Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებების სერია მინსკში - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 აგვისტოს


დემონსტრანტები დააკავეს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს მინსკში

სულ მცირე 125 ადამიანი დააკავეს გუშინ მინსკის ცენტრში საპროტესტო აქციაზე ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით.

უკვე მესამე კვირაა, ბელარუსის დედაქალაქში ათეულათასობით ადამიანი აპროტესტებს ლუკაშენკას 26-წლიან მმართველობასა და დემონსტრანტების მიმართ სამართალდამცველების სისასტიკეს.

გუშინ აქციის მონაწილეთა კოლონები დამოუკიდებლობის მოედნისკენ დაიძრნენ, თუმცა სპეცრაზმებმა არ მისცეს მათ ქალაქის არცერთ ქუჩაზე, ასევე მოედნისკენ გასვლის საშუალება.

წაიკითხე მეტი.

არჩილ თალაკვაძის პირად დაცვას კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია", - წერია პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში.​

კორონავირუსი დაუდასტურდა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელსაც.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბაჩალიაშვილის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართა

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართა. მათი თქმით, ეს აქცია გაფრთხილებაა და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ითხოვს:

  • სატელიტიდან გადაღებული კადრების ჩართვას საქმეში, სადაც გამოჩნდება, რამდენი ხნის განმავლობაში იდგა თამარის მანქანა იმ ადგილზე, სადაც ის სამართალდამცველებმა იპოვეს.
  • საქმეს შეეცვალოს კვალიფიკაცია მკვლელობის მუხლით.

ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ 27 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოს სრულ ჩანაწერსაც მოითხოვს, სადაც სუს-ის სამი მანქანის გადაადგილებაა ნაჩვენები.

წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა მორიგი პროცესი გაიმართება

კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოშია ჩანიშნული პროცესი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმე დღეს განიხილება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება ხუთი მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულთაგან 5 პირს ბრალდებამ 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი, 11 აგვისტოს წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდიდან არაგვის ნაპირამდე გიორგი შაქარაშვილს "ტოიოტა კამრის" ხუთმა მგზავრმა სდია. მათ ფეხბურთელს არაერთი დაზიანება მიაყენეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიაში ნავალნის საქმეზე თხოვნა გააგზავნა

სანამ რუსი ოპოზიციონერი გერმანიაში „შარიტეს“ კლინიკაში მკურნალობს, რუსეთის პროკურატურამ გერმანიაში სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ თხოვნა გააგზავნა.

რუსეთის გენერალური პროკურატურა ითხოვს, გადაეცეს ინფორმაცია პაციენტის გამოკვლევისა და წინასწარი დიაგნოზის თაობაზე.

ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მოხვდა. მას მერე ხელოვნურ კომაში იმყოფება. ომსკის საავადმყოფოს ექიმების მიმართ იყო კრიტიკა, რომ მათ გარკვეული დროის განმავლობაში არ გასცეს გერმანიის კლინიკაში პაციენტის გადაყვანის ნებართვა.

სწორედ გერმანიაში გამოთქვეს ექიმებმა ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს. რუსეთის ექიმებმა მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალს ვერ მიაგნეს.

წაიკითხე მეტი.

ცხინვალში განვითარებული მოვლენები საქართველოს დაკავებული მოქალაქეების ოჯახებს აშფოთებს

ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს ახლა ყველაზე მეტად გახელაძეების და მღებრიშვილების ოჯახებში აკვირდებიან. ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ იზოლატორში იმყოფებიან, საიდანაც სასტიკად ნაცემი ინალ ჯაბიევი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯაბიევი გარდაიცვალა, მისი დაზიანებული სხეულის ფოტოები კი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ამ ფაქტს ცხინვალში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, 28 აგვისტოდან მოყოლებული, ყოველ საღამოს იმართება საპროტესტო აქციები. მიტინგებზე შეკრებილები დამნაშავეების მკაცრად დასჯას მოითხოვენ. დე ფაქტო პრეზიდენტმა ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი და შემდეგ მთელი მთავრობა გადააყენა, თუმცა აქციის მონაწილეები დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის და თავად ანატოლი ბიბილოვის გადადგომას მოითხოვენ.

ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წევრები კი საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და კატეგორიულად მოითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას.

წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

გორში ტურისტები სტალინის მუზეუმის სანახავად დადიან, თუმცა, გორში სანახავი გაცილებით მეტია. მუზეუმები, ტაძრები, სინაგოგა და, რაც მთავარია, ადამიანები, რომლებიც უძველესი ქართული ქალაქის გამოცოცხლებას ცდილობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG