Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადავა თუ არა "ქუჩა" პარლამენტში? მიმოწერა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის


ბოლო ორი დღეა, ოპოზიციონერი ლიდერების კომენტარებში შედარებით შერბილებულია უწინდელი კატეგორიული ტონი ახალ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. თუმცა კვლავაც წითელ ხაზად რჩება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. 4 დეკემბერს ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შემუშავებული წერილობითი გეგმა გაუგზავნა. სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხიც სწორედ „ქართული ოცნების“ კომპრომისზე იქნება დამოკიდებული. ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაში არ მონაწილეობდა ლეიბორისტული პარტია. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.

  • რა გეგმა აქვს ოპოზიციას და არის თუ არა ის ერთიანი?
  • არის თუ არა განხეთქილება და დუღილი ოპოზიციის რიგებში, რაზეც ხელისუფლება ლაპარაკობს?
  • რა კომპრომისისთვის არის მზად „ქართული ოცნება“?

„განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს... ასე იყო საჭირო, მოკლედ რომ ვთქვათ“, - ასე განგვიმარტა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შალვა ნათელაშვილის არმისვლის ფაქტი. დამატებით შეკითხვებზე პასუხის გაცემისას კი მიგვანიშნა, რომ მიუსვლელობა შესაძლოა სწორედ იმ წერილის შინაარსს უკავშირდებოდეს, რომელიც ოპოზიციამ 4 დეკემბერს - ელჩების საშუალებით გაუგზავნა „ქართულ ოცნებას“ – „გარკვეული რაღაცეების მიმართ სკეპტიციზმი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ შევუშლით ხელს ოპოზიციურ ერთობას“.

კერძოდ რას არ ეთანხმებიან ლეიბორისტები ოპოზიციის მიერ შემუშავებულ გეგმაში - გუგავას აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა გაგვიზიარა უცვლელი და კვლავაც კატეგორიული პოზიცია პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.

„პარლამენტში შესვლა ნიშნავს, შენ გახდე იმ გაყალბებული პროცესის ნაწილი და გახდე თანამონაწილე იმისა, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა. მან არჩევნებში გაყალბების გზით მოახდინა არჩევნების უზურპირება და გარნირად, ამ პროცესის „გასაპრავებლად“ ოპოზიცია არ უნდა შევიდეს...

ჩვენ უნდა მივაღწიოთ ერთად ახალ არჩევნებს და შემდეგ ახალი არჩევნების მოსამზადებლად რა კონსენსუსი წავა, რა კონსენსუსი იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია...

ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით - ასეთ შემთხვევაში ასეთ პარლამენტში შესვლა არცერთ შემთხვევაში არ არის საჭირო. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ხელახალ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გუგავამ.

ხელისუფლებისთვის გამიზნული წერილობითი შეთავაზება, რომელიც ოპოზიციონერებმა 4 დეკემბერს, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე მიიტანეს, წინა დღით „ლელოს“ ოფისში შემუშავდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ლეიბორისტული პარტიაც.

თუკი ამ შეხვედრის მონაწილეთა შეფასებებს დავეყრდნობით, შეთავაზების პუნქტების შემუშავება იოლი არ იყო, ყველას კომპრომისს მოითხოვდა და პროცესმა მწვავე კამათის ფონზე ჩაიარა.

რა წერია ასეთი ამ შეთავაზებაში?

მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, ოპოზიციონერი ლიდერები დეტალებზე არც ამჯერად საუბრობენ. ითქვა მხოლოდ ის, რომ ხელისუფლებისთვის გაგზავნილი გეგმა ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ისახავს მიზნად და ეს გეგმა შესაბამისობაშია მთავარ პრინციპებთან, რომლებსაც აქამდეც აყალიბებდა ოპოზიცია.

ერთი რამ დანამდვილებით არის ცნობილი - ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ისევ კატეგორიულად ითხოვს. კატეგორიული ტონი შედარებით შერბილებულია პარლამენტში არშესვლის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ბოიკოტის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

4 დეკემბერს, ვიდრე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კი, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ასე ჩამოაყალიბა - „თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე“.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, პარტიამ შესაძლოა გადახედოს მანდატებზე უარის თქმის საკითხს.

ამაზევე მანიშნებს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერების მიერ გაკეთებული კომენტარებიც:

  • „ჩვენი პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით არის უცვლელი, რადგან არაფერი ისეთი, რაც ჩვენ ამ პოზიციას შეგვაცვლევინებდა, „ქართული ოცნებისგან“ არ მოსულა“ - „ქართული ოცნებიდან“ იყო შემოთვლილი წინადადებები - ძალიან ბუნდოვანი და არასრულყოფილი სახით... მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ოპოზიციის პოზიციებს შეცვლიდა, არაფერი ისეთი არ მოსულა“ - დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო“.
  • „დღეს ჩვენ მოვიტანეთ და გადავეცით შეჯერებული წინადადებათა პაკეტი. ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა - ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ არის ასევე უამრავი სხვა საკითხი ამ პაკეტში ... თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი, ცესკოს შემადგენლობა და კიდევ უამრავი ტექნიკური საკითხია, ბუნებრივია - მოლაპარაკება ვერ შედგება“ - მამუკა ხაზარაძე, „ლელო“.

შედარებით ადრე, ოპოზიციური პარტიების ერთიანი პოზიცია იყო და ეს ყოველ ჯერზე ფიქსირდებოდა, რომ ისინი არც ახალი არჩევნების შემთხვევაში შევიდოდნენ პარლამენტში, ხოლო საარჩევნო რეფორმაზე და ცესკოს შემადგენლობის შეცვლაზე გარედან იმუშავებდნენ.

ასევე იყო ერთი ვერსია - რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მე-9 მოწვევის პარლამენტს ეზრუნა, მაგრამ ეს ვარიანტი სრულად შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და პირველი სხდომა 20 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.

ოპოზიცია ჯერჯერობით არ ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ რა გარანტიები გაამყარებს „ქართული ოცნების“ დაპირებას ვადამდელი არჩევნების შესახებ, ასეთის დადების შემთხვევაში. სავარაუდოდ, ასეთი მექანიზმები 4 დეკემბერს გაგზავნილ შეთავაზებათა პაკეტში უნდა იყოს ჩადებული.

ანალიტიკოსების დიდი ნაწილისთვის ცხადია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ბოიკოტის იდეას არ ემხრობიან და მათი ძირითადი მესიჯები სწორედ მე-10 მოწვევის პარლამენტის ამოქმედებასა და ქუჩის პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადატანას გულისხმობს.

„ქართული ოცნება“ კი ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს.

4 დეკემბერს პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ გაიმეორა, რომ ვადამდელი არჩევნები - წითელი ხაზია, ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ოპოზიცია მაინც შევა პარლამენტში:

  • „შეუძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უღალატოს თავის ამომრჩეველს და ჩვენი მილიონამდე ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას ნაბიჯი მოლაპარაკების დროს... ამიტომ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს“;
  • „ვფიქრობ, რომ არ იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული - ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციაში გაიმარჯვებს საღი აზრი, ისინი პარლამენტშიც შემოვლენ, გარკვეული შეთანხმებაც შედგება და ყველასი - ჩვენი და ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება საერთო, კომპრომისული და არა რომელიმე პარტიის, არამედ - ქვეყნის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან იქნება გამომდინარე“.

მდინარაძის თქმით, მოლაპარაკებათა მაგიდაზე ბევრი წინადადება დევს, მაგრამ დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობდეს პლებისციტის ჩატარებას ვადამდელი არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების გამოსავლენად. ამ ვერსიას ანალიტიკოსების ნაწილი ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს - რადგან პანდემიის პირობებში პრობლემა იქნება ხალხის მობილიზება.

ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადებებიდან კი, ლაპარაკია იმის შესახებ, რომ შეიცვალოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირობები და საარჩევნო გარემო. თუმცა შექმნილი კრიზისის ფონზე ამგვარი წინადადების განხილვას ოპოზიციაში არარელევანტურად მიიჩნევენ.

4 დეკემბერს, ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრის წინ გავრცელდა ბევრისთვის მოულოდნელი ინფორმაცია - „გირჩის“ რიგებში არსებული განხეთქილების შესახებ.

მამუკა მდინარაძემ, ზოგიერთი ანალიტიკოსის მსგავსად, ეს საკითხი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს დაუკავშირა.

რადიო თავისუფლებას „გირჩში“ უთხრეს, რომ - პარლამენტის ბოიკოტთან ამ თემას არავითარი კავშირი არა აქვს. ოდნავ მოგვიანებით, პარტიაში მიმდინარე მოვლენების პარლამენტთან კავშირი უარყო ელჩებთან შეხვედრიდან გამოსულმა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG