Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლურჯი“ და „წითელი“ შტატები - საიდან მოდის ამერიკის ამ ფერებად დაყოფა


ვინც ამერიკის 2020 წლის არჩევნებს ადევნებდა თვალს, შენიშნავდა, რომ აშშ-ის საარჩევნო რუკაზე დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მხარდამჭერები ლურჯი და წითელი ფერით აღინიშნებიან. არაერთხელ უხსენებიათ, რომ ესა თუ ის შტატი „გალურჯდა“ ან „წითელი“ დარჩა.

საიდან მოდის პარტიების ამ ფერებად დაყოფა? როგორც წესი ხომ პირიქითაა - უფრო მემარცხენე იდეოლოგიის პარტიებს ხომ წითლის რომელიმე ელფერით აღნიშნავენ ხოლმე?

როგორც ჩანს, რესპუბლიკელებისთვის წითლის და დემოკრატებისთვის ლურჯის მიკუთვნება შედარებით ახალი მოვლენაა.

პარტიების მხარდამჭერების განსხვავებულ ფერებად დაყოფის ჩვენთვის ცნობილი პირველი მაგალითია 1880 წლის არჩევნების შედეგების ამსახველი რუკა, რომელიც აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული.

ვარაუდობენ, რომ ეს პირველი რუკაა, სადაც აშშ-ის არჩევნები ნაციონალურ დონეზეა ასახული
ვარაუდობენ, რომ ეს პირველი რუკაა, სადაც აშშ-ის არჩევნები ნაციონალურ დონეზეა ასახული

ამ რუკაზე რესპუბლიკელები ცისფრად არიან გაფერადებულნი, დემოკრატები - ვარდისფრად, რუხად კი - იმ დროს მოქმედი გრინბეკების პარტიის მხარდამჭერები. რატომ აირჩია რუკის ავტორმა სწორედ ეს ფერები უცნობია. ვარაუდობენ, რომ მიზეზი სამოქალაქო ომის დროს ფედერალური ჯარების უნიფორმის ფერია - ომის დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ ჩრდილოეთი უმეტესად ცისფერთან ასოცირდებოდა.

შემდეგი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის პარტიებს განსხვავებულ ფერებად იშვიათად თუ აღნიშნავდნენ ხოლმე. არჩევნების შედეგების რუკებს ძირითადად გაზეთები აქვეყნებდნენ, ფერადი ბეჭდვა კი ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ პარტიების მხარდამჭერებს შავად, რუხად ან წერტილებით ასახავდნენ.

ამერიკის საარჩევნო რუკებზე ლურჯი და წითელი დაბრუნდა 1970-იანი წლებიდან - როდესაც ქვეყანაში მასობრივად გავრცელდა ფერადი ტელევიზია. 1972 წელს ტელეკომპანია ABC-მ ლურჯი რესპუბლიკელების კანდიდატ რიჩარდ ნიქსონს მიანიჭა, წითელი კი - დემოკრატების კანდიდატ რიჩარდ მაკგოვერნს.

ამის შემდეგ აშშ-ის ტელევიზიები პარტიების მხარდამჭერების მუდამ ლურჯად და წითლად ასახავდნენ ხოლმე. თუმცა, თავიდან რომ აერიდებინათ რომელიმე კანდიდატისთვის „უკეთესი ფერის“ მინიჭების ბრალდება, ერთგვარ არაფორმალურ შეთანხმებას მიაღწიეს - მმართველი პარტიის ფერი 4 წელიწადში ერთხელ იცვლებოდა.

ასე გაგრძელდა 2000 წლამდე, როდესაც ამერიკაში ჩატარდა ამ ქვეყნის არსებობაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული არჩევნები. დემოკრატების კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი (რომლსაც, ამ რიგითობის მიხედვით ლურჯი ფერით ასახვა უწევდა) რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშ უმცროსს დაუპირისპირდა.

საბოლოოდ, ბუშმა გორს ფლორიდაში 537 ხმით აჯობა
საბოლოოდ, ბუშმა გორს ფლორიდაში 537 ხმით აჯობა

ამ არჩევნებში გამარჯვებულის გამოცხადებას ამერიკა თვეზე მეტხანს ელოდა - ვიდრე ფლორიდის გადამწყვეტი შტატი ხმებს ჯერ დაითვლიდა, შემდეგ კი ხელახლა დაითვლიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ტელევიზიები ლაპარაკობდნენ „წითელ“ და „ლურჯ“ შტატებზე, რაც მაყურებლისთვისაც და მედიისთვისაც თანდათან რესპუბლიკელებისა და დემოკრატების სინონიმებად გადაიქცა.

მიიჩნევა, რომ პარტიის მხარდამჭერებისთვის ამ ფერების მინიჭება საბოლოოდ „გააფორმა“ პოპულარული საღამოს შოუს წამყვანმა დევიდ ლეტერმანმა, რომელმაც იხუმრა: „მოდი, ალ გორი ლურჯი შტატების პრეზიდენტი გახდეს, ბუში კი - წითელი შტატებისო“

ტერმინ "ლურჯი და წითელი შტატების" პოპულარიზებაში ორივემ დიდი როლი ითამაშა
ტერმინ "ლურჯი და წითელი შტატების" პოპულარიზებაში ორივემ დიდი როლი ითამაშა

ოთხი წლის შემდეგ ამერიკის „ლურჯ“ და „წითელ“ შტატებად დაყოფა უკვე რეალობა იყო. ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა დემოკრატიული პარტიის 2004 წლის ყრილობაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა მაშინ თითქმის ყველასთვის უცნობი ილინოისელი პოლიტიკოსი, რომელიც ჯერაც აშშ-ის სენატორის მანდატისთვის იბრძოდა. არ არსებობს ლურჯი და წითელი შტატები, მხოლოდ შეერთებული შტატები არსებობსო - თქვა ბარაკ ობამამ.

მას შემდეგ დაპირისპირება ამერიკაში მხოლოდ გაღრმავდა. ამ დაპირისპირებას კი ყველაზე კარგად ალბათ სწორედ ეს, ფერების მეტაფორა ასახავს. ახლა უკვე მხოლოდ ლურჯ და წითელ შტატებს კი აღარ ამბობენ, არამედ, ვთქვათ, შტატების „ლურჯ კედელზე“ ლაპარაკობენ, რომელიც, კომენტატორთა მოსაზრებებით, ჯერ, 2016 წელს, ტრამპმა გაანგრია, შემდეგ კი, 2020-ში, ბაიდენმა აღადგინა. ახსენებენ შტატების „წითელი ზღვასაც“.

პარალელურად კი სულ უფრო ხმამაღლა ისმის არაერთი პოლიტიკოსისა და კომენტატორის მიმართვა ამერიკელებისადმი - რომ, მოდი, ლურჯსა და წითელზე აღარ ვიფიქროთ და ვაღიაროთ, რომ ყველა შტატი სინამდვილეში ამ ორი ფერის ნაზავი - იასამნისფერიაო.

XS
SM
MD
LG