Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წავიდე, არ წავიდე - გადააფიქრებინებს COVID-19 ამომრჩეველს უბანზე მისვლას?


კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის და არჩევნების თარიღის მოახლოების პარალელურად, მიმდინარეობს მსჯელობა არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ - ამომრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა შესაძლოა სარისკოა.

ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში ჩატარდება და საარჩევნო უბნები უფრო მეტად უსაფრთხო იქნება, ვიდრე ზოგიერთი სავაჭრო ცენტრი. ოპოზიცია არჩევნების გადადებას არ ემხრობა და ხელისუფლების შეცვლის შანსის ხელიდან გაშვება არ სურს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა თითქმის ერთ მეოთხედს არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც კი არ აქვს გადაწყვეტილი, ვის უჭერს მხარს - იგივე კვლევები არაფერს ამბობს იმაზე, გახდება თუ არა მათთვის არჩევნებზე წასვლის ბარიერი კოვიდ-19.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს”, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას არჩევნების გადადების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 19 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

არჩევნების არგადადებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას ურჩევს, „დაგუგლოს” და არჩევნების დროს სამხრეთ კორეაში გამოყენებული უსაფრთხოების წესები დანერგოს.

„ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი - გადადოს არჩევნები და მიიღოს, პრაქტიკულად ნული ხმები, რაც მათთვის ძალიან ცუდი სცენარია ან ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ კარგი წარმომადგენლობით პარლამენტში იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი, იყოს სერიოზული ოპოზიცია“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საზოგადოებას ოპოზიციის გამარჯვებაში არწმუნებს.

მოქალაქეთა მობილობის შესამცირებლად არჩევნების ორი დღის განმავლობაში გამართვის ინიციატივა აქვს ალეკო ელისაშვილს, პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების” ლიდერს.

„ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, ორი დღის განმავლობაში, ჩავატაროთ პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს. მაგალითად, გავანაწილოთ სიებით, ანბანის მიხედვით, რათა არ იყოს რიგები და პროცედურების სრული დაცვა მოხდეს. ჩვენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ, ამ დისკუსიაში დაუყოვნებლივ ჩავერთოთ”, - თქვა 19 ოქტომბერს ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც თავად აღნიშნა, რომ მისი იდეის განხორციელება სამართლებრივად რთული იქნება და ასე მცირე დროში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოესწრება.

17 სექტემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც IRI-მ ჩაატარა, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას გამოკითხულთა 90% გეგმავდა. 74% ამბობდა, რომ დიდი ალბათობით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 16% კი - სავარაუდოდ. ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამწვავებული არ იყო, კვლევა აგვისტოს განწყობებს ასახავდა. დღეს, საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, როცა ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები დღეში 1 000-ზე მეტია, კარანტინის რეჟიმში 6 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს კვლევები იმის შესახებ, როგორ იმოქმედებს სიტუციის გაუარესება ამომრჩეველთა ქცევაზე.

„გარკვეული რისკები არსებობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამომრჩეველთა რაოდენობაზე გავლენას მოახდენს, ჩვენთან ისედაც ბევრია გადაუწყვეტელი ამომრჩეველიც და ისეთიც, ვისაც პოლიტიკური პროცესების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ისეთები, ვინც ამ მნიშვნელოვან არჩევნებზე საკუთარ აზრს დააფიქსირებს, უფრო მეტი იქნება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე ნიჟარაძემ, ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა „სამართლიანი არჩევნები”. ის თვლის, რომ ქართველი ამომრჩეველი ისედაც ბევრი სხვა მიზეზის გამო იკავებს ხოლმე თავს არჩევნებში მონაწილეობისგან და იმის თქმა, ვინ არ მივა საარჩევნო უბანზე COVID-19-ის გამო, რთულია.

„ხელისუფლებას აწყობს დაბალი აქტიურობა, როცა დაბალი აქტივობაა, ხელისუფლება იწერს მაღალ პროცენტს, ყოველთვის ხელისუფლება იმარჯვებდა და ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ არჩევნებზე წასვლა შეგვიძლია, შეგვიძლია დაცულად მივცეთ ხმა და არჩევანის გაკეთება არ მოგვიწევს ჯანმრთელობასა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას შორის, თუკი მივალთ პირბადით, ხელთათმანებით და დავიცავთ ყველა იმ წესს, რაც გვიცავს ინფიცირებისგან”, - ამბობს „სირცხვილიას” აქტივისტი, ნოდარ რუხაძე, რომელიც ფიქრობს რომ მრავალფეროვანი პარლამენტისთვის ყველა ხმას მნიშვნელობა აქვს. „სირცხვილია” მოქალაქეების არჩევნებში აქტიურობის გასაზრდელად თვეზე მეტია საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს ინტერნეტში. ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ არც ხელისუფლებამ და არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, დრო, რომელიც ჰქონდათ მოქალაქეების ინფორმირებისთვის, არ გამოიყენეს და არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ბევრ კითხვაზე პასუხი ისევ ბუნდოვანია.

„ნახევარი წელი ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ხელისუფლებას იმისთვის, რომ არჩევნების დღე ჩატარებულიყო სრულად დაცულად. წინასწარ უნდა ეწარმოებინათ [საინფორმაციო] კამპანია იმის ასახსნელად, როგორ უნდა მოხდეს არჩევანის გაკეთება უსაფრთხოდ არჩევნების დღეს, უნდა ეზრუნათ იმისთვის, რომ დაცვის ნორმები უბნებზე ყოფილიყო სათანადო. რამდენი მილიონი აქვს დაფინანსება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ვერც კი ითვისებს ამ ბიუჯეტს და რას აკეთებს?” - უთხრა ნოდარ რუხაძემ რადიო თავისუფლებას.

ცესკომ 19 ოქტომბერს ამგვარი კითხვების პასუხად გამოაქვეყნა წესები, თუ როგორ წარიმართება ხმის მიცემა კოვიდდაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის.

ცესკოს განმარტებით, სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთებს სპეციალური, ეკიპირებული ჯგუფები მიიტანენ. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს კი, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.

მიუხედავად განმარტებებისა, კითხვები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მაინც აქვს ელენე ნიჟარაძესაც. ის ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობს არჩევნების გადადებაზე, მზად უნდა იყოს, გაუმკლავდეს სიტუაციის გაუარესებასაც. ​

„იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომ ადამიანების სიცოცხლეზე აგებენ პასუხს”, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე.

საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დაკვეთით 2020 წლის ივნისის თვეში მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც პანდემიის დროს არჩევნების დემოკრატიულად გამართვის გზებს შეეხება, აღნიშნულია, რომ არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება გულისხმობს არა მხოლოდ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ქმედების თავისუფლებას, არამედ იმასაც, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფლება არსებული ვითარების შესაფასებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რაც პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ინტერაქციის გარეშე შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG