Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში" - გამართლდება თუ არა მოლოდინი


სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს წინ უსწრებდა ერთგვარი მოლოდინი, რომ ვიზიტისას შესაძლოა რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში საქართველოსთვის ახალი, განსაკუთრებული როლის მინიჭების საკითხიც განხილულიყო. რუსეთის მედიაში ჩანდა შეშფოთება საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებისა და ნატოში გაწევრიანების გაზრდილ პერსპექტივებთან დაკავშირებით. მოლოდინი საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების ფონზე.

  • რა გავიგეთ საბოლოოდ მაიკ პომპეოს ვიზიტის შედეგად? რამდენად გამართლდა მოლოდინი?

„ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად დაახლოება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში... რა თქმა უნდა, მე ღიად ვერ ვისაუბრებ ამის შესახებ, გასაგები მიზეზების გამო“, - ეს სიტყვები საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 17 ნოემბერს წარმოთქვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როცა მაიკ პომპეოს თვითმფრინავის დაშვებამდე სულ რამდენიმე წუთი რჩებოდა.

ყარაბაღის კონფლიქტის გამო შექმნილი რთული ვითარებისა და რეგიონში გაზრდილი რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ფონზე, მინისტრის ამ სიტყვებმა საზოგადოებაში გააძლიერა მოლოდინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესათანხმებელ შესაძლო კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით. თუმცა მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებას ამ თემაზე უკვე აღარაფერი დაუზუსტებია და არც რაიმე, კონკრეტული გეგმა გახმოვანებულა.

სახელმწიფო მდივანი ხელისუფლების წარმომადგენლებს 18 ნოემბერს შეხვდა, თუმცა არ გამართულა არცერთი ერთობლივი ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია. საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის შემდგომ მოსალოდნელ „ხელშესახებ შედეგებზე“ მხოლოდ ზოგადი კომენტარები გააკეთეს.

  • „ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა. რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ვთანხმდებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება... მათი მხრიდან არის სრული მზაობა“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 18 ნოემბერს;
  • „ძირითადი თემები, რომლებიც განვიხილეთ, პირველ რიგში გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონული პროცესების ჭრილში და, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და, რაც მთავარია, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 19 ნოემბერს.

რამდენად გასაგები იყო პომპეოს მიერ საქართველოში ჩამოტანილი გზავნილები მედიისთვის და ექსპერტებისთვის?

მაგალითად, „ამერიკის ხმისა“ და „ევრაზიანეტის“ ყურადღება მიიპყრო სახელმწიფო მდივნის ტვიტერზე გამოქვეყნებულმა პოსტმა - „აშშ-ის თანამშრომლობა საქართველოსთან უმნიშვნელოვანესია და ურყევია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ რუსეთის ოკუპაციის პირისპირ“. „როიტერსმა“ კი, ყურადღება გაამახვილა მაიკ პომპეოს მიერ პრემიერ გახარიასთან შეხვედრის დროს წარმოთქმულ სიტყვებზე - „ჩვენ ვაღიარებთ ტკივილსა და სიძნელეებს, თქვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით“.

ასევე საქართველოს ოკუპაციის პრობლემაა ნახსენები მაიკ პომპეოს კიდევ ერთ პოსტში, რომელიც მან საქართველოდან გამგზავრების წინ გამოაქვეყნა და რომელმაც ასევე მიიპყრო საერთაშორისო მედიის ყურადღება - „მქონდა ნაყოფიერი საუბრები პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები მტკიცედ ემყარება ჩვენს საერთო ფასეულობებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას“.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდასა და ყარაბაღის კონფლიქტის გამო შექმნილ მდგომარეობას ამერიკა რომ არ ეგუება, მედიის მიერ ამის დასტურად იქნა მიღებული თბილისში ყოფნის დროს მაიკ პომპეოს ტვიტერზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი პოსტი და ასევე განცხადება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

თუმცა, მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მაიკ პომპეოს ვიზიტისას საქართველოში ის საპროტესტო ტალღა მოექცა, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ უნდობლობასა და ოპოზიციის ბოიკოტს უკავშირდება.

ეს არ უკვირთ ანალიტიკოსებს, რადგან, მათი შეფასებით, საქართველოსა და შეერთებული შტატების სამომავლო ურთიერთობების ხარისხს სწორედ დემოკრატიის ხარისხი განაპირობებს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი, ყოფილი ელჩი ეუთოში, პაატა გაფრინდაშვილი გვეუბნება, რომ - „დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე საქართველო გახდება რუსეთის დანამატი და თუკი საქართველოში არ იქნება დემოკრატია, არ იქნება ამერიკასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება“.

ექსპერტი მოელოდა და სავსებით დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციასთან შესახვედრად მაიკ პომპეომ საქართველოში დატოვა თავისი თანაშემწე, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასთან და ევრაზიასთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ რიკერი. ის 18 ნოემბერს შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

პაატა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ხელმომწერია ღია წერილისა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე 40-ზე მეტმა სპეციალისტმა მიმართა და რომელშიც ისინი - საქართველოში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის მუდმივი ყოფნის აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ.

„ეს არ არის ფანტასტიკის სფეროდან, რომ დემოკრატიის პირობებში საქართველოში, ვთქვათ, თავიდან შემოვიდეს ამერიკული ინფრასტრუქტურის ელემენტები და შესაძლოა - თავიდან ეს იყოს როტაციულად, მაგრამ შემდეგ უკვე, სავსებით შესაძლებელია ამერიკული სამხედროების სრულფასოვანი, მუდმივი ყოფნა საქართველოში...

ეს ინიციატივა სახელმწიფო მდივნის ვიზიტს დავამთხვიეთ იმიტომ, რომ ასე ხდება - ვიზიტის დროს ტემპერატურა უფრო მაღალია და უფრო მეტი შანსია, რომ ეს ხმა გაიგონონ... ეს სავსებით რეალისტური ინიციატივაა, მაგრამ ეს ვერასდროს შესრულდება, თუკი ქვეყანაში გექნება პოლიტიკური კრიზისი ...

თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, თუკი ერთსაათიანი შეხვედრის დროს 47 წუთი პოლიტიკურ კრიზისს დაეთმობა, მერე მხოლოდ 13 წუთი გრჩება უსაფრთხოების თემებზე სალაპარაკოდ და ასე შედეგს ვერ მიაღწევ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა გაფრინდაშვილმა.

ამ კონტექსტში ის იხსენებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების ბრიფინგს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან, როცა შეხვედრის უდიდესი ნაწილი მართლაც საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს, 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებსა და ქვეყანაში ინსტიტუტების გამოყენების საჭიროებას მიეძღვნა.

პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ საქართველო „პოსტსაბჭოთა ქვეყნის“ სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიშორებს, როცა ქვეყნის მოქალაქეები კითხვის ქვეშ აღარ დააყენებენ არჩევნების შედეგებს.

მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში, კონკრეტულად უსაფრთხოების ჭრილში, პაატა გაფრინდაშვილისთვის განსაკუთრებული სიახლე არაფერი ყოფილა.

მისთვის ეს ვიზიტი კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ამერიკისთვის საქართველო რეგიონში „ნამდვილად არის პარტნიორი“ და „ეს ურთიერთობები აუცილებლად გაღრმავდება“, თუკი საქართველოს ხელისუფლება სწორად იმოქმედებს.

სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ რუსულენოვანი მედიასაშუალებები და ინტერნეტგამოცემები. მრავლად იძებნება სათაურები აქცენტით ვარაუდზე - რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში შესაძლოა ნიშნავდეს ამერიკული ბაზის გახსნას და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხის გააქტუალურებას.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრის“ (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროცესის გააქტიურება განსაკუთრებით შეინიშნება 10 ნოემბრის შემდეგ, როცა მოულოდნელად გახმაურდა სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი:

  • 10 ნოემბრის შემდეგ, რუსულენოვან ინტერნეტსივრცეშიც საკმაოდ იმატა სიტყვების „პომპეო“ (Помпео) და „საქართველო“ (Грузия) გამოყენების სიხშირემ. 10 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ამ ორი სიტყვის კომბინაცია ნახსენები იყო 267 რუსულენოვან წყაროში, რაც დაახლოებით 21-ჯერ მეტია წინა კვირის მონაცემებთან შედარებით.
  • საინფორმაციო პლატფორმებზე გადანაწილების თვალსაზრისით, საქართველოსგან განსხვავებით, ყველაზე ხშირად ამ ორი სიტყვის კომბინაციას რუსულენოვან ინტერნეტში ვხვდებით საინფორმაციო ვებგვერდებზე, შემდეგ - ბლოგებზე, შემდეგ კი - Facebook-ზე.

მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მეტის გაგების მოლოდინი ჰქონდა პომპეოს სახელზე დაწერილი ღია წერილის კიდევ ერთ ხელმომწერს - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებულ პროფესორს, ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა მდივანს, თენგიზ ფხალაძეს.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, დასაფასებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკისა და დემოკრატიის მხარდამჭერი თითოეული გზავნილი, მაგრამ უსაფრთხოების ჭრილში წამოჭრილი ინიციატივების შესახებ მან ახალი ვერაფერი გაიგო:

  • „დარჩა ბევრი შეკითხვა უსაფრთხოების ჭრილში - იყო თუ არა ახალი ინიციატივები, ან ჩვენ რა შევთავაზეთ, ან იმათმა რა შემოგვთავაზეს“;
  • „ყველას კარგად გვესმის, ვინც იმ წერილს ვაწერთ ხელს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ ფონის შემქმნელი იმისათვის, რომ ამ თემის წამოსაწევად დავხმარებოდით მხარეებს. მაგრამ რამდენად ისარგებლეს ამით, რამდენად იყო ამაზე ლაპარაკი, ეს ჩემთვისაც უცნობია“​;
  • „გვესმის, რომ აშშ დაინტერესებულია რეგიონის უსაფრთხოებით, მაგრამ ეს ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია და ამიტომ შეთავაზებების პაკეტები აქტიურად უნდა მიდიოდეს ჩვენგან... არ უნდა ველოდებოდეთ - მეორე მხარე რას მოგვცემს თავისით“.

თენგიზ ფხალაძე ამ წუთას ვერანაირ ინიციატივას ვერ ხედავს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით შესთავაზა ამერიკის სახელმწიფო მდივანს. ის არ გამორიცხავს, რომ დახურულ კარს მიღმა ითქვა მეტი და ითქვა ის, რაც საჯაროდ გამოსატანი არ იყო, მაგრამ, მისი თქმით - „ასეთ შემთხვევებშიც არსებობს ფორმა, რომლის დახმარებითაც რაღაც მაინც შეგიძლია თქვა, როცა ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანია“.

მაიკ პომპეოს ვიზიტის წინ თავისი მოსაზრებები გამოაქვეყნა კურტ ვოლკერმა, „ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) საპატიო წევრმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში და მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა. ის წერს, რომ „რუსული დათვისა და ჩინური დრაკონისგან გასათავისუფლებლად აშშ-ს შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაზრდა“.

კურტ ვოლკერის შეფასებით, ამერიკის დახმარებით რეგიონალურ ძლიერ ცენტრად ქცევისთვის საქართველომ თავადაც უნდა მოინდომოს და დემოკრატიის განვითარების გარდა, მეტად მიმზიდველი უნდა გახდეს ინვესტორებისთვის.

ამასთან, ის წერს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდება, რაც კომერციული მიზეზების გარდა, ხელისუფლების მიერ მშენებელი კონსორციუმის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამაც განაპირობა, უარყოფითი სიგნალი იყო ინვესტორებისთვის.

ვოლკერი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის მხარდაჭერით და ახლებური მიდგომებით ამ პროექტის აღორძინებაც შესაძლებელია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG