Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა რუკებია „დავით გარეჯის საქმეში“?


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. რუკის კადრი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოკლიპიდან.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. რუკის კადრი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოკლიპიდან.

გამოძიების განმარტებით, „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულებმა, ნატალია ილიჩოვამ და ივერ მელაშვილმა საქართველოს საზიანოდ განზრახ გადამალეს 1937-1938 წლებით დათარიღებული რუკა, რომელიც ჩხრეკის შედეგად - ილიჩოვას კაბინეტში აღმოჩნდა. თუმცა ჩხრეკამდე ერთი დღით ადრე, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ 1938 წლის რუკის დედანი საქართველომ უკვე მოიპოვა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის წყალობით.

რამდენი რუკა ფიგურირებს „დავით გარეჯის საქმეში“? რომელია დედანი და ასლი? დევს თუ არა საქმეში სამუშაოდ ვარგისი მასშტაბის რუკა? რატომ მაინცდამაინც 1938 წლის რუკაა რელევანტური? რა იცოდნენ და არ იცოდნენ მეცნიერებმა?

დედანი თუ ასლი? რამდენი ცალი?

ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა 1 ოქტომბერს ჩატარდა; ხოლო თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს წინა დღით, 30 სექტემბერს უთხრა, რომ დავით ხიდაშელის „უნიკალური მოქმედებების“ წყალობით, მოპოვებულია 1938 წლის რუკის „ორიგინალური ვერსია“.

გამოდის, რომ საქართველოში ამჟამად 1938 წლის რუკის ორი დედანია თავმოყრილი? განსხვავდება თუ არა ისინი ერთმანეთისგან თუნდაც მასშტაბით?

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები არც მოპოვებულ რუკებს ასაჯაროებენ და არც მათ შორის მსგავსება-განსხვავების დეტალებს.

  • გამოძიების მიერ „დამალულად“ წოდებული რუკის მასშტაბი, ოფიციალური ინფორმაციით, 1:200 000-ს შეადგენს;
  • დაუდგენელია ბიზნესმენ დავით ხიდაშელის დახმარებით მოპოვებული რუკის მასშტაბი.

დეტალების დასადგენად რადიო თავისუფლება თავად დავით ხიდაშელსაც დაუკავშირდა. გვინდოდა, დაგვეზუსტებინა - 1938 წლის რუკის დედანი მოიპოვა მან, ასლი თუ - სერიული გამოშვება, რომელიც, ისტორიკოსების თქმით, გასული საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში სასწავლო მიზნებითაც გამოიყენებოდა და, დიდი ალბათობით, ყველა საკლასო ოთახშიც ეკიდა.

ხიდაშელმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გვაცნობა, რომ საქართველოში არ არის და დისტანციური საუბრისგან თავს იკავებს; თუმცა:

  • ასევე მოგვწერა, რომ არ ავყვეთ „ამ ზღაპრებს“ და ამ კვირაში თბილისში ჩამოსული ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს - „ჰაერის მითებს გავაქარწყლებ, მათ შორის - რუსეთზეც“.
  • რა ზღაპრებსა და რა მითებს გულისხმობს - მას აღარ დაუკონკრეტებია.

რადიო თავისუფლებისთვის 3 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში თავად დაკავებული ივერ მელაშვილი კიდევ სხვა რუკას ახსენებს.

ის ლაპარაკობს გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ 1936-37 წლების რუკაზე, რომელიც დამზადებულია თბილისში მდებარე VIII კარტოგრაფიული ფაბრიკის მიერ“ და მისი მასშტაბია 1:200 000.

სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის წევრობის 25-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი ამბობს, რომ - „ამ რუკას, ამ მასალას აქვს უდიდესი ტექნიკური წუნი, რომლის ტექნიკურად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. და, რაც მთავარია, ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი“.

ოფიციალური პირები შიგადაშიგ სხვა მოპოვებული რუკებისა და სარწმუნო მასალების შესახებაც ლაპარაკობენ, მაგრამ ისევ - დეტალების დაუკონკრეტებლად.

სად არის რუკა მასშტაბით 1:50 000?

1996 წლის 13 ივნისს, ორი ქვეყნის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამთავრობო კომისიის სხდომის ფარგლებში, აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივი შეთანხმების ოქმს. ტექსტის ძირითადი აქცენტები ისტორიკოსმა, მეცნიერებათა დოქტორმა, ლადო მირიანაშვილმა გაგვაცნო:

  • „პრეამბულაში წერია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალიან ხშირად იცვლებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი და რადგან ბოლო ცვლილება მოხდა 1938 წელს, შემდგომი მუშაობის საფუძვლად აღებული იქნება 1938 წელს შეთანხმებული საზღვრის ხაზი“;
  • „თუმცა იმ ოქმში დაზუსტებულია, რომ დეტალური მუშაობისათვის გამოიყენებენ რუკას მასშტაბით 1:50 000“.

„დავით გარეჯის საქმის“ ფარგლებში ჩამოთვლილ რუკებს შორის არცერთი არ არის 1938 წლის რუკა მასშტაბით 1:50 000, ანუ აზერბაიჯანული და ქართული მხარეების მიერ გამოსადეგად აღიარებული მსხვილმასშტაბიანი რუკა.

ლადო მირიანაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ კომისიის დოკუმენტებში მოიპოვებოდა 1938 წლის რუკა მასშტაბით 1:250 000-თან, „რომელზეც არის როგორც აზერბაიჯანული მხარის, ასევე ჩვენი მხარის ხელმოწერები და ბეჭედიც არის დარტყმული“, მაგრამ ეს „ძალიან წვრილმასშტაბიანი“ რუკა სამუშაოდ გამოუსადეგარი იყო.

რატომ მაინცდამაინც 1938 წლის რუკა?

ისტორიკოსი გაგი მახარაძე გვეუბნება, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით აღიარებული რუკა, რომელსაც შემდგომ წლებში ოფიციალური ცვლილებები არ განუცდია. ხოლო ორი ქვეყნის იმდროინდელ პირველ პირებს - ჰეიდარ ალიევსა და ედუარდ შევარდნაძეს სხვა ოფიცალური დოკუმენტი არც ეჭირათ ხელში.

  • „1938 წლის რუკა არის საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი შიდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და გარე საზღვრებით დადგენილი რუკა. მაშინ ამ კავშირში იყო 11 რესპუბლიკა. იმ დროისთვის უკვე აღარ არსებობდა ამიერკავკასიის ფედერაცია, რომელიც 1936 წელს გაუქმდა და აღარ იყო თურქმენისტანის ფედერაცია, რომელიც ცოტა უფრო ადრე გაუქმდა. სწორედ ამ რუკით დადგინდა საზღვრები საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ტერიტორიებისა - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი“.
  • „იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა დე ფაქტო და დაშლისას არავითარი იურიდიული დოკუმენტი აღარ შედგენილა 1991 წელს, საქართველოსა და აზერბაიჯანის კომისიის მიერ, 1996 წელს, სახელმძღვანელოდ სწორედ 1938 წლის რუკა იქნა აღებული".

ექსპერტების ინფორმაციით, აზერბაიჯანი თავისთვის უფრო ხელსაყრელად მიიჩნევს 1948-52 წლის სამხედრო რუკას, რადგან ამ რუკით საზღვარი ამოტანილი იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ქედზე.

გამოძიების ინფორმაციით კი, 1938 წლის რუკის ნაცვლად, ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, კომისიის ფარგლებში, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, გასული საუკუნის 70-80-იანი წლების „1:100 000-იანი და 1:50 000 მასშტაბის რუკებით ხელმძღვანელობდნენ. შედეგად კი - კომისიის ფარგლებში მიღწეულ წინასწარ შეთანხმებებში „სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს“.

პროკურატურა ვერაფერს ამბობს დანაშაულის მოტივზე, ილიჩოვასა და მელაშვილისთვის წაყენებული ბრალი კი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს სს კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით - „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“.

8 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ილიჩოვასა და მელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

მართალია, კომისიის ფარგლებში არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული უშუალოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული ოფიციალური პირების მხრიდან სწორედ დავით გარეჯთან მიმართებით გახმაურდა და ბევრი ამ საქმეს „დავით გარეჯის საქმედაც“ მოიხსენიებს.

საზოგადოება გამოძიებისგან მეტი დეტალის გასაჯაროებას ითხოვს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG