაშვილი, რომლის თქმითაც, შეზღუდვები სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ყველა მედიას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან, მისი თქმით, არავინ იცის, რა ნორმებით და როგორ ინტერპრეტაციას გააკეთებს მარეგულირებელი კომისია.

„ასეთი რეგულაციები, როგორც წესი, მიიღება გრადუალურად. ჩვენც ეტაპობრივად უნდა გადავსულიყავით ახალ წესებზე, რაც ასე არ მოხდა. იმთავითვე ტოტალური კონტროლი შემოიტანა როგორც კანონმდებელმა, ასევე მარეგულირებელმა, რაც ძალიან ცუდია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამთა მურადაშვილმა, რომლის თქმითაც, პრობლემა ერთიორად მძიმდება საარჩევნო პერიოდში, რადგან ასაკის ნიშანდების მითითების პარალელურად, გადაცემები უნდა გავიდეს შესაბამის საეთერო ზონებში:

„გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს, თუ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის რამე ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ძალიან ბევრი სახის განმარტება ვერბალური, ტექსტუალური, ასაკობრივი ნიშანდების სახით... ასეთი რამ რთული იქნება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პირობებში, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ხდება და წარმოუდგენელია, რომ მთლიანად საეთერო ზონას დაადო ამგვარი გაფრთხილებები და ყოველ ჯერზე ვერბალური და ტექსტური განცხადებები აკეთო. ასე მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია, განსაკუთრებით პირდაპირ რეჟიმში, საინფორმაციო გამოშვებებში, პრაქტიკაში ძალიან რთულად განსახორციელებელი ამოცანებია“.

ყველანი საკონსტიტუციო სასამართლოში

თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ აუცილებლად შეუერთდება იმ ტელეკომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და პარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლება მგრძნობიარე თემებით ცდილობს მედიის საქმიანობის შინაარსის დარეგულირებას, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილის წინაპირობას იძლევა:

„მარეგულირებელ კომისიას არ აქვს უფლება შინაარსის რეგულირებისა და ეს უკვე ნათქვამი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. შინაარსის რეგულირება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმაა. სახელმწიფო უნდა იქნეს მკაცრად დისტანცირებული. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში არის ჩანაწერები, რომ ეს უნდა იყოს ნეიტრალური, არადისკრიმინაციული და ა.შ.“

ედუარდ მარიკაშვილი
ედუარდ მარიკაშვილი

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ახალი ნორმები შეუსაბამოა იმ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებულია საქართველოში.

„ვმუშაობთ სარჩელზე. ტელევიზიების სახელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გააგრძელოს კარგი პრაქტიკა და სტანდარტი გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ ისე, რომ დაბალანსდეს როგორც ბავშვის, ასევე გამოხატვის თავისუფლების ინტერესები, ასევე მაქსიმალურად შეიზღუდოს ხელისუფლების და კომისიის თვითნებობის რისკები“, - უთხრა ედუარდ მარიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG