Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხიდაშელი პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაიბარეს- რა არ უნდა გამოგრჩეს 15 ოქტომბერს


„მე თხოვნებს ვღებულობ მარტო!!!“ - ვინ დაურეკა ხიდაშელს და რა მოხდა შემდეგ

"კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ პროკურატურისთვის 25 აგვისტოს მიცემული ჩვენება მნიშვნელოვნად განსხვავდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 13 ოქტომბერს მიცემული ინტერვიუს შინაარსისგან. "ინტერპრესნიუსმა" 14 ოქტომბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ განსხვავებების გამო ხიდაშელი პროკურატურში დამატებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

სანამ კარტოგრაფიით გატაცებული ბიზნესმენი პროკურორების კითხვებს უპასუხებს, რადიო თავისუფლება არკვევდა ვინ სთხოვა ხიდაშელს რუკის მოძიება, იგორ გიორგაძესთან დაახლოებულმა პირმა, ბეჟან მაისურაძემ თუ ბიძინა ივანიშვილმა? რა ფაქტობრივი აცდენებია მის საჯარო განცხადებასა და ჩვენებას შორის? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

„კარტოგრაფების საქმეზე“ ასევე წაიკითხე:

აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება - ცნობები ფრონტიდან

აზერბაიჯანმა სარაკეტო კომპლექსებზე დარტყმა განახორციელა სომხეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, იარაღი გასაშვებად იყო მზად და დამიზნებული იყო განჯაზე, მინგეჩაურსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებზე. ბაქომ ერევანს ბრალი დასდო მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშის მცდელობაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, რომ რაკეტები მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე იყო დამიზნებული. ერევნის თქმით, ის იტოვებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე იერიშის განხორციელების უფლებას.

წაიკითხე მეტი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღში მშვიდობა მონიტორებმა უნდა უზრუნველყონ და მშვიდობისმყოფელთა მისია, უპრიანი იქნებოდა, რუს სამხედროებს შეესრულებინა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ მისი „ნებართვის გარეშე ჩვენს მიწაზე ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს თავისი მშვიდობის დამცველების გამოგზავნას“

წაიკითხე მეტი

კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა მორიგ პიკს მიაღწია

გუშინ საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 680 შემთხვევა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქედან 297 თბილისიდანაა. მათ შორისაა 100 ადამიანი ე.წ „ოქროს ბირჟის“ კლასტერიდან.

გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ 44 თანამშრომელსაც. სამკერვალო ფაბრიკაში კვლევა ჯერ არ დასრულებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა, აუცილებლად ატარონ დამცავი ნიღბები და უარი თქვან დიდ სადღესასწაულო ან სხვა სახის შეკრებებზე. მან ვირუსის მასშტაბებსა და საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ კორონავირუსი „იქნება უფრო მეტი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, და ჰეპატიტი.

წაიკითხე მეტი.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოკვლევებისთვის სამოქალაქო კლინიკაში დღეს გადაიყვანენ

EMC-ის, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში დღეს იგეგმება და განისაზღვრება მისი მკურნალობის ტაქტიკაც.

როგორც EMC განმარტავს, ორგანიზაციამ მაისიდან სექტემბრის პერიოდში არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვა მისთვის საჭირო კვლევების ჩატარება და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა. დაწესებულება მოთხოვნას, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანახმად, მხოლოდ სექტემბერში დაეთანხმა.

საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა და 2020 წლის 17 მარტს უარი განაცხადა მამალაძის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადებაზე.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციებს უწესებს ექვს პირსა და ერთ ორგანიზაციას

დიპლომატების თქმით, ევროპის კავშირი შეთანხმდა, აგვისტოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საბჭოთა ტიპის ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო სანქციები შემოიღოს ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ.

14 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მანამდე ორი დღით ადრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სანქციების შემოღებას რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, პასუხისმგებელნი იყვნენ მოწამვლისთვის, რამაც კინაღამ იმსხვერპლა ნავალნის სიცოცხლე. მხარი დაუჭირეს ასევე სანქციების დაწესებას იმ პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციისთვის, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა „ნოვიჩოკის“ სახელით ცნობილი საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებების ჯგუფი.

წაიკითხე მეტი.

სალომეს ჰქონდა ათი ოცნება

2012 წლის 10 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე, საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ღია წერილით მიმართა არჩევნებში გამარჯვებული „კოალიცია ქართული ოცნების“ ლიდერსა და მისი მთავრობის მომავალ წევრებს, “გულით და სულით“ მიულოცა მათ გამარჯვება, უსურვა წარმატება და ოცნებების ასრულება.

სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოცნებების ასრულების პერსპექტივას არ დასჯერდა და ივანიშვილის გუნდს თავისი „ ათი ძალიან კონკრეტული“ ოცნებაც შეაშველა. ღია წერილიდან მკითხველი შეიტყობს არა მხოლოდ იმას, თუ რაზე ოცნებოდა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, არამედ იმასაც, თუ რაზე არ ოცნებობდა. „რა ვქნა, ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში და ვერც ევროკავშირში შესვლაზე... ალბათ, იმიტომ, რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი მე-9 ოცნებაში.

წაიკითხე მეტი.

წნორელი ბიოფერმერის, ნიკა ბაგალიშვილის, მეურნეობაში მოსავალი ნელ-ნელა ილევა. გაზაფხულიდან მოყოლებული, პანდემიის პირობებში, ნიკამ თავის მიწაზე რამდენიმე სახის ბოსტნეული მოიყვანა. წინა სერიებში მოგითხრობდით, როგორ მოჰქონდა თავისი პატარა მანქანით ნიკას თბილისში პროდუქტი და წესების დაცვით ყიდდა. ახლა საშემოდგომო სამუშაოების, ბოლო მოსავლის დაბინავებისა და წლის შეფასების დროა - პანდემიამ და შედარებით ცუდმა მოსავალმა ნიკას გეგმების ნაწილი ჩაუშალა: მაგალითად, წელს ვერ შეძლო თავისი მეურნეობისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ტრაქტორის შეძენა, ვერც მაცივრიანი მანქანის, რომელიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ მოწეული ბოსტნეული თბილისამდე ჩაეტანა. სამაგიეროდ, ონლაინაგროსკოლამ გაამართლა - ბავშვებმა თავიანთი მოყვანილი ბიობოსტნეული „მზიურში“ გაყიდეს, მოგროვილი ფული კი წნორში „ცოდნის კაფეს“ ასაშენებლად გადადეს. „ის, რაც არ გამოვიდა წელს, გამომივა მომავალ წელს, როცა პანდემია ჩაივლის და ტურისტებიც დაბრუნდებიან“, - ამბობს ნიკა, შრომას აგრძელებს და სამომავლო გეგმებს ალაგებს.

XS
SM
MD
LG