Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენა გააჩუმე: ინციდენტი სკოლაში და ენის მტკივნეული თემა უკრაინაში


უკრაინაში, ოდესის ერთ-ერთ სკოლაში, ხატვის მასწავლებელმა გათათხა მოსწავლე გოგონა იმისთვის, რომ უკრაინულ ენაზე ლაპარაკობდა და არა რუსულად და გაკვეთილზე ტირილამდე მიიყვანა. მასწავლებელი დაითხოვეს. ერთი მიმომხილველი ამბობს, რომ ამ ქვეყნის ორ ენას, უკრაინულსა და რუსულს შორის თანდათან როლები იცვლება.

ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკე ადამიანისთვის ძნელი იქნება ამ ჩანაწერის მშვიდად მოსმენა: დაწყებითი სკოლის ხატვის მასწავლებელი თათხავს მოსწავლეს იმისთვის, რომ მან უკრაინულად უპასუხა და არა რუსულად და მისი თანაკლასელების წინაშე ცრემლებამდე მიჰყავს.


უმთავრესად რუსულად მოლაპარაკე მასწავლებელი უბრძანებს გოგონას, ფეხზე ადგეს და საყვედურობს, რომ იგი "ბედავს უკრაინულად ლაპარაკს აქ და საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებს".
იუტიუბზე გაკვეთილის აუდიოჩანაწერი განათავსა სამოქალაქო ჟურნალისტმა და აქტივისტმა, ოლენა ბალაბამ. შესაბამისი ბმული ოდესელი მშობლებისთვის გავრცელდა ფეისბუკით.
მასწავლებელი რაისა პიროჰოვა 12 ოქტომბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან "ამორალური საქციელის გამო, რომელიც შეუთავსებელია პროფესიულ მოვალეობებთან".

ამ ინციდენტმა შავი ზღვისპირა საპორტო ქალაქში, სადაც რუსული ენა კვლავ დომინირებს საბჭოთა კავშირის დაშლისა და უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, გააშიშვლა ღრმად გამჯდარი გრძნობები, ამ ორი ენის მიმართ რომ აქვს მოქალაქეთა ნაწილს. ეს ინციდენტი, როგორც ჩანს, გამოხატავს ტენდენციას, რომელიც, ექსპერტების დაკვირვებით, რუსულ და უკრაინულ ენებს შორის როლების გაცვლით გამოიხატება.

1991 წლიდან მოყოლებული, ეს ორი სლავური ენა ერთმანეთს ეჯიბრება უპირატესობა მოიპოვოს მედიაში, რადიოსა და ტელევიზიაში, საინტერნეტო სივრცეში, ისევე როგორც ყოფით ურთიერთობაში.

უკრაინული ენის ბედი ხშირად სახელმწიფოებრიობისთვის უკრაინის საუკუნოვან ბრძოლასთან იყო გაიგივებული რუსეთის ბატონობის ფონზე, როცა ჯერ ცარისტული პოლიტიკა თრგუნავდა და ავიწროებდა უკრაინულ ენას, ხოლო შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ის მეორეხარისხოვანი ენის რანგში ჩამოექვეითებინა.

იმ დროისთვის, როცა უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ზოგადად რომ ვთქვათ, რუსული ენა ცხოვრების უმეტეს სფეროებში უნივერსალური ენა იყო, მიუხედავად კონსტიტუციის კანონპროექტისა, რომელიც 1996 წელს დამტკიცდა და რომლის მიხედვითაც უკრაინული სახელმწიფო ენად იქნა აღიარებული.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში კიევმა მიიღო ზომები და შეიმუშავა ნორმები უკრაინული ენის სტატუსის ასამაღლებლად და საზოგადოებაში მისთვის უფრო შესამჩნევი როლის მისანიჭებლად. მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, რომელიც მან დაამტკიცა პოსტის დატოვებამდე მცირე ხნით ადრე, უკრაინული ენა ერთმნიშვნელოვნად იქნა აღიარებული ქვეყნის ერთადერთ ოფიციალურ სახელმწიფო ენად.

მედიის ყველა საშუალებას მოეთხოვა უკრაინულ ენაზე მაუწყებლობა. მაშინვე მიიღეს კანონი განათლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დაწყებით სკოლებში სწავლება სავალდებულო გახდა უკრაინულ ენაზე.

ამ და სხვა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა გამოიწვია განხეთქილება მეზობლებთან უკრაინის აღმოსავლეთით და დასავლეთით. უკრაინა 44-მილიონიანი ქვეყანაა, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას შორის მდებარეობს.

2014 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულენოვანი მოსახლეობისა და მათი უფლებების დაცვა გამოიყენა ყირიმის ნახევარკუნძულის ძალადობრივად დაკავებისა და მოსკოვის მხრიდან სეპარატისტების მხარდაჭერის გასამართლებლად დონბასში, რომლის ნაწილს კვლავაც აკონტროლებენ მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი მებრძოლები და სადაც მიმდინარე ომმა 13 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ბუდაპეშტმა დაბლოკა ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრები განათლების კანონის გამო და უკრაინა მის უკიდურეს დასავლეთ რეგიონში, იმიერკარპატეთში, ეთნიკური უნგრელებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების ჩამორთმევაში დაადანაშაულა. ამ კანონის დამცველები ამბობენ, რომ მის მიხედვით, უნგრულ ენაზე კლასგარეშე სწავლება დაშვებულია.

სექტემბერში, ბუქარესტში ვიზიტისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არ შეცვლის განათლების კანონს, მაგრამ აპირებს მის განხორციელებას ისეთნაირად, რომ დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე სხვა ქვეყნების ინტერესები, მათ შორის რუმინეთისაც. დეტალები მას აღარ განუმარტავს.

ენობრივი პრობლემები ხანდახან წარმოიქმნება მკვახე ნათქვამის გამო, რომელსაც ემოციები ახლავს და ხშირად, უბრალოდ, გაუგებრობის შედეგიცაა.

წელს, ივნისში, რუსული ენის თანასწორი თუ პრიორიტეტული სტატუსის მომხრეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტის გამო, სადაც ჩანდა, რომ კიევში მაკდონალდსის რესტორნის ონლაინშეკვეთების ჯიხური მომხმარებლებს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე სთავაზობდა პროდუქტს. ზოგიერთმა მიიჩნია, რომ კომპანიამ რუსული ენა ხმარებიდან ამოიღო, მაგრამ საქმე ის იყო, რომ მაკდონალდს რუსულ ენაზე თავისი პროდუქტი არც ადრე შეუთავაზებია.

მაკდონალდსმა განმარტა, რომ მისი ენობრივი პოლიტიკა ქვეყნის კანონს ემყარება და მომხმარებლებთან ურთიერთობის ენა უკრაინულია, მაგრამ როცა საჭიროა, მის თანამშრომლებს რუსულადაც შეუძლიათ ილაპარაკონ.

უკრაინული ენის გამოყენების არეალი ფართოვდება კრემლის შეშფოთების ფონზე, რომ რუსული კარგავს თავის პოზიციებს არა მხოლოდ უკრაინაში, მთელ მსოფლიოში. 2019 წელს რუსეთის განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა შეფასება, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულენოვანთა რაოდენობა მსოფლიოში განახევრდა.

რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა კონკრეტული მტკიცებულების გარეშე, რომ ეს მონაცემი უცხოეთში, უკრაინის ჩათვლით, რუსული ენის წინააღმდეგ მიმართული შეთანხმებული კამპანიის შედეგია.

2019 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინი ლაპარაკობდა რუსული ენის წინააღმდეგ მიმართული „ხელოვნური, უხეში, ხშირად სრულიად უცერემონიო მცდელობის შესახებ, შეავიწროონ რუსული ენა“.

კიევის დემოკრატიული ინიციატივების ფონდის გამოკითხვით, უკრაინაში რუსულენოვანი მოქალაქეების ერთი ნაწილი ამ შეხედულებას იზიარებს, მეორე ნაწილი - არა.

ამ გამოკითხვით, უკრაინელთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები ირღვევა, ხოლო 52 პროცენტი ასე არ ფიქრობს.

ამავე დროს, უკრაინელთა 51 პროცენტის აზრით, უკრაინულ ენაზე მოლაპარაკეთა უფლებები ირღვევა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ყირიმში და ასევე დონბასში, რომელსაც განაგებენ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები.

გამოკითხვით, უკრაინელები ენის საკითხს ბოლო ადგილზე აყენებენ კორუფციის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჯანდაცვის შემდეგ. ძირითადად ენის მიმართ დამოკიდებულება ტოლერანტულია და ხშირად გაიგონებთ რუსულს და უკრაინულს ერთად, ერთი და იმავე საუბრის დროს.

იაროსლავ ჰრიცაკი უკრაინის თანამედროვე და უახლესი ისტორიის პროფესორია ლვოვის კათოლიკურ უნივერსიტეტში. ჰრიცაკის თანახმად, რაც უფრო იზრდება უკრაინულის პოპულარობა, მასზე მოლაპარაკეები უფრო ნაკლებად შემწყნარებელი ხდებიან მათი ენის უარყოფითად წარმოჩენის მცდელობების მიმართ. მისი თქმით, ოდესის სკოლის ინციდენტი რომ ათი წლის წინ მომხდარიყო, შეუმჩნევლად ჩაივლიდა, მაგრამ ახლა ამ შემთხვევას ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს.

ჰრიცაკის თქმით, მართალია, უკრაინული ენა დამოუკიდებლობის სიმბოლოა, მაგრამ „აღარ არის უმნიშვნელოვანესი სიმბოლო“, რადგან მან ჩვეულებრივი სახე მიიღო. ქვეყანაში, სადაც რუსული ენა დომინირებდა წარსულში, ამბობს ლვოველი პროფესორი, „უკრაინული უფრო მაღალ სტატუსს იძენს, ვიდრე რუსული და ეს ორი ენა როლებს ცვლის“. ამავე დროს, ანალიტიკოსების თქმით, ქრება, ზოგადად, განსხვავება, ის ყურადღების ცენტრში აღარ არის, რადგან ჩნდება სამოქალაქო საზოგადოებრივი იდენტურობა, რომელსაც ვიწრო გაგებით აღარ განსაზღვრავს ეთნოსი და ენა.

რუსული პირველი ენაა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რომელმაც პეტრო პოროშენკო დაამარცხა საპრეზიდენტო არჩევნებში. უკრაინის სამხედროების უმეტესობა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, რუსულენოვანი არიან. ამის მიუხედავად, დავა გრძელდება.

ლუგანკელმა უფლებადამცველმა, სერგეი მელნიჩუკმა, სექტემბერში მოიგო უზენაეს სასამართლოში პროცესი და აიძულა პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინულად ილაპარაკოს პოლიტიკური მოვალეობების შესრულების დროს. მან ხელმეორედ იჩივლა, როცა გაიგონა, რომ 2019 წლის მაისში პრეზიდენტი საინტერნეტო ტექნოლოგიის ფორუმზე რუსულად ლაპარაკობდა.

სამოქალაქო საზოგადოებრივი გაერთიანება დონბასის ქალაქ ბაჰმუტში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს და შემდეგ, 2014 წლის ივლისში, კიევის ჯარმა კვლავ აიღო, აცხადებს, რომ ადგილობრივი პროუკრაინული აქტივისტი და მოხალისე არტემ მიროშნიჩენკო შარშან, ნოემბერში, სასიკვდილოდ სცემეს იმის გამო, რომ უკრაინულად ლაპარაკობდა.

მიროშნიჩენკოს ძმამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ის მსგავს მდგომარეობაშია. პოლიციას მკვლელობა ეთნიკური ძალადობის მუხლით არ გამოუძიებია და თავი შეიკავა განემარტა მოტივი.

ავტორი: მარკ რაცკიევიჩი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG