Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რესპუბლიკელები" ოპონენტების დევნის გაგრძელებად მიიჩნევენ „ოცნების" ახალ კანონპროექტს 


თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე.
თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია უარყოფითად აფასებს „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის გაუქმებას. „რესპუბლიკელების" შეფასებით, არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელება.

„ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ კანონპროექტის მიზანია იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რომლებიც ეწევიან საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟს, რაც ადასტურებს იმას, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს და მას არ ექნება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ლეგიტიმაცია.

შესაბამისად, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილი „ქართული ოცნება” ნაცვლად კომპრომისების ძიებისა, აგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით, ამჯერად კანონმდებლობის ცვლილების გზით.

პოლიტიკური თვითნებობის, დევნის და უკანონობის მკაფიო დადასტურებაა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გაჟღერებული გეგმა, მისი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე", - ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში.

ოპოზიციურ პარტიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე (პოლიტიკური პარტიების თავისუფლება) და მე-11 მუხლს (თანასწორობის უფლება). საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება შექმნან და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რომელსაც თვითონვე აფინანსებენ, როგორც შემოწირულობის, ასევე საბიუჯეტო დაფინანსების სახით, მათ მიერ მიცემული ხმების შესაბამისად (საქართველოს კანონი “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მუხლი 30).

როგორც პარტია განმარტავს, „დემოკრატიული პროცესი არ გულისხმობს პოლიტიკური პარტიების მხოლოდ პარლამენტში საქმიანობას და აღნიშნული საკითხის ასე ვიწროდ განმარტება მიზნად ისახავს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დევნას და არა რეალური დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის, ამომრჩეველთა მოთხოვნის საფუძველზე, არჩევნების გაყალბების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის კანონიერ პროცესს".

„რესპუბლიკური პარტია" მოუწოდებს „ქართულ ოცნებას”, უარი თქვას წარმოდგენილ ინიციატივაზე, უარი თქვას არსებული პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რადგან მისი, როგორც სახელისუფლებო პარტიის, ვალდებულებაა და ტვირთია მონახოს კომპრომისი საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც არ არის მისი პოლიტიკური გულშემატკივარი, მაგრამ სურს საქართველოს წინსვლა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ, 16 დეკემბერს, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული.

ირაკლი კობახიძის თანახმად, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG