Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ ჯაფარიძის გადაწყვეტილების ესმის და "გირჩში" არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს


"გირჩის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, გოგა ხაჩიძე, რომელმაც პარტია რამდენიმე წლის წინ დატოვა, აცხადებს, რომ "მამოძრავებელი კაცი" ზურა ჯაფარიძეა. ეს პოსტი ხაჩიძემ მას შემდეგ დაწერა, რაც ჯაფარიძემ შიდა ჯგუფში დაწერა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად "გირჩს" აღარ გააკეთებდა".

"გირჩი" იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ [ზურა ჯაფარიძე]! ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა. მე ვიცი, რა პრობლემები იყო "გირჩში". ისიც ვიცი, რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ. ვიცი, როგორ აგროვებდი, "გირჩიდან" არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს. ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ "გირჩის" მხარდამჭერებს. მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს. ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ "გირჩელს", ვინც გვერდით გიდგას", - წერს ხაჩიძე "ფეისბუკზე", რომელიც ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ პარტიას სახელი მან დაარქვა.

დღეს დილიდან მედიაში გავრცელდა დახურულ ჯგუფში ზურა ჯაფარიძის პოსტის შინაარსი. ამ პოსტში ის ამბობდა, რომ აღარ აპირებდა თავის თანაგუნდელებთან, იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას". ამ პოსტის შემდეგ მას რაიმე განმარტება არ გაუკეთებია.

როგორ გააგრძელებს პარტია მუშაობას, რომელი წევრები რჩებიან და რომლები მიდიან, ან გეგმავს თუ არა რომელიმე მათგანი პარლამენტში შესვლას, ჯერ უცნობია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "გირჩმა" ხმების 2,89 %-ით 4 მანდატი მიიღო. თუმცა პარტია საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს შეუერთდა და უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. ხმების ამ რაოდენობით, პარლამენტის დეპუტატები ხდებოდნენ: ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG