Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი: ნეტავ მეც მქონდეს ჩემი ჭორვილა!


“ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!” — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის 11 იანვარს ტელეკომპანია პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძის თქმით, თუ ადამიანს რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში არ აცხოვრებდა. ბურჯანაძისვე თქმით, ივანიშვილის ქონება არის თაღლითურად ნაშოვნი და მისი ერთადერთი დაცვა ჭორვილაში ყოფნა იყო:

"ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას კითხვა არ უნდა გაჩენოდა ეს კაცი მილიარდები რომ აქვს , რატომ ზის 15 წელი ჭორვილაში? ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება არის ნაშოვნი თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ბევრი ადამიანის გადაგდებით. ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის... ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა.

თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელიც თავისი ნებით, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და ახლა მთელი საქართველო გაიხადა დაცვად. მისი ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ერთადერთი გარანტია მისი ქონების დაცვის"- თქვა ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწვეტილების გასაჯაროების შესახებ.

პრეზიდენტი აუცილებლობად მიიჩნევს, პასუხი გასცეს მსგავს "შეურაცხმყოფელ" განცხადებას:

“ჭორვილა თუ არა ჭორვილა!
პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა “ლიდერების” განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არათუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
თურმე “ფსიქიკურად” შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ, ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.
სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით, თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით, ჩვენი წინაპრები როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.
ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!”,
— დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძის პასუხად 12 იანვარს ფეისბუქის პირად გვერდზე.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს. ამავე დღეს მან Entrepreneur-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი აქტივების დიდი უმრავლესობის საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადასცა და მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დარჩა.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG