Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო 4000 ფლაკონ რემდესივირს ყიდულობს - რატომ ახლა?


საქართველო 104 000 დოლარს, ანუ 350 000-მდე ლარს გადაიხდის 4000 ფლაკონ რემდესივირში. პრეპარატს შეიძენს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს.

თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ როგორც კოვიდინფიცირებული მკურნალობისას რემდესივირს იღებდა, რომელიც მას საზღვარგარეთიდან გამოუგზავნეს. საქართველოში რემდესივირის შემოტანაზე საუბარი ჯერ კდიევ გაზაფხულიდან დაიწყო - ის კვლევის ფარგლებში უნდა შემოსულიყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა იმედისმომცემ პრეპარატად მიიჩნიეს. მას შემდეგ ამ თემას ოფიციალური პირები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ, თუმცა ამ დროის განმავლობაში გამოჩნდა კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ის არც ისეთი ეფექტურია კოვიდის წინააღმდეგ როგორც თავიდან ეგონათ და ყველაზე ხელშესახები შედეგი, რაც მას აქვს, ჰოსპიტალიზაციის დროის შემცირებაა.

თენგიზ ცერცვაძის ცენტრმა 25 ნოემბერს “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” უწოდა ებოლას წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატის შემოტანას საქართველოში და მისი შესყიდვის აუცილებლობა ასე დასაბუთა: “პანდემიის გავრცელების ასეთი მაჩვენებლები, როგორიც დღესაა წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნებოდა, ამასთან არც მოცემული პრეპარატის ეფექტურობა იყო ცნობილი, რაც თავის მხრივ ბოლო პერიოდის მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა.“ რემდესივირს საქართველო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კვირის შემდეგ მიიღებს, ანუ არაუადრეს დეკემბრის ბოლოსი - წამლის ეფექტურობაზე კი ნათქვამია, რომ მედიკამენტს შეუძლია “შეამსუბუქოს დაავადების მიმდინარეობა და შეამციროს ლეტალობა.“

მას შემდეგ რაც სახელმწიფო დათანხმდა რემდესივირის შეძენას, თენგიზ ცერცვაძემ 1 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეაფასა პრეპარატის ეფექტიანობა და თქვა, რომ რემდესივირი არ განიხილება, “როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის.” მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ წამლის მიმართ არაჯანსაღი მოლოდინები საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს.

„მინდა, დავაზუსტო, რომ შემდეგში არ იყოს არაჯანსაღი მოლოდინები – „რემდესივირი“ ბოლო მონაცემებით და რეკომენდაცებით ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის, ანუ ვისაც აქვს სუნთქვის გაძნელების პრობლემები ადრეულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის გავრცელების რეფლიკაცია ჯერ კიდევ ხდება, რადგან ეს არის ანტივირუსული მედიკამენტი. ხოლო დაგვიანებულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის რეპლიკაცია, ასე ვთქვათ, დამთავრებულია და სხვა ფაქტორები გამოდის წინა პლანზე, იქ „რემდესივირი“ სამწუხაროდ არაეფექტურია. ამიტომ საქართველოში შემოტანის შემდეგ დაიხვეწება სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ზუსტად იქნება გაწერილი, რა კატეგორიას უნდა მიეცეს „რემდესევირი“, რამეთუ სხვებთან ის ექეფქტური არ იქნება“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ 1 დეკემბერს.

არის თუ არა რემდესივირი “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” პრეპარატი კოვიდ-19-თან საბრძოლველად

20 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა რჩევა, COVID-19-ით დაავადებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ არ გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი. WHO-ს თანახმად, მედიკამენტი „მნიშვნელოვან გავლენას“ ვერ ახდენს პაციენტის გადარჩენისა და სწრაფი გამოჯანმრთლების პროცესზე.

WHO-ს ექპერტებმა 20 ნოემბერს განაცხადეს, რომ „არ მოიპოვება ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემებზე დამყარებული მტკიცებულებები, რომ ის აუმჯობესებს პაციენტისთვის მნიშვნელოვან შედეგს“.

რემდესივირს პრაქტიკაში იყენებდა შეერთებულ შტატებში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ნიუ-იორკში კოვიდპაციენტების მკურნალობაში. ჰოსპიტალი, სადაც ის მონაწილეობდა იმ კვლევებში, რომელსაც პრეპარატის ეფექტურობა უნდა დაედგინა.ნანა საკუთარ გამოცდილებასა და კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ “ვერც ერთმა, აქამდე გამოქვეყნებულმა კვლევამ, ვერ დაადასტურა მისი გავლენა სიკვდილიანობის შემცირებაზე. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში რემდესევირის გამოყენება არ ამცირებს სიკვდილიანობას. ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომატური დღეების რაოდენობას. “

რემდესივირზე საუბრისას ნანა ყურადღებას ამახვილებს მის გვერდით მოვლენებზე, რომელთაგან ერთ-ერთი თირკმლის უკმარისობის გამოწვევაა და თვლის, რომ საქართველოსთვის ასეთი ძვირადღირებული პრეპარატის ნაცვლად კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა უფრო შედეგიანი იარაღების შეძენა ღირდეს.

“ამერიკულ ჯანდაცვას აქვს ფუფუნება თუნდაც ძალიან ძვირადღირებული პრეპარატით შეუმსუბუქოს სიმპტომები ჰოსპიტალში მოხვედრილ ნებისმიერ პაციენტს. ნებისმიერ პაციენტს, რაც თანაბრად გულისხმობს არალეგალ, ღარიბ უცხოელსაც და ამერიკის მდიდარ მოქალაქესაც.

საქართველოში ამ პრეპარატზე დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია. რადგან იგივე ფასად, ქვეყანას შეუძლია კოვიდთან ბრძოლაში ბევრად უფრო ეფექტური არაინვაზიური ვენტილაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა საკმარისი რაოდენობით” - ამბობს ნანა გეგეჭკორი. ის კოვიდით სავარაუდოდ უკვე ორჯერ იყო ინფიცირებული, გაზაფხულსა და შემოდგომაზე და არც ერთ ჯერზე არც რემდესივირი და არც სხვა სპეციფიური მედიკამენტი მკურნალობისთვის არ გამოუყენებია.

გეგმები რემდესივირზე, რომელიც ამ დრომდე ვერ შესრულდა

საქართველოში ჯერ კიდევ მარტში, როცა ქვეყანაში მხოლოდ 40 ინფიცირებული იყო ამბობდნენ, რომ ქვეყანას რემდესივირი, პრეპარატი, რომელსაც ჩინეთი იყენებდა იმ დროისთვის კოვიდპაციენტების სამკურნალოდ, მარაგებში უნდა ჰქონოდა. ამ დროს იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველო ამ ძვირადღირებულ პრეპარატს ადვილად მოიპოვებდა, იხსენებდნენ პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია “გილეადთან” აქტიურ თანამშრომლობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტზე.

რემდესივირი როგორც სამკურნალო საშუალება ნახსენები იყო კორონავირუსის მართვის პირველ ქართულ პორტოკოლშიც, რომელიც მარტის მიწურულს შედგა - პრეპარატი ამ დროს საქართველოში კვლავ არ იყო ხელმისაწვდომი.

აპრილის თვეში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ საქართველოს რემდესივირი უკვე შეკვეთილი ჰქონდა, თენგიზ ცერცვაძე კი ირწმუნებოდა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვინც ამ პრეპარატს მიიღებდა.

მაისში უკვე ითქვა, რომ საქართველო რემდესივირის მიღებას შეძლებდა მხოლოდ “სოლიდარობის კვლევის” ფარგლებში მაგრამ ამ კვლევაში ჩართვა საქართველომ საბოლოოდ მაშინ კორონავირუსით ინფიცირებულების დაბალი რიცხვის [ეს იყო მთავარი ფაქტორი] გამო ვერ შეძლო.

ზაფხულის თვეებში რემდესივირის მიღების საჭიროებებსა და გზებზე თითქმის აღარ მსჯელობდნენ ოქტომბრის დასაწყისში კი თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ “ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება – „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები” 2-3 კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნებოდა კოვიდპაციენტებისთვის. მალევე გაკეთდა განმარტება პრემიერ მინისტრის მხრიდან, რომ რემდესივირი “აფთიაქებში არ გაიყიდებოდა” და მას მხოლოდ მძიმე პაციენტებთან გამოიყენებდნენ.

ოქტომბრის ბოლოს თენგიზ ცერცვაძე გვარწმუნებდა, რომ “საქართველოს რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით” მკურნალობისთვის და საქართველო უჩვეულოდ ჩქარა, რამდენიმე დღეში მიიღებდა რემდესივირს, თუმცა მოხდა ისე, რომ კორონავირუსის ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 139 000-ზე მეტი შემთხვევიდან, ერთადერთი პაციენტი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რემდესივირით იმკურნალა კორონავირუსით ინფიცირებისას, თავად თენგიზ ცერცვაძე იყო.

,,ბევრი კლინიკა მსოფლიოში ,,რემდესივირს” იყენებს. ,,რემდესივირი” გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა 2014-2015 წლებში ებოლას საწინააღმდეგოდ. ის მოქმედებს პირდაპირ ებოლას ვირუსზე. ასევე, გამოყენებული იქნა საკმაოდ აქტიურად კორონავირუსის 2019 წლის შტამზე და იქაც მისცა შედეგები. თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც უმაღლესი დონის სპეციალისტია, თავის თავზე გამოიყენა ეს პრეპარატი და შედეგი, ფაქტობრივად, არის”, – ასე უპასუხა 30 ნოემბერს ამირან გამყრელიძემ გასცა ჟურნალისტებს რემდესივირის ეფექტურობაზე დასმული კითხვებზე.

იმ შემთხვევაში, თუკი 104 000 დოლარად ნაყიდი 4000 ფლაკონი რემდესივირი საქართველოში დათქმულ დროს, ანუ 2020 წლის მიწურულს ჩამოვა, ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება მისი გამოყენების პროტოკოლი, განაწილდება თუ არა 4000 ფლაკონი ყველა კოვიდკლინიკაში და რამდენპაციენტს შეხვდება მედიკამენტი.

“ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს, თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება და შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“,- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა 30 ნოემბერს.

და ბოლოს, რა არის რემდესივირი?

რემდესივირი მიეკუთვნება „ნუკლეოზიდური ანალოგების“ ჯგუფში შემავალ წამლებს, რომლებსაც ფართოდ იყენებენ ავთვისებიანი სიმსივნეების, ვირუსებისა და ვირუსული ინფექციების მკურნალობისას. ეს ანალოგები მოგვაგონებს ნუკლეოზიდების სახელით ცნობილ მოლეკულებს, რომლებიც ორგანიზმში ბუნებრივად ჩნდება და აუცილებელ საშენ მასალას წარმოადგენს რიბონუკლეინის მჟავისა (რნმ) და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავისთვის (დნმ). ზოგიერთი ვირუსი „ტყუვდება“ ამ ანალოგებით და თავის გენეტიკურ მასალაში ისინი შეაქვს ნამდვილი მოლეკულების ნაცვლად. ეს ვირუსის ბუნებრივ ქიმიას არღვევს და, შესაბამისად, ანადგურებს მისი გამრავლების შესაძლებლობას, რაც მის გავრცელებას აჩერებს.






დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG