Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავარია შატილის გზაზე: გარდაცვლილები და დაშავებულები - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 აგვისტოს


რა ვიცით შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად

შატილის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო ცნობებით, გარდაცვლილია 17 ადამიანი, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სიახლეები ამ თემაზე წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

მინსკში დაახლოებით 100 000 ადამიანი შეიკრიბა ანტისამთავრობო მიტინგზე

ბელარუსში საპროტესტო ტალღა გრძელდება. გუშინ მინსკში უკვე მეორედ ბოლო ერთი კვირის მანძილზე 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა ალექსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით.

აქციის დაწყებამდე, შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საპროტესტო აქციის დროს, მილიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

მის მიმართ პროტესტის მიუხედავად, ლუკაშენკა გადადგომას არ აპირებს და ამბობს, რომ ორშაბათიდან, ანუ დღეიდან, ქვეყანაში „წესრიგის აღდგენას დაიწყებს“.

თუმცა მანამდე ბელარუსის მოქმედ პრეზიდენტს საკუთარი უსაფრთხოების ზომები აქვს გაძლიერებული. გუშინ ის აქციის მიმდინარეობისას დამოუკიდებლობის სასახლესთან ვერტმფრენით ჩაიყვანეს.

ვიდეოზე ჩანს, რომ ვერტმფრენიდან გადმოსული ლუკაშენკა, ავტომატით ხელში და დაცვით გარშემორტყმული შენობისკენ მიემართება.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შაქარაშვილის საქმის 11 ბრალდებულის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ამჯერად იმსჯელებენ 11 სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, რომლებსაც ამ დრომდე პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათი საქმეები და 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ცალ-ცალკე განიხილება.

​პროკურატურამ, სრულფასოვანი მოკვლევის საბაბით, გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რის შემდეგაც, წინასასამართლო სხდომა ნაცვლად 31 აგვისტოში, 14 სექტემბერს დაინიშნა. სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში სრულწლოვანი ბრალდებულებისათვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი.

24 აგვისტოს, მცხეთის სასამართლოში დანიშნულ სხდომას თბილისიდან მიწვეული მოსამართლე, ეკატერინე კულულაშვილი გაუძღვება.

წაიკითხე მეტი.

ირანი აცხადებს, რომ უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს 25-წამიანი ინტერვალით ორი რაკეტა მოხვდა

უკრაინული სამგზავრო ავიალაინერი, რომელმაც 2020 წლის 8 იანვარს ირანში კატასტროფა განიცადა, სარაკეტო იერიშის მსხვერპლი გახდა. უფრო ზუსტად კი, მას ორი რაკეტა მოხვდა, რომელთა შორისაც 25-წამიანი შუალედი იყო. ასეთია ირანის სამგზავრო ავიაციის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მან შავი ყუთის შესწავლის შემდეგ მიიღო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პირველი რაკეტის მოხვედრის შემდეგ თვითმფრინავში ისევ ისმოდა ხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მყოფები ჯერ ისევ ცოცხლები იყვნენ.

ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეცდომით ჩამოაგდო თვითმფრინავი, ვინაიდან აშშ-ისგან საპასუხო დარტყმას მოელოდნენ.

გერმანიის პოლიცია გაძლიერებულად იცავს „შარიტეს“ კლინიკას, სადაც ნავალნი იმყოფება

გერმანიის პოლიცია 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს კლინიკა „შარიტეს“ მახლობლად ბერლინში, სადაც მეორე დღეა რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის მკურნალობენ.

„შარიტეს“ საავადმყოფოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ნავალნის უტარდება მრავალმხრივი დიაგნოსტიკა.

გამოკვლევის დასრულების შემდეგ და ოჯახთან შეთანხმებით ექიმები მედიას მიაწვდიან ინფორმაციას დიაგნოზის შედეგებისა და მკურნალობის გეგმის შესახებ.

წაიკითხე მეტი.

გაღარიბება კორონავირუსის დროს: რა გავლენა ექნება პანდემიას ბავშვთა სიღარიბეზე?

21 აგვისტოს გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) გამოაქვეყნა მოსახლეობის და განსაკუთრებით, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკროსიმულაციის მოდელის ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების შემცირება სიღარიბეს გაზრდის.

ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, მოსალოდნელია, მოსახლეობის სიღარიბის დონე 21.7-დან 24 პროცენტამდე გაიზარდოს დაბალი შოკის შემთხვევაში, 26 პროცენტამდე - საშუალო შოკის შემთხვევაში, ხოლო 30.9 პროცენტამდე - ძლიერი შოკის შემთხვევაში.

ასევე მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე საბაზისო 27.6 პროცენტიდან დაბალი შოკის შემთხვევაში, გაიზრდება 30.8 პროცენტამდე, საშუალო შოკის შემთხვევაში - 32.7 პროცენტამდე, ხოლო 37.8 პროცენტამდე - ძლიერი შოკის შემთხვევაში.

რა როლს ასრულებს ამ პროცესში ფულადი დახმარებები? კვლევის მიხედვით, ეს პროცესს მხოლოდ ანელებს. წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ი_ლუსტრაცია: რატომ არის რუსეთში ჩაი ტოქსიკური?

„ანარეკლებში" ქართული ავიაციის ისტორია - „მიმინოდან” დამოუკიდებლობამდე. ახალი აეროპორტები, საპატიო სტუმრები, კონკურენტები და რუსეთი, რომელსაც დამოუკიდებელი ავიატორები ვერა და ვერ ემიჯნებიან.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG